სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ნახეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი ხაშურში აღმოაჩინეს.

23 მაისს, ხაშურში, “საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით” გარდაცვლილი იპოვეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პროკურატურის თანახმად, „მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები”.

გარდაცვლილის ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება.

"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ანტიკორუფციული სააგენტოს გამორჩეული, ღირსეული და პროფესიონალი თანამშრომლის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს. მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის და ჩვენი სამსახურისთვის", - აცხადებენ სუსში.

რადიო თავისუფლება დეტალების დადგენას ცდილობს.

ასევე ნახეთ

სუსი: უწყებასთან ნანახი გარდაცვლილი კაცი ჩვენი თანამშრომელი იყო

2026 წლის იანვარში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს კიდევ ერთი თანამშრომლის ცხედარი თბილისში, სუსის შენობასთან - Hyundai Tucson-ის მარკის ავტომობილში ნახეს.

"ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს დილით საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა", - წერდა პროკურატურა იანვარში.

მოგვიანებით სუსმა დამატებით გავრცელებულ განცხადებაში დაასახელა დაღუპული თანამშრომლის სახელი და გვარი: სიმონ წაქაძე. ის უწყებაში 2015 წლიდან მუშაობდა და ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორი იყო.