Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსი: უწყებასთან ნანახი გარდაცვლილი კაცი ჩვენი თანამშრომელი იყო


ადგილზე საგამოძიები სამუშაოები მიმდინარეობს
ადგილზე საგამოძიები სამუშაოები მიმდინარეობს

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს იმ თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომლის ცხედარიც სუსის შენობასთან, Hyundai Tucson-ის მარკის ავტომობილში ნახეს.

პროკურატურის თანახმად, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს დილით საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იქნა ნანახი. მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რადიო თავისუფლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში განაცხადეს, რომ გარდაცვლილი "იყო ანტიკორუფციული სააგენტოს ძალიან გამოცდილი და ღირსეული თანამშრომელი, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა".

"რაც შეგვიძლია გითხრათ, არის ის, რომ რამდენიმე თვის წინ საზღვარგარეთ გაიკეთა ბარიატრიული ოპერაცია, დაიკლო ათეულობით კილოგრამი, ამის გამო ჰქონდა ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებიც. რაც იკვეთება ახლა და ვიცით თანამშრომლებისგან - ის ადრე მოვიდა დილით სამსახურში, როგორც ჩანს, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით, ავტომანქანის გვერდით სავარძელზე დატოვა წერილი. ეს არის მხოლოდ პირველადი მონაცემები, რაც ჩვენთვის ცნობილია. სხვა დეტალებს გამოძიება დაადგენს", - უთხრეს რადიო თავისუფლებას სუსში.

რადიო თავისუფლება ცდილობს მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გარკვევას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG