20 მაისიდან დიდ ბრიტანეთში ისევ შესაძლებელია რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების - დიზელის და საავიაციო საწვავების იმპორტი.
ლონდონმა სანქციები მოუხსნა რუსული ნედლი ნავთობის იმ პროდუქტებს, რომლებიც მესამე ქვეყნებშია გადამუშავებული. დიდი ბრიტანეთის მიერ გაცემულ ლიცენზიას მოქმედების ვადა არ აქვს და მას მთავრობა პერიოდულად გადახედავს.
გარდა ამისა, ლონდონმა გასცა ლიცენზია რუსული წარმოების გათხევადებული ბუნებრივი გაზის საზღვაო გზით ტრანსპორტირებისთვის 2027 წლის 1 იანვრამდე
უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სხვა სანქციები ისევ ძალაშია.
- დიდმა ბრიტანეთმა რუსული საწვავის, მათ შორის მესამე ქვეყნებში გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი აკრძალა 2022 წლიდან, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ლონდონმა სანქციების შემსუბუქება გადაწყვიტა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციისა და ნავთობისა და გათხევადებული გაზის ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის დაბლოკვის შედეგად ბაზარზე შექმნილი რთული ვითარების გამო. ჰორმუზის სრუტის დაბლოკვამ მსოფლიოში მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, დიდ ბრიტანეთში საწვავის გაძვირებამ გააძლიერა ზეწოლა მთავრობაზე, რომელიც ფასების ზრდის და ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემის მოგვარებას ცდილობს.
ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისა და ჰორმუზის სრუტის დაბლოკვით შექმნილი ვითარების გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 18 მაისს კიდევ 30 დღით გაახანგრძლივა საზღვაო გზით რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის ლიცენზია. დროებით შეჩერებული ეს სანქციაც უკრაინაში ომის გამოა დაწესებული.
სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, ირანთან აშშ-ისრაელის კონფლიქტისა და ნავთობის გაძვირების ფონზე, რუსეთის მიერ ნავთობპროდუქტების ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა მაქსიმუმს მიაღწია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. 3 მაისამდე პერიოდში რუსეთი კვირაში იღებდა საშუალოდ 2,42 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალს.
ფორუმი