Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გავანადგურებ რობს, კალუგელ კაცს, სერჟს და გაგოს“ - ფაშინიანი ოპოზიციონერებზე მოქალაქესთან დაპირისპირებისას

ფაშინიანი მოქალაქესთან დაპირისპირებისას ოპოზიციონერების „განადგურებით“ იმუქრება.
ფაშინიანი მოქალაქესთან დაპირისპირებისას ოპოზიციონერების „განადგურებით“ იმუქრება.

18 მაისს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ერევანში, არაბკირის რაიონში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ერთ-ერთი მოქალაქე დაუპირისპირდა. ვითარება დაიძაბა.

ნიკოლ ფაშინიანთან მივიდა შუა ხნის ქალი, სავარაუდოდ, წარმოშობით ყარაბაღიდან, და უთხრა:

„შენ ჩემი სამშობლო მოიპარე, მთელი თაობა გაანადგურე, ჩემი ძმა, ჩემი სიხარული მომპარე, ჩვენი განადგურება სცადე, მაგრამ ვერ გაგვანადგურე“.

ფაშინიანმა უპასუხა: „ჩვენ შევქმენით ჯანმრთელობის დაზღვევა, ჩვენ შევქმენით სახელმწიფო“, - თუმცა მოქალაქემ კვლავ გააწყვეტინა: „თქვენ ჩვენი გაცურება სცადეთ“.

„გავანადგურებ“

დაპირისპირება გაგრძელდა. ფაშინიანმა ჩამოთვალა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი „განადგურებით“ დაიმუქრა:

„თუ რობზე მელაპარაკებით, მე გავანადგურებ რობს, რობი ციხეში ჩაჯდება, გავანადგურებ რობს, გავანადგურებ კალუგელ კაცს, გავანადგურებ სერჟსაც და გაგოსაც“, - თქვა მან. ის გულისხმობდა:

  • „რობი“ - ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი;
  • „კალუგელი კაცი“ - შინაპატიმრობაში მყოფი სომეხი-რუსი მილიარდერი სამველ კარაპეტიანი. ფაშინიანი მას ხშირად უწოდებს „კალუგელ ოლიგარქს“ უწოდებს (კალუგა არის ქალაქი რუსეთში, სადაც კარაპეტიანი წლების განმავლობაში მუშაობდა);
  • „სერჟი“ - ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი;
  • „გაგო“ - ოპოზიციონერი მილიონერი ბიზნესმენი გაგიკ წარუკიანი.

„მარიონეტებო“

უცნობმა ქალმა ფაშინიანი „ქვეყნის განადგურებაში“ დაადანაშაულა, რასაც პრემიერმა ასე უპასუხა:

„ქვეყანა თქვენ გაანადგურეთ, ყარაბაღის აქცენტით შენიღბულმა ხალხმა, რომლებიც ავრცელებთ ვიდეოებს... თქვენ ხართ გამოქცეული მარიონეტები! ჩამოიხსენით ნიღბები! თქვე მშიშარებო, ბრძოლის ველიდან რომ გაიქეცით... ჩამოიხსენით ნიღბები რობის მარიონეტებო, სერჟის მარიონეტებო, გაგოს მარიონეტებო“!

  • 7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული;
  • არჩევნებამდე მრავალი თვით ადრე ფაშინიანმა ქვეყნის მასშტაბით ტურნე დაიწყო; მცირე ხნის წინ დაიწყო საარჩევნო კამპანიაც;
  • კამპანიის ფარგლებში, იგი არიგებს სომხეთის რუკის მინიატიურულ მოდელებს, რუკის ფორმის გულსაბნევებს რომელიც ასახავს სომხეთის ტერიტორიას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მთიანი ყარაბაღის გარეშე; „ნამდვილ სომხეთს“, - როგორც ამას ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკური კონცეფცია ითვალისწინებს;
  • ფაშინიანს უკვე არაერთხელ დაუპირისპირდნენ მოქალაქეები. ერთ-ერთ ეპიზოდში გაცხარების შემდეგ, 23 მარტს ფაშინიანმა ბოდიში მოიხადა - ის ასევე ყარაბაღიდან დევნილ ქალს დაუპირისპირდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG