„ნუ გამოიყენებთ ჩემს მდგომარეობას თქვენს სასიკეთოდ“, - პოლიციელების მიერ ნაცემი კაცის სახელით მიმართვა ვრცელდება

ჟურნალისტების მიერ გადაღებული ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები, გორი, 27 მაისი, 2026 წელი

გორში, პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ძმა, გიგლა ლოცულაშვილი, ძმის სახელით ავრცელებს განცხადებას სოციალურ ქსელში და წერს, რომ „ძმის აზრს“ აზიარებს.

ამ პოსტის თანახმად, პაპუნა ლოცულაშვილი მიმართავს ადამიანებს, რომლებიც „ამბის სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ“, თუმცა, არ აკონკრეტებს, ვის გულისხმობს:

„მინდა მივმართო იმ ადამიანებს , ვინც ამ ამბით სათავისოდ გამოყენებას ცდილობს და ჩემი ამბით გამოჩენა უნდა ნუ გამოიყენებთ ჩემს მდგომარეობას თქვენს სასიკეთოდ სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩემს ნაცვლად აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებებს. გთხოვთ, ნურავინ ისაუბრებს ჩემს ნაცვლად და ეს ფაქტი რაც მოხდა მომავალშიც იქნება მაგალითი სხვებისთვის რომ დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც ასე მოიქცევა“, - წერია გიგლა ლოცულაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

პაპუნა ლოცულაშვილის სახელით გაზიარებული პოსტის პარალელურად, ასევე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ, რომელიც ნაცემი კაცის ინტერესებს იცავდა. წერს, რომ ის აღარ არის პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატი:

„დღეიდან მე აღარ ვარ პაპუნას ადვოკატი. აღნიშნული საქმის წარმოებას საქართველოს ბანკის იურისტი გააგრძელებს! მადლობა ჟურნალისტებს, მადლობა ჩემს კოლეგებს“.

ლაშა ტყეშელაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ ეტაპზე, დამატებით განმარტებას არ გააკეთებს.

გორში, მოქალაქის ცემის ფაქტზე 6 პოლიციელია დაკავებული. 29 მაისს, ექვსივე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება გამოაცხადა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გერმანე დადეშქელიანმა. მან გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით მიიღო.

ასევე ნახეთ

გორში მოქალაქის ცემაში ბრალდებულ 6-ივე პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

რა მოხდა გორში 27 მაისს

  • 27 მაისს პოლიციამ გორში პაპუნა ლოცულაშვილზე იძალადა;
  • თავდაპირველად პოლიციამ იგი დააკავა, ჟურნალისტების მიერ გადაღებული ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ კი პროკურორმა მისი იზოლატორიდან გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მის წინააღმდეგ საქმის წარმოება გრძელდება;
  • კაცს ედავებიან პოლიციელზე ძალადობას - მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით და შინაპატიმრობა, ჯარიმა ან ორიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება;
  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, 28 მაისს განაცხადა, რომ მოქალაქე საპოლიციო გადამოწმების მიზნით იყო შეჩერებული და ძალადობას წინ უსწრებდა მისი მხრიდან „აგრესიული ქმედება“ და „თავდასხმა“.
  • პოლიციელების წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობით ან იარაღის გამოყენებით;
  • გორში მომხდარი ძალადობის საქმეზე 28 მაისს ექვსი პოლიციელი დააკავეს. მათ 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ;
  • დაკავებული პოლიციელები არიან: ვლადიმერ გოდერძიშვილი, ვანიკო მისირელი, გიორგი (ზაკო) წკრიალაშვილი, ალექსი ბადალოვი, ბესო მალაციძე, საბა წაველიძე;
  • პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი 27 მაისს კლინიკა „ვივამედშიც“ იმყოფებოდა გამოკვლევებზე. მან სამედიცინო დაწესებულება რამდენიმე საათში დატოვა. პაპუნა ლოცულაშვილს ნეკნი აქვს გატეხილი;
  • ის 29 მაისს, გვიან ღამით, კვლავ მოხვდა კლინიკაში. როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ამბობს, მისი მდგომარეობა სტაბილურია;
  • სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს“;
  • „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის თქმით, მან ნახა გავრცელებული კადრები, „აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და, რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება“.