Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნებაში“ მოქალაქეთა მიერ ხელისუფლების არაღიარების კრიმინალიზებას განიხილავენ

„გერმანიაში 2025 წელს ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობა აკრძალეს... გერმანია, ახლა, დემოკრატიული ქვეყანა არის, ხომ?.. კარგი მაგალითია, პრაქტიკა შეიძლება გადმოვიტანოთ“ - ლევან მაჭავარიანი
„გერმანიაში 2025 წელს ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობა აკრძალეს... გერმანია, ახლა, დემოკრატიული ქვეყანა არის, ხომ?.. კარგი მაგალითია, პრაქტიკა შეიძლება გადმოვიტანოთ“ - ლევან მაჭავარიანი

„ქართული ოცნება“ განიხილავს, შემოიღოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც „საჯაროდ არ აღიარებენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას“ და სხვებსაც მოუწოდებენ ამისკენ.

პლენარულ სესიაზე ერთ-ერთი დეპუტატის ინიციატივაზე პასუხად, სადავო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „თუ პარლამენტიც თანახმა იქნება“, იგი მზად არის, შესაბამისი ცვლილებები შეიმუშაოს.

მაგალითად დასახელდა „გერმანია“, კერძოდ, გერმანიის მიერ „ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობის“ აკრძალვა.

  • მოძრაობა არ დასახელებულა, თუმცა, სავარაუდოდ, იგულისხმებოდა რადიკალური მემარჯვენე-ექსტრემისტული „სამეფო გერმანია“, - „რაიხსბიურგერების“ მოძრაობის ნაწილი - რომლის წევრებიც თავს „გერმანიის რაიხის“ მოქალაქეებად მიიჩნევდნენ. სწორედ „სამეფო გერმანია“ აკრძალეს 2025 წელს გერმანიაში.
  • ეს მაგალითი განსხვავდება საქართველოში არსებული ოპოზიციური მოძრაობისგან, - რომლის წევრების მიერ „ქართული ოცნების“ მთავრობის არაღიარების ძირითადი საფუძველიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არცნობაა.

ინიციატივა - „არაღიარების“ კრიმინალიზება

ინიციატივა მორიგი შეზღუდვების შესახებ სამშაბათს, 3 თებერვალს, პარლამენტის სასახლეში გრანტებისა და პარტიების კანონში ცვლილებების განხილვისას წამოაყენა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.

„ჩვენც ხომ არ ვიფიქროთ რაიმე ტიპის სანქციებზე იმ პოლიტიკური ჯგუფების მიმართ, რომლებიც ანალოგიურ ქმედებებს ჩადიან?“ - იკითხა მან.

მანამდე ეს „ანალოგიური ქმედებები“, „გერმანიის მაგალითზე“, ასე აღწერა:

  • „პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც არ აღიარებს არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას,
  • ქმნის პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს,
  • ბოიკოტს უცხადებს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს,
  • ხელს უშლის პოლიციას მუშაობაში,
  • ამტკიცებს, რომ ქვეყანა ოკუპანტი ძალის მიერ იმართება და სხვებსაც მოუწოდებს ანალოგიური ქმედებებისკენ“.

„გერმანიაში 2025 წელს ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობა აკრძალეს. არგუმენტები რაც იყო ჩამოთვლილი, სხვათა შორის, ვიღაც-ვიღაცებს მაგონებს საქართველოში“, - თქვა მაჭავარიანმა.

„გერმანია, ახლა, დემოკრატიული ქვეყანა არის, ხომ?.. გერმანია კარგი მაგალითია, პრაქტიკა შეიძლება გადმოვიტანოთ“, - განაცხადა მან.

„კითხვაც არ სჭირდება“

„მე მგონი, კითხვაც არ სჭირდება, დემოკრატიული არის თუ არა გერმანია. იდეაში, კარგი გამოცდილების გაზიარება, რატომაც არა, შეგვიძლია“, - უპასუხა ლევან მაჭავარიანს არჩილ გორდულაძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

  • საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის ურთიერთობა ამჟამად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა საქართველოს 35-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში;
  • „ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად ადანაშაულებენ ელჩ პეტერ ფიშერს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევასა და არეულობის მხარდაჭერაში - მათ შორის, მის მიერ „დემოკრატიული უკუსვლის“ კრიტიკის გამო.

„შემიძლია დაგეთანხმოთ ამ საკითხში. თუ საქართველოს პარლამენტიც ამ დათქმით უყრის კენჭს და თანახმა იქნება, მეორე მოსმენის ფარგლებში უკვე კონკრეტულ ფორმულირებებს კონკრეტული კანონპროექტის სახით წარმოვადგენ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღესვე, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში. სწორედ ამ კანონის მეორე მოსმენით განხილვისას დააანონსა გორდულაძემ, „პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში“, მაჭავარიანის ინიციატივის ასახვა.

ცვლილებების თანახმად, ფართოვდება გრანტის ცნება, რაც, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, „სახელმწიფოს კონტროლს უქვემდებარებს და კრიმინალიზებას უკეთებს ნებისმიერი პირის პოლიტიკურ თვითგამოხატვას, თუკი ეს პირი ფინანსურ სახსრებს იღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქის, ან იურიდიული პირისგან“.

შემდეგ გორდულაძემ თავისი შეხედულება ასე დააზუსტა, რომ ემხრობა დაწესდეს პასუხისმგებლობა, - მათ შორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, - იმ შემთხვევაში, როდესაც:

  • „პირები საჯაროდ მოუწოდებენ სხვებს, რომ არ ცნონ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაცია;
  • მოუწოდებენ, არ დაემორჩილონ საქართველოს კანონმდებლობას;
  • ამავდროულად, აცხადებენ და სხვებსაც მოუწოდებენ, რომ ჩაერთონ კამპანიაში, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება არის ქართველი ხალხის მიერ არჩეული და არის სხვა რომელიმე ქვეყნისგან თუ ძალისგან მართული“.

„რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ [ეს ემსახურება] ლეგიტიმურ მიზანს, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას უზრუნველყოფს“, - დასძინა მან.

„გერმანიის მაგალითი“

გერმანიაში 2025 წლის მაისში აკრძალეს პოლიტიკური მოძრაობა „სამეფო გერმანია“ - ეს მემარჯვენე ექსტრემისტების მოძრაობის, ე.წ. რაიხსბიურგერების ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაცია იყო.

მაგრამ აკრძალვის საფუძველი არ ყოფილა ამა თუ იმ ხელისუფლების ლეგიტიმურობის „არაღიარება“, როგორც პოლიტიკური პოზიცია.

მოძრაობა არ აღიარებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, როგორც სახელმწიფოს არსებობის ლეგიტიმურობას და შექმნილი ჰქონდა ალტერნატიული სტრუქტურები.

2025 წლის 13 მაისს, დილით გერმანელმა სამართალდამცავებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გაჩხრიკეს ორგანიზაციის ოფისები და წამყვანი წევრების სახლები. პროკურატურამ დააკავა გაერთიანების ოთხი ხელმძღვანელი, მათ შორის დამფუძნებელი პეტერ ფიტცეკი, რომელიც თავს „გერმანიის მეფეს“ უწოდებს.

„სამეფო გერმანია“ 2012 წელს დააფუძნა პეტერ ფიტცეკმა, - რომელიც პროფესიით მზარეულია. ე.წ. რაიხსბიურგერების ამ დაჯგუფების ინფორმაციით, „სამეფო გერმანიას“ 6000-მდე წევრი ჰყავს.

  • ე.წ. რაიხსბიურგერების მოძრაობა 1980-იან წლებში ჩამოყალიბდა.
  • მისი წევრები არ აღიარებენ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წესრიგს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ლეგიტიმურობას;
  • ისინი თავს მიიჩნევენ „გერმანიის რაიხის“ მოქალაქეებად და აქვთ არარსებული იმპერიის მოქალაქის პირადობისა და მართვის ალტერნატიული მოწმობები, რომლებსაც გერმანიის მთავრობა უკანონოდ მიიჩნევს.
  • გერმანიის სპეცსამსახურების მონაცემებით, ქვეყანაში 20 ათასამდე „რაიხსბიურგერია“. მათგან თითქმის 2300 ძალადობისკენ მიდრეკილია.
  • „რაისხბიურგერებს“ აერთიანებთ დემოკრატიის მიუღებლობა და მონარქისტული, ქსენოფობიური და ანტისემიტური შეხედულებები.

ოპოზიცია: ეს „არალეგიტიმური ხელისუფლებაა“

საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

  • ოთხმა მსხვილმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ (4, 5, 9 და 25 საარჩევნო ნომრებით) გაყალბებულად მიიჩნია არჩევნები, რომლის ოფიციალური შედეგებითაც, პარლამენტში უმრავლესობა (89 მანდატი) „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა;
  • დაიწყო საპროტესტო აქციები, რომლებსაც დამატებითი იმპულსი შესძინა 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებამ, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დამდგარიყო ევროკავშირში გასაწევრებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. აქციებს რამდენიმე დღის განმავლობაში არბევდნენ.
  • მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, - ერთ-ერთმა ოპოზიციონერ ლიდერებს შორის, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, - პრეზიდენტის სასახლე 2024 წლის დეკემბრის ბოლოს დატოვა, 6-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ. თავდაპირველად განაცხადა, რომ „თან მიაქვს“ ლეგიტიმაცია, თუმცა 2025 წელს განაცხადა: „არ ვამბობ, რომ მე ვარ ლეგიტიმური პრეზიდენტი“.
  • ევროპის პარლამენტმა 2024 წლის შემდეგ რამდენიმე რეზოლუციით საქართველოს პარლამენტს უწოდა „არალეგიტიმური პარლამენტი“ და ხელახალი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვა;
  • თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ 2022 წლის შემდეგ მსხვილ საპროტესტო მოძრაობებს უწოდებს „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს“, - პროცესს, რომელსაც მართავს „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც გავლენა აქვს მსოფლიო ლიდერებზე, მათ შორის ევროკავშირზე.

რას ამბობს საერთაშორისო სამართალი?

ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად:

„ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად“.

ეს მუხლი იცავს მოქალაქეთა საჯაროდ გამოხატულ მოსაზრებებსაც, რომ „ხელისუფლება არის არალეგიტიმური“, „არჩევნები გაყალბებული იყო“ - თუმცა ეს მუხლი არ იცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც მოქალაქე არ იხდის გადასახადებს, არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს, არ ემორჩილება სამართალდამცავ სტრუქტურებს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად, „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG