ევროკავშირთან სომხეთის დაახლოებით უკმაყოფილო მოსკოვი ერევანს აფრთხილებს, რომ მისი ნაბიჯები რუსეთ-სომხეთის „სამოკავშირეო ურთიერთობების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება“ და მათი „სისტემური ცვლილებების რისკის შემცველია“.
სომხეთის შესახებ ეს და სხვა განცხადებები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა 20 მაისს გვიან საღამოს გააკეთა მოსკოვში, რუსეთის უშიშროების საბჭოს სპეციალური სამუშაო ჯგუფის სხდომის შემდეგ. რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ამ სხდომაზე „ახლო საზღვარგარეთის“ ქვეყნებთან ურთიერთობების საკითხებს განიხილავდნენ.
კრემლის პოზიცია, რომ სომხეთი ვერ იქნება ერთდროულად ევრაზიის ეკონომიკური კავშირის და ევროკავშირის წევრი, 20 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას გალუზინმაც გაიმეორა:
„ერთდროულად ორ კავშირში ყოფნა შეუძლებელია... ერთდროულად ორ ქორწილში ცეკვა სომხეთს არ გამოუვა“.
რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით შექმნილი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრები 2015 წლიდან არიან სომხეთი, რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.
- სომხეთმა, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის მოკავშირედ ითვლებოდა, ნიკოლ ფაშინიანის პრემიერობის პერიოდში, ყარაბაღის მეორე ომის(2020წ.) შემდეგ, მოსკოვისგან დაშორების და დასავლეთთან დაახლოების კურსი აირჩია.
- 2026 წლის 5 მაისს ერევანში გაიმართა სომხეთისა და ევროკავშირის პირველი სამიტი.
ასევე ნახეთ
ფაშინიანმა უარით გაისტუმრა პუტინის ინიციატივა სომხეთში რეფერენდუმზე და ტერმინი „განქორწინება“ დაიწუნა2026 წლის 7 ივნისს სომხეთში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიის დარჩენის საკითხი. ევროკავშირი შიშობს, რომ რუსეთი სომხეთის არჩევნებში ჩაერევა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა 20 მაისს მოსკოვში ჟურნალისტებთან საუბრისას სომეხ ხალხს უწოდა „მეგობარი ხალხი“, რომელსაც „რუსეთი ყოველთვის ეხმარებოდა“ და იმედი გამოთქვა, რომ „მშფოთვარე წინასაარჩევნო ვითარებაში“ სომხეთის მოქალაქეები არ დაუშვებენ „ქვეყნის ჩათრევას რუსეთთან კონფრონტაციაში“.
ამასთან, გალუზინი ირწმუნება, რომ რუსეთი არ ერევა სომხეთის შიდა საქმეებში.
ასევე ნახეთ
ევროკავშირმა სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან გასამკლავებლად შექმნა ახალი სამოქალაქო მისიასომხეთ-ევროკავშირის პირველი სამიტიდან რამდენიმე დღეში, 9 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ერევანმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა განსაზღვროს ევროკავშირის წევრობა სურს თუ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის, „ლოგიკური იქნებოდა“ სომხეთში რეფერენდუმის ჩატარება და ამის შესაბამისად გამოიტანდნენ დასკვნებს „რბილი, ინტელიგენტური განქორწინების" შესახებ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პასუხი იყო, რომ რეფერენდუმის აუცილებლობა ამჟამად არ არსებობს, სომხეთი სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს „ქორწინებაში“ არ ურევს და სანამ სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სრულფასოვანი წევრია, სრულად მონაწილეობს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას არ მიიღებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ლიდერთა სხდომაში, რომელიც მაისის ბოლოს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაშია დაგეგმილი. ნიკოლ ფაშინიანმა მიზეზად დაასახელა სომხეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანია.
რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსეი ოვერჩუკის ინფორმაციით, ასტანის სამიტზე განხილული იქნება ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთის სტატუსი.
ოვერჩუკის განცხადებას გაუგებარი უწოდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა. მან 20 მაისს რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე სომხეთის დღის წესრიგში არ არის ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლა, გაერთიანების სხვა წევრები კი სომხეთს ამ კავშირს ვერ დაატოვებინებენ.