უკრაინის დედაქალაქ კიევში გრძელდება რუსეთის მასირებული შეტევით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია.
რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქს დრონებით და რაკეტებით 23-დან 24 მაისის ღამით დაარტყეს. კიევის შევჩენკოს რაიონში 5-სართულიანი სახლის ნაწილის ნგრევის შედეგად ორი ქალი დაიღუპა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ 25 მაისს დილით გამოქვეყნებული განახლებული მონაცემებით, კიევზე დარტყმის შედეგად დაშავებულია 87 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. წინა საღამოს ცნობილი იყო, რომ დედაქალაქში დაშავდა სულ მცირე 78 ადამიანი.
მასშტაბური ნგრევა კიევში
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, კიევში სამოქალაქო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა დაზიანებულია 49 ადგილზე.
რუსული რაკეტებითა და დრონებით მასირებული შეტევის შედეგად დანგრეული და დაზიანებულია სახლები, სასწავლო დაწესებულებები, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა, მუზეუმები, თეატრი, ფილარმონია, ეკლესიები და არქიტექტურული ძეგლები.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, დაზიანებულ სახლებს შორისაა გრუშევსკის ქუჩაზე მდებარე სახლი, სადაც ბინა აქვს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ ადგილებისა და დაზიანებების რაოდენობით, რუსეთმა კიევზე ომს დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური შეტევა მიიტანა.
24 მაისს კიევზე რუსული რაკეტებითა და დრონებით მასირებული შეტევის შედეგად დანგრეული მუზეუმი „ჩერნობილი“
მსხვერპლი და ნგრევა კიევის ოლქში
24 მაისს მასირებული დარტყმის ქვეშ იყო კიევის ოლქიც, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.
კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, დაინგრა და დაზიანდა 110 ობიექტი, მათ შორის 49 კერძო და 9 მრავალბინიანი სახლი, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და საწარმოები.
კიევის ოლქში განსაკუთრებით დაზარალდნენ ბუჩის, ფასტოვის და ვიშგოროდის რაიონები.
რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევის შედეგად განადგურებული შენობა კიევის ოლქში. 2026 წლის 24 მაისი
700-მდე დრონი და რაკეტა, მათ შორის „ორეშნიკი“
უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, 24 მაისს რუსეთის ჯარებმა უკრაინას, ძირითადად, კიევს შეუტიეს 600 უპილოტო საფრენი აპარატით და 90 ბალისტიკური, აერობალისტიკური და გემსაწინააღმდეგო რაკეტით. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 55 რაკეტა და 549 დრონი მოიგერია.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რაკეტებს შორის იყო „ორეშნიკი“, რომელიც რუსეთის ჯარებმა კიევის ოლქზე დარტყმისას გამოიყენეს.
„ორეშნიკი“ გრუნტის მოძრავი სარაკეტო კომპლექსია ამავე სახელწოდების საშუალო მანძილზე მოქმედების ბალისტიკური რაკეტით. სახელი „ორეშნიკი“ პრეზიდენტმა პუტინმა პირველად წარმოთქვა 2024 წლის 21 ნოემბერს უკრაინის ქალაქ დნეპრზე ამ რაკეტით დარტყმის შემდეგ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 მაისს განაცხადა, რომ „ორეშნიკით“ და სხვა ტიპის რაკეტებითა და დრონებით კიევზე და კიევის ოლქზე მასირებული შეტევა იყო პასუხი რუსეთის სამოქალაქო ობიექტებზე უკრაინის „ტერორისტულ შეტევებზე“, მხოლოდ სამხედრო დანიშნულების ობიექტებს დაარტყეს და „სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე არანაირი დარტყმები არ დაგეგმილა და არ განხორციელებულა“.
კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის გამო უკრაინამ გაეროს უსაფრთხოების საბჭოსა და ეუთოს საგანგებო სხდომების მოწვევა მოითხოვა.