გორში პოლიციელების მიერ ძალადობას სასულიერო პირები, მთავრობა და სამოქალაქო ორგანიზაციები აფასებენ

ფოტოკოლაჟი: კადრები ვიდეოდან

გორში ე.წ. კომბინატის დასახლებაში პოლიციელების მიერ, სავარაუდოდ, ორ ადამიანზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები. მომხდარი დაგმო სახალხო დამცველმა, "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა კი "აბსოლუტურად მიუღებელი" უწოდა.

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი (იარაჯული) სოციალურ ქსელში წერს, რომ "პოლიციელების მსგავსი ქმედებები საზოგადოებისთვის მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის. ეს არის მძიმე ფსიქოლოგიური და სოციალური ტრავმა, რომელიც სხეულზე მეტად ადამიანის შინაგან სამყაროს, ნდობასა და თავად საზოგადოების ცნობიერებას ამსხვრევს".

"ძალმომრეობისა და ჩაგვრის სივრცე ყველაზე მძიმედ სწორედ მაშინ ვლინდება, როდესაც საზოგადოება მხოლოდ ადამიანის ცემასა და გამეტებას კი არ უყურებს, იგი ხედავს, როგორ კარგავს ძალმომრეობით საკუთარი ადამიანური სახის ნაწილს ის, ვინც იდეაში ადამიანის უსაფრთხოებისა და დაცვის სახეს უნდა წარმოადგენდეს.

სწორედ ეს ტოვებს ყველაზე დამთრგუნველ კვალს: როდესაც ადამიანი ხედავს, როგორ იკრიბება მრავალი ერთის წინააღმდეგ, ბრმად აყოლილი ძალის, აგრესიისა და დაუსჯელობის ილუზიას. როდესაც ძალა, რომელსაც უსაფრთხოების განცდა უნდა მოეტანა, შიშისა და დაუცველობის წყაროდ გადაიქცევა", - წერს მთავარეპისკოპოსი ზენონი.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი კი წერს, რომ "როდესაც გქვია სამართალდამცველი, უნდა ემსახურო სამართალს და ადამიანს! როდესაც ათი კაცი ძალადობს ერთ ადამიანზე - არაფრით განსხვავდები ჩვეულებრივი კრიმინალისაგან!"

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, მან ნახა გავრცელებული კადრები და "აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და, რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება".

იურისტი, ლონდა თოლორაია, რომელმაც რამდენიმე წელი იმუშავა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში, დირექტორის პოზიციაზე და შემდეგ იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ინსპექტორი სოციალურ ქსელში წერს, რომ დანაშაულებრივი "საქმეების 99%, რომელზეც პოლიციელის მიმართ დევნა დაწყებულა (დიდი ბრძოლის შემდეგ), ზუსტად ასეთი საქმეები იყო - ვიღაცამ გადაიღო (ფოტო ან ვიდეო) ან ვიღაც მოკვდა".

"აუცილებელია ვინმეს სიკვდილი, რომ ასეთი პოლიციელი ქვეყანაში ისჯებოდეს? აუცილებლად ყველამ უნდა დავინახოთ ძალადობა, რომ ასეთი ქმედების ჩამდენი დაისაჯოს? უპირველეს ყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესში უნდა იყოს სამინისტროს ასეთი პოლიციელებისგან გაწმენდა და მათი სამაგალითო დასჯა. პირველი ეს უწყება უნდა ამბობდეს, რომ მე ასეთი პოლიციელი სისტემაში არ მინდა!" - წერს ლონდა თოლორაია.

"უმძიმესი სანახავია გორში საპოლიციო ძალადობის ამსახველი კადრები. ასე ხდება მაშინ, როდესაც პოლიციელების მხრიდან ადამიანების წამებისა და ცემის ფაქტებზე მართლმსაჯულების აღსრულება მხოლოდ ფასადურია", - ასე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, თამარ ონიანი სოციალურ ქსელში გორში მომხდარ ძალადობას.

„საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა საკითხს ცოტა უფრო სიღრმისეულად შევხედოთ. იმის გამო, რომ წლების განმავლობაში სისტემური პრობლემა სწორედ საპოლიციო ძალადობაზე პროკურატურის მხრიდან ფიქციური გამოძიებები იყო, არსებობდა მკაფიო მოწოდება, შექმნილიყო ცალკე, სპეციალიზებული საგამოძიებო სამსახური. ეს მოხდა 20-ზე მეტი საქმის წარმოების შედეგად სტრასბურგის სასამართლოში.

2025 წელს, როდესაც ეს სამსახური გაუქმდა, რა ინდიკატორი არსებობდა იმის დასამტკიცებლად, რომ მისი საჭიროება აღარ არსებობდა?!

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უპირველესი ფუნქცია არსშივე სწორედ საპოლიციო ძალადობასთან ბრძოლა იყო. მისი გაუქმებით დაუსჯელობის განცდა კიდევ უფრო გაძლიერდა.

ამიტომაც, როდესაც ჩვენ სტრასბურგის სასამართლოში მსგავს საქმეებს ვაწარმოებთ, ამ ინსტიტუციურ გაუარესებაზეც ვდავობთ". - წერს თამარ ონიანი.

სამართალდამცავთა მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ყველაზე გახმაურებული და მრავალი შემთხვევები უკავშირდებოდა 2024-25 წლებში პროდასავლური აქციების მონაწილე დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების ცემის ფაქტებს.

ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდების მიუხედავად, ხელისუფლებას ბოლო დრომდე არ ჰყავდა დაკავებული სავარაუდო დამნაშავეები.

"ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები შეკითხვებზე, გამოძიების მიმდინარეობის მიუხედავად, რატომ არ იყვნენ გამოვლენილი ძალადობაში მონაწილე სამართალდამცველები, იმეორებდნენ, რომ ამას მათი იდენტიფიცირების შეუძლებლობა ართულებდა.

მაისის დასაწყისში პროკურატურამ 2024 წლის პროდასავლური აქციების დროს დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილზე, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილსა და ჟურნალისტ გურამ როგავაზე ძალადობის ფაქტზე ხუთი ადამიანი დააკავა, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე შსს-ს დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი.

რა მოხდა გორში

ჯერჯერობით უცნობია რა გარემოებები უძღოდა წინ პოლიციელების მიერ 27 მაისს განხორციელებულ ძალადობას. იყო ეს დაკავების ოპერაცია, საგამოძიებო მოქმედებები და რა.

ცნობილი არის ის, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო "პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე".

სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. სასჯელის ზომად ითვალისწინებს პატიმრობას 5-დან 8-წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ასევე ნახეთ

გორში პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო