ანექსირებულ ყირიმში ბენზინის დეფიციტი გამოიწვია საწვავის მიწოდების მარშრუტებზე უკრაინის თავდაცვის ძალების დარტყმებმა. ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლება იძულებული გახდა ბენზინის „ტალონებით გაცემის“ წესი და ლიმიტი შემოეღო.
რუსეთის მიერ ყირიმის ე.წ. მეთაურად დანიშნული სერგეი აქსიონოვის ინფორმაციით, 31 მაისიდან АИ-95 მარკის ბენზინი მხოლოდ ტალონებით გაიცემა, ხოლო ის მძღოლები, რომლებიც АИ-92 მარკის ბენზინს იყენებენ, ერთ ავტომობილზე ოც ლიტრზე მეტს ვერ მიიღებენ.
აქსიონოვმა „სიტუაციის ნორმალიზების მოსალოდნელ ვადად“ 30 დღე დაასახელა და მოსახლეობას მოუწოდა, „სიმშვიდე შეინარჩუნოს“.
საწვავის დეფიციტის გამო ლიმიტი დააწესეს ანექსირებულ სევასტოპოლშიც, სადაც დღეში ოც ლიტრზე მეტი ბენზინი არ გაიცემა.
- ბოლო ხანს უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაააქტიურეს შეტევა რუსეთის მიერ „ნოვოროსიად" წოდებულ ავტომაგისტრალზე, რომელიც ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებს ყირიმთან აკავშირებს. ამ გზაზე უკრაინული დრონებით დარტყმების შესახებ, მათ შორის ბენზინმზიდებზე, რუსეთის წარმომადგენლები გასულ კვირაშიც იუწყებოდნენ.
ასევე ნახეთ
უკრაინის შეტევების შედეგად რუსეთის მსხვილმა ქარხნებმა ნავთობის გადამუშავება შეაჩერეს ან შეამცირეს - Reuters- უკრაინის თავდაცვის ძალები ლოგისტიკის მარშრუტების გარდა ხშირად უტევენ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საზღვაო ტერმინალებს.
- ანექსირებულ ყირიმში ბენზინის გაცემა ლიმიტირებული იყო 2025 წლის შემოდგომაზეც.