ტრამპი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევამდე შეინარჩუნებს ირანის პორტების ბლოკადას

დონალდ ტრამპი. ვაშინგტონი, 8 მაისი, 2026.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები „მწყობრად და კონსტრუქციულად“ მიდის, მაგრამ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე არ ის არ აპირებს ირანის პორტების ბლოკადის მოხსნას.

„ბლოკადა სრული სახით დარჩება და იმოქმედებს მანამდე, სანამ მიღწეული, დასრულებული და ხელმოწერილი არ იქნება შეთანხმება. არცერთმა მხარემ არ უნდა იჩქაროს და ყველაფერი სწორად უნდა გააკეთონ. შეცდომები დაუშვებელია!“ - დაწერა ტრამპმა კვირას, 24 მაისს, თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

იმავე პოსტში მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონისა და თეირანის ურთიერთობები „ბევრად უფრო პროფესიონალური და პროდუქტიული“ ხდება. „მაგრამ მათ უნდა გაიგონ, რომ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ან ბომბის შექმნა ან მოპოვება,“ დასძინა მან.

ამავე დროს მან მადლობა გადაუხადა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს აშშ-სთან თანამშრომლობისთვის. ტრამპის თქმით, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გამყარდება და გაძლიერდება ისრაელთან მათი ურთიერთობების მოგვარების შემდეგ. „და ვინ იცის, იქნებ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამაც მოისურვოს ამაში მონაწილეობა!“ - შეაჯამა ტრამპმა.

როგორც მან 23 მაისს და წერა სოცქსელში, ირანთან შეთანხმება „მნიშვნელოვანწილად“ შეთანხმებულია. როგორც პორტალ Axios-ისთვის გახდა ცნობილი, მემორანდუმის პროექტი ითვალისწინებს ზავის გაგრძელებას 60 დღით. ამ პერიოდში ჰორმუზის სრუტე გახსნილი უნდა იყოს ხომალდების მიმოსვლისთვის ისე, რომ მათ ამისთვის არ გადაიხადონ გადასახადი, ირანი კი ვალდებულებას კისრულობს, ნაღმებისგან გაწმინდოს სრუტე. ამის საპასუხოდ აშშ მოხსნის ირანის პორტების ბლოკადას და სანქციებიდან გამონაკლისებს დაუშვებს, რათა ირანმა საკუთარი ნავთობის ექსპორტირება შეძლოს. მემორანდუმის პროექტის თანახმად, ირანი ასევე იკისრებს ვალდებულებას, არასოდეს არ შეეცადოს ბირთვული იარაღის შექმნას და შეწყვეტს ურანის გამდიდრების პროგრამას, მაღალგამდიდრებული ურანის არსებულ მარაგს კი ქვეყნიდან გაიტანენ. ამ 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში აშშ მზად იქნება ირანთან მოლაპარაკებები აწარმოოს სანქციების გაუქმებისა და ირანის აქტივების განბლოკვის თაობაზე.

Axios-ის თანახმად, ყველა შეთანხმებული ნაბიჯის რეალიზაცია მოხდება საბოლოო შეთანხმების ფარგლებში. მემორანდუმის პროექტი ითვალისწინებს ასევე ლიბანში ომის შეწყვეტას ისრაელსა და რადიკალურ დაჯგუფება ჰეზბოლას შორის, რომელსაც ირანი უჭერს მხარს.

ასევე ნახეთ

Axios-მა აშშ-სა და ირანს შორის მოსალოდნელი შეთანხმების დეტალები გაასაჯაროვა