„ის დიდი ფეხბურთელია, რომელიც თავის საუკეთესო თამაშს ყველაზე დიდ სცენაზე თამაშობს ხოლმე - არ ყოფილა არცერთი თამაში, რომელშიც ის თავისი გუნდისთვის გადამწყვეტი არ ყოფილიყო“, - ასე აფასებს ხვიჩა კვარაცხელიას სეზონს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ფრანგი სპორტული ჟურნალისტი, გავლენიანი გამოცემა La Tribune Dimanche-ის სპორტული მიმომხილველი მიქაელ კარონი.
პარიზში ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლას თავიდან ბევრი სკეპტიკურად შეხვდა, თუმცა რამდენიმე თვეში ქართველმა გარემარბმა არა მხოლოდ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბება შეძლო, არამედ, კარონის შეფასებით, პსჟ-ს ევროპული წარმატების მთავარ ფაქტორადაც იქცა. ფრანგი ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ კვარაცხელიამ პარიზულ კლუბს სწორედ ის მისცა, რაც წლების განმავლობაში აკლდა - ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე დიდ მატჩებში იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და შედეგს დებს.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში კარონი საუბრობს კვარაცხელიას გავლენაზე პსჟ-ში, მის შედარებაზე კილიან მბაპესთან და ქართველი ფეხბურთელის პერსპექტივებზე, წელსვე მოიგოს „ოქროს ბურთი”.
რადიო თავისუფლება: არის თუ არა ეს პსჟ-ს ისტორიაში უდიდესი ტრიუმფი?
მიქაელ კარონი: მეტიც - შესაძლოა, ეს საერთოდაც ფრანგული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი მომენტიც იყოს. ათი წლის წინ ერთი ჩემპიონთა ლიგის მოგებაც კი საეჭვოდ ჩანდა, ზედიზედ ორი ტიტულის მოგებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამიტომ, დიახ, ეს ნამდვილად უდიდესი მომენტია.
კვარა ამ გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და საკვანძო ფეხბურთელია".
რადიო თავისუფლება: შესაბამისად, შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ ეს პსჟ-ს ისტორიაში საუკეთესო გუნდია?
მიქაელ კარონი: მე პირადად ასე ვიტყოდი, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ პსჟ-ს ყველა გულშემატკივარი დამეთანხმება, განსაკუთრებით ვეტერანები. დღემდე არსებობს გარკვეული ნოსტალგია და სენტიმენტები 1990-იანი წლების გუნდის მიმართ, როდესაც იქ დავიდ ჟინოლა და ჟორჟ ვეა თამაშობდნენ. ეს გუნდი უყვარდათ იმ ლაღი ფეხბურთის გამო, რომელსაც თამაშობდა და დღემდე აღფრთოვანებით იხსენებენ ჩემპიონთა ლიგის მატჩს მადრიდის „რეალთან“.
თუმცა, თუ ბოლო ორი სეზონის შედეგებს შევხედავთ, რთულია დღევანდელი „პსჟ“, რომელმაც გულშემატკივრებს ამდენი დაუვიწყარი მომენტი აჩუქა უმნიშვნელოვანეს მატჩებში, რომელიმე წინა გუნდს შეადარო.
რადიო თავისუფლება: თქვენ თქვით, რომ ათი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პსჟ ზედიზედ ორჯერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას. რატომ? ამ წლების განმავლობაში გუნდში არაერთი ბრწყინვალე ფეხბურთელი თამაშობდა. რა ხდის ამ კონკრეტულ გუნდს განსაკუთრებულს?
მიქაელ კარონი: ვფიქრობ, პასუხი ძალიან მარტივია - გამარჯვებულის მენტალიტეტი. ფრანგულ საკლუბო ფეხბურთს და, გარკვეულწილად, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებსაც კი 1998 წლის ტრიუმფამდე, ჰქონდა რეპუტაცია - თანაც, დამსახურებულად - რომ ჰყავდა შესანიშნავი ფეხბურთელები, მაგრამ აგებდნენ გადამწყვეტ მატჩებს და მენტალურად ვერ უმკლავდებოდნენ დიდ, გარდამტეხ მომენტებს. როგორც ჩანს, პსჟ-მ ეს შეცვალა.
პსჟ-ს ფეხბურთელებიდან ამ წარმატებაში კვარას ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის, დემბელეზე მეტიც კი".
რადიო თავისუფლება: ცხადია, კვარაცხელიაზეც ვილაპარაკოთ. თქვენი აზრით, რა გავლენა მოახდინა მან პსჟ-ზე? რა შეიცვალა მისი მოსვლით?
მიქაელ კარონი: მე ვიტყოდი, რომ ის ამ გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და საკვანძო ფეხბურთელია. როდესაც შარშან იანვარში მოვიდა, პსჟ სულაც არ ჰგავდა გუნდს, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა. რა თქმა უნდა, აუტსაიდერებად არ მიიჩნეოდნენ, მაგრამ არც ფავორიტებად. შემდეგ მოვიდა კვარა და ამ ყველაფრის შეცვლაში გადამწყვეტი როლი ითამაშა
ის დიდი ფეხბურთელია, რომელიც თავის საუკეთესო თამაშს ყველაზე დიდ სცენაზე თამაშობს ხოლმე - ეს არის დიდი კაცი დიდი თამაშებისთვის. პსჟ-ს მანამდეც ჰყავდა ძლიერი შემადგენლობა და ბევრი შესანიშნავი მოთამაშე, მაგრამ, შესაძლოა, ლუის ენრიკეს აკლდა ფეხბურთელები, რომლებიც გადამწყვეტ მომენტებში შეძლებდნენ თამაშში გარდატეხის შეტანას და შედეგის დადებას. ვფიქრობ, სწორედ ეს მოუტანა კვარამ პსჟ-ს.
ის ფაქტი, რომ უეფამ ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, ბევრ რამეზე მეტყველებს. 17 მატჩში 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა. არ ყოფილა არცერთი თამაში, რომელშიც ის თავისი გუნდისთვის გადამწყვეტი არ ყოფილიყო. ვფიქრობ, პსჟ-ს ფეხბურთელებიდან ამ წარმატებაში კვარას ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის, დემბელეზე მეტიც კი.
რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, რა არის ის მთავარი ფაქტორი, რაც მას, როგორც თქვენ თქვით, დიდი მატჩების ფეხბურთელად აქცევს? რა ხდის მას განსაკუთრებულს?
მიქაელ კარონი: აი, მოდით, ფინალს შევხედოთ: ალბათ უდავოა, რომ ეს არ იყო მისი საუკეთესო მატჩი სეზონში. დაახლოებით 60 წუთის განმავლობაში ვხედავდით, რომ მისმა მეტოქემ, მოსკერამ, დიდწილად მოახერხა კვარას თამაშიდან გამოთიშვა.
ბევრი ფეხბურთელი ასეთ დროს კონცენტრაციას დაკარგავდა, ჩათვლიდა, რომ ეს მისი დღე არ არის და მატჩიდან საერთოდ გაქრებოდა, მაგრამ არა კვარა - დანებების ნაცვლად, თამაშის საუკეთესო ეპიზოდი შექმნა და მარტომ „გააკეთა თამაში“. ერთი ეფექტური მოქმედებით შეცვალა მთელი მატჩი და თავისი გუნდისთვის პენალტი მოიპოვა.
ვფიქრობ, მისი ფანტასტიკური ტალანტისა და საფეხბურთო უნარების გარდა, სწორედ ეს მენტალიტეტი, ეს სულისკვეთება - არასოდეს დანებდე - ხდის მას ასეთ განსაკუთრებულ და ფასეულ ფეხბურთელად ლუის ენრიკესათვის.
ასევე ნახეთ
ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ ტურნირში "პარი სენ-ჟერმენმა" გაიმარჯვამბაპე სუსტ გუნდებს სამ-სამ გოლს უტანდა. კვარა კი ევროპის საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ იტანს გოლებს და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს იღებს. ჩემთვის სწორედ ეს არის განსხვავება".
რადიო თავისუფლება: საკმაოდ ხშირად კამათობენ, მათ შორის თავად პსჟ-ს გულშემატკივრებშიც, კვარასა და მბაპეს გავლენაზე, მათ ერთმანეთს ადარებენ - ვის ჰქონდა უფრო დიდი გავლენა პსჟ-ზე? ვინ მოუტანა კლუბს უფრო მეტი წარმატება?
მიქაელ კარონი: მბაპეს ინდივიდუალური სტატისტიკა აშკარად უკეთესია. მას მეტი გოლი გაჰქონდა და გუნდის მთავარი ვარსკვლავი იყო, მაშინაც კი, როდესაც მის გვერდით ნეიმარი და მესი თამაშობდნენ.
მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კვარას გავლენა უფრო დიდია, რადგან ის გადამწყვეტი აღმოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვან მატჩებში - პლეი-ოფებსა და ფინალებში. მბაპე სუსტ გუნდებს სამ-სამ გოლს უტანდა. კვარა კი ევროპის საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ იტანს გოლებს და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს იღებს. ჩემთვის სწორედ ეს არის განსხვავება.
რადიო თავისუფლება: ხშირად იმასაც ამბობენ, რომ მბაპეს გვერდით მესი და ნეიმარი ჰყავდა, თუმცა იმ გუნდმა, რომელიც ქაღალდზე დაუმარცხებლად გამოიყურებოდა, ჩემპიონთა ლიგა მაინც ვერ მოიგო. რატომ?
მიქაელ კარონი: სწორად შენიშნეთ. ალბათ იმიტომ, რომ იმ მომენტისთვის ნეიმარი და მესი უკვე კარიერის პიკზე აღარ იყვნენ.
მესისთვის ეს ევროპული კარიერის ბოლო ეტაპი იყო. მას სინამდვილეში პარიზში გადასვლა არც სურდა. „ბარსელონას“ მისი სურვილების დაკმაყოფილება რომ შესძლებოდა, ესპანეთში დარჩებოდა.
ნეიმარი პარიზში პირველი ორი-სამი წლის განმავლობაში ბრწყინვალე იყო, მაგრამ შემდეგ ორგანიზმმა უმტყუნა. ვეღარ შეძლო იმავე დონის შენარჩუნება.
ალბათ, ყველაფერი დროის, შესაფერისი მომენტის საკითხი იყო. ამ ორი ფეხბურთელის საუკეთესო პერიოდი უკვე წარსულს ბარდებოდა. მბაპესთვის კი, შესაძლოა, ჯერ კიდევ ცოტა ადრე იყო. მე ამას ასე ავხსნიდი.
სწორედ ეს არის მისი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც პსჟ-ში - ეგოიზმის ნაკლებობა და გუნდის წარმატებისთვის შრომა".
რადიო თავისუფლება: ისევ კვარას დავუბრუნდეთ. რა არის შემდეგი ნაბიჯი მისთვის? რა კომპონენტში შეუძლია კიდევ გაუმჯობესება?
მიქაელ კარონი: სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული არ ვარ, რომ გაუმჯობესებისთვის დიდი სივრცე დარჩა, რადგან უკვე ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს.
არ ვიცი, რამდენად აინტერესებს თავად კვარას პირადი რეკორდები, სტატისტიკა, მონაცემები ან გუნდის საუკეთესო ბომბარდირობა. ვფიქრობ, სწორედ ეს არის მისი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც პსჟ-ში - ეგოიზმის ნაკლებობა და გუნდის წარმატებისთვის შრომა.
აშკარაა, რომ მას არ აქვს მოთხოვნილება, გუნდის მთავარი ვარსკვლავი იყოს. ცხადია, ამბიციურია, მაგრამ მასში თანამედროვე სუპერვარსკვლავებისთვის დამახასიათებელ დიდ ეგოს ვერ ვხედავ. არც ის ვიცი, რამდენად აინტერესებს მედიის ყურადღება, ფული თუ პოპულარობა. ვერ ნახავთ წვეულებებზე ან პარიზის ღამის ცხოვრებაში ჩართულს.
და მაინც, ის გუნდის საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
საფეხბურთო თვალსაზრისით, უბრალოდ იგივე უნდა გააგრძელოს, რასაც ახლა აკეთებს. როდესაც ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად გაღიარებენ, მომდევნო სეზონში ერთადერთი ამოცანა გაქვს - ეს კიდევ ერთხელ გაიმეორო. და დარწმუნებული ვარ, ამასაც შეძლებს.
რადიო თავისუფლება: რამდენად შეუწყო ხელი მის პოპულარობას ფანებს შორის იმან, რომ ე.წ. შავ სამუშაოსაც არ თაკილობს?
პასუხი: რა თქმა უნდა, ძალიან. გულშემატკივრებს უყვართ ფეხბურთელი, რომელიც გუნდისთვის დაუზარებლად ირჯება.
მას შემდეგ, რაც ოთხი წლის განმავლობაში უყურებდნენ მესის, ნეიმარსა და მბაპეს - ალბათ ყველაზე დიდი ვარსკვლავების ტრიოს, რომლებიც ოდესმე ერთად შეკრებილან პარიზში, ყოველ შემთხვევაში ქაღალდზე - ხალხი იმედგაცრუებული დარჩა. ჰყავდათ სუპერვარსკვლავები, მაგრამ ევროპაში ვერაფერს იგებდნენ. იგებდნენ მხოლოდ "ლიგა ერთს", ეს კი საკმარისი არ იყო.
გულშემატკივრები გადაიღალნენ სუპერვარსკვლავებით დიდი გამარჯვებების გარეშე.
დღეს რომ მიწევდეს ხმის მიცემა "ოქროს ბურთზე", ალბათ არჩევანს „ბაიერნის“ მაიკლ ოლისესა და კვარას შორის გავაკეთებდი".
რადიო თავისუფლება: და ბოლო კითხვა. საქართველოში კვლავ აქტიურად მსჯელობენ იმაზე, აქვს თუ არა კვარას „ოქროს ბურთის“ მოგების შანსი. თქვენ როგორ შეაფასებდით მის შანსებს და რა უნდა გააკეთოს, რომ სამომავლოდ მაინც, ამ ჯილდოს რეალური პრეტენდენტი გახდეს?
მიქაელ კარონი: დღეს რომ ხმის მიცემა მიწევდეს, ალბათ არჩევანს „ბაიერნის“ მაიკლ ოლისესა და კვარას შორის გავაკეთებდი. ოლისემ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და კვარაც არანაკლებ შთამბეჭდავი იყო.
საქმე ისაა, რომ „ოქროს ბურთი“ წლის ბოლოს, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გაიცემა. ამიტომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რა მოხდება ამერიკაში მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში.
თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მინიმუმ საუკეთესო ხუთეულში მოხვდება. ისიც ფაქტორია, რომ საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს.
რადიო თავისუფლება: ანუ, თუ ასეთივე დონეზე ითამაშებს, მომავალ წელს უფრო კარგი შანსი ექნება?
მიქაელ კარონი: დიახ, წელი, რომელშიც დიდი სანაკრებო ტურნირი არ ტარდება, ალბათ მის შანსებს გაზრდიდა.
მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მსოფლიო ჩემპიონატზე რომელიმე დიდი ვარსკვლავი რაღაც სრულიად გამორჩეულს არ გააკეთებს, კვარა აუცილებლად იქნება ამ დისკუსიის ნაწილი. დღეს რომ ხმა მიმეცა, ალბათ მას მივცემდი.
მაგრამ ორი თვის შემდეგ იმავე კითხვაზე შეიძლება სხვა პასუხი მქონდეს.