პარლამენტმა 688 დღეში დაჩქარებულად მიიღო 304 კანონი - საია

მოკლედ

  • "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სადავო პარლამენტის მუშაობის სპეციფიკაზე აქვეყნებს პუბლიკაციას, რომელშიც წერია, რომ კანონშემოქმედებითი პროცესი "პერსონიფიცირებულია" და დემოკრატიული პრინციპების უგულვებელყოფით ხასიათდება.
  • ანგარიშის მიხედვით, არასრულ ორ წელიწადში, 2024 წლის 3 აპრილიდან 2026 წლის 20 თებერვლამდე, პარლამენტმა 304 საკანონმდებლო ცვლილება მიიღო დაჩქარებული წესით.
  • პერსონიფიცირებული კანონმდებლობა გულისხმობს კანონებს, რომლებსაც მმართველი ელიტები, საკანონმდებლო ორგანოს მეშვეობით, საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციის ან პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის იღებენ.
პერსონიფიცირებული კანონმდებლობის განხილვას ორგანიზაცია "რუსულ კანონად" ცნობილი "აგენტების კანონით" იწყებს და ამთავრებს "გრანტების კანონში" 2026 წლის 4 მარტს შეტანილი ცვლილებებით.

საია წერს, რომ ბოლო ორ წელიწადში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი გამოკვეთილი მიზანი პროტესტის ჩახშობა და ხელისუფლების ოპონენტების პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა იყო.

"მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ასეთი ცვლილება საკმარისი მსჯელობის და განხილვის შემდგომ მიიღებოდეს. რაც უფრო მომეტებულია კანონით ძირითად უფლებაში ჩარევა, მით უფრო დელიბერაციული უნდა იყოს ასეთი ნორმის საკანონმდებლო განხილვა", - მიიჩნევენ ანგარიშის ავტორები. აქვე აღნიშნულია, რომ რეპრესიული კანონშემოქმედებითი პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

"2024 წლის დეკემბერში საკანონმდებლო ცვლილებების გზით მნიშვნელოვნად გაიზარდა საპროტესტო გამოხატვასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული სანქციები. ასევე, ფუნდამენტურად შეიცვალა საჯარო სამსახურის სისტემა, რამაც მოხელეების თანამდებობიდან გათავისუფლება და, შესაბამისად, პოლიტიზირებული წმენდის ჩატარება მნიშვნელოვნად გაამარტივა", - წერია ანგარიშში.

ჯამში, საიას შეფასებით, სადავო პარლამენტის მიღებული კანონებით მკვეთრად შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლებაც და მკვეთრად გაუარესდა ინდივიდების სამართლებრივი მდგომარეობა.

ასევე ნახეთ

„ოცნებაში“ მოქალაქეთა მიერ ხელისუფლების არაღიარების კრიმინალიზებას განიხილავენ