ნატოს ხუთმა წევრმა უარყო უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების იდეა - მედია

ნატოს წევრი სახელმწიფოების დროშები ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინასთან

უარყოფილია ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რიუტეს მიერ წარდგენილი წინადადება, რომ ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის 0,25% მიმართონ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გასაწევად.

ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის ინფორმაციით, ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ესპანეთმა, იტალიამ და კანადამ.

  • 22 მაისს შვედეთში ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიას აცნობა, რომ გენერალური მდივანი წარადგენდა ესტონეთის ინიციატივას მთლიანი შიდა პროდუქტის 0,25%-ით უკრაინის დახმარების შესახებ.

მარკ რიუტემ, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ წინადადებას საბოლოოდ მიიღებდნენ 2026 წლის ივლისში, ანკარაში ნატოს სამიტზე, ჟურნალისტებთან საუბრისას აღიარა, რომ არასაკმარისი მხარდაჭერის გამო ეს გეგმა შეთავაზებული არ იქნება. ნატოს გენერალურ მდივანს მოწინააღმდეგეები არ დაუკონკრეტებია. გადაწყვეტილების მიღებას სრული კონსენსუსი სჭირდებოდა.

The Telegraph-ის წყაროთა თანახმად, რიუტეს წინადადებას მხარს უჭერდა ნატოს სულ მცირე შვიდი წევრი, რომლებიც უკრაინისთვის დახმარების გასაწევად უკვე ხარჯავენ მთლიანი შიდა პროდუქტის 0,25%-ს.

  • ეკონომიკური კვლევებისა და ანალიზის ცენტრის, კილის ინსტიტუტის მონაცემებით, ნიდერლანდი, პოლონეთი და ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნები არიან იმ სახელმწიფოებს შორის, რომელთა მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,25%-ია მათ მიერ უკრაინისთვის გაწეული ფინანსური დახმარება.

ასევე ნახეთ

ბრიტანეთმა სანქციები მოუხსნა რუსული ნავთობისგან წარმოებულ ორ პროდუქტს

როგორც The Telegraph-ი წერს, დიდი ბრიტანეთის უარი ორმაგი დარტყმაა მისი, როგორც უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირის ავტორიტეტზე.

მაისში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მოხსნა აკრძალვა რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების - დიზელის და საავიაციო საწვავების იმპორტზე.

დიდი ბრიტანეთი აშშ-ისა და გერმანიის შემდეგ მესამე ადგილზეა რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის გასული ოთხი წლის განმავლობაში გაწეული ფინანსური დახმარებით, თუმცა ეს ხარჯი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 0,1%-ია.

ასევე ნახეთ

87 დაშავებული კიევში - უკრაინამ განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა