"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩინურ-სინგაპურულ კორპორაციასთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით დაწყებული მოლაპარაკებების დასრულება 2026 წლის ბოლოს არ უნდა გადასცდეს და ამ დროისთვის უნდა დასრულდეს საქართველოს მთავრობასა და კონსორციუმს შორის საინვესტიციო შეთანხმებაზე მუშაობა.
- 2024 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი CCCC ჩაიბარებს - ამ დროის მონაცემებით, ხელშეკრულება ჯერ არ დადებულა და მხარეთა შორის პროექტის დეტალურ საინვესტიციო შეთანხმებაზე მიმდინარეობს მუშაობა.
როგორც დღეს, 25 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის პასუხად განაცხადა ირაკლი კობახიძემ, უახლოეს თვეებში უნდა გაირკვეს, თანამშრომლობის რა მოდელით წარიმართება მხარეთა შორის ურთიერთობები.
"ეს მოლაპარაკებები გრძელდება, ამ ეტაპზე არ იგეგმება რაიმე ახალი პროცესის დაწყება, ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტის განხორციელება ისედაც გრძელდება, ჩვენ გვაქვს გარკვეულ ეტაპამდე იმის საშუალება, რომ ხელოვნურად არ დავაჩქაროთ პროცესები. თუმცა რაღაც ეტაპზე შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. ვნახოთ, ვფიქრობ, წლის ბოლოს არ უნდა გადასცეს ეს ყველაფერი. ძალიან მალე, უახლოეს თვეებში უნდა იქნეს მიღებული ეს გადაწყვეტილება თანამშრომლობის გაგრძელების კონკრეტულ მოდელთან დაკავშირებით. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისივე სიტყვებით, "2029 წლისთვის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური". კობახიძის თანახმად, პარალელურად მუშაობენ გზაზე, რკინიგზაზეც და "სათანადო ვადებში ყველაფერი იქნება განხორციელებული".
ასევე ნახეთ
ეკონომიკის სამინისტრო: სახ. დეპარტამენტის წარმომადგენელს ანაკლიის პორტის პროექტი გავაცანითანაკლიის პორტი აშშ-ს ფოკუსში
მარტში ანაკლიის პორტის პროექტი გააცნეს საქართველოში მყოფ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლის.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან შეხვედრას ესწრებოდნენ შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“, სს „საქართველოს რკინიგზისა“ და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელები. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საკვანძო პროექტია, რკინიგზა კი „შუა დერეფნის კრიტიკული რგოლი“.
ანდრეოლი 24-29 მაისსაც გამართავს შეხვედრებს საქართველოში.
ასევე ნახეთ
თბილისს ეწვია ამერიკული დელეგაცია, ერევანს ეწვევა მარკო რუბიოანაკლიის პორტის შესახებ
თავდაპირველი პროექტით, პირველი გემი ანაკლიის პორტს 2020 წელს უნდა მიეღო. სწორედ იმ წელს, როდესაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" 2016 წელს გაფორმებული შეთანხმება გაწყვიტა.
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" [ADC], რომელმაც საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება 2020 წელს დაკარგა, შედიოდნენ: „თიბისი ჰოლდინგ ანაკლია“ (საქართველო), Van Oord PPP International-ი (ნიდერლანდი),Wondernet Express-ი (ბრიტანეთი), შპს G-Star-ი (ბულგარეთი), Conti International-ი (აშშ) და ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი.
მაშინ ოფიციალურ მიზეზად მთავრობამ ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა. თავად კონსორციუმი კი სახელმწიფოს მხრიდან ხელის შეშლაზე ლაპარაკობდა. ამ საქმეზე სახელმწიფომ ორი საარბიტრაჟო დავა მოიგო.
- „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, სახელმწიფომ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკუთარი სახსრებით აშენების პირობა დადო. მთავრობის თანახმად, ინვესტორს პორტის მხოლოდ 49%-იანი წილი ექნება.
- 2024 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ჩაიბარებს - ამ დროის მონაცემებით, ხელშეკრულება ჯერ არ დადებულა.
- 2024 წლის 1 აგვისტოს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერში ბელგიურმა Jan De Nul-მა გაიმარჯვა.