თურქული სატვირთო გემის ეკიპაჟის ორი წევრი დაიჭრა უკრაინის ოდესის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევისას.
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ 29 მაისს დილით გავრცელებული ცნობით, ვანუატუს დროშით მცურავ სატვირთო გემზე ANT, რომლის მფლობელი ქვეყანა თურქეთია, რუსული დრონით დარტყმა იყო.
გემზე, რომელიც ოდესის ოლქის ერთ-ერთი პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა, ხანძარი გაჩნდა.
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება სწრაფად მოხერხდა, ეკიპაჟის ორი დაჭრილი წევრი კი მაშველებმა კატერით წამოიყვანეს. ისინი საავადმყოფოში არიან.
თურქეთი ინციდენტს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
ასევე ნახეთ
უკრაინაზე შეტევისას რუსული დრონი რუმინეთში აღმოჩნდა და სახლს შეეჯახა28-დან 29 მაისის ღამით უკრაინის ოდესის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევისას რუსული დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა და ქალაქ გალაცში შეეჯახა მრავალბინიანი სახლის სახურავს.
სახლის ზედა სართულზე ხანძარი გაჩნდა. დაშავდა ორი ადამიანი.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, გალაცში სახლს შეეჯახა რუსული დრონი „გერანი 2“.
ბუქარესტმა მკაცრად დაგმო რუსეთის უპასუხისმგებლო ქმედებები, როგორც მორიგი გამოწვევა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მსგავსი ინციდენტები აჩვენებს, რომ რუსეთი პატივს არ სცემს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რუმინეთის მოქალაქეებს, არამედ ნატოს კოლექტიურ უსაფრთხოებასაც.