უმცირესობის საკითხში გარღვევის შემდეგ, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან გაწევრიანებაზე დაიწყებენ მოლაპარაკებას

უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები, ანდრი სიბიჰა (მარცხნივ) და მიჰაი პოპსოი

3 ივნისს, გვიან საღამოს უნგრელმა და უკრაინელმა დიპლომატებმა შეთანხმებას მიაღწიეს უნგრელი უმცირესობის უფლებების თაობაზე, რაც უკრაინას და მოლდოვას გზას უხსნის მიმდინარე თვის ბოლოს ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების დაწყებისკენ. ამ ნაბიჯს ბუდაპეშტი ორი წლის განმავლობაში ადებდა ვეტოს, წინა ხელისუფლების პირობებში.

ეს ცნობა გამოაცხადა კვიპროსმა, რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარე სახელმწიფოა: "დღეს კვიპროსმა პრეზიდენტის რანგში დაიწყო მომზადება საკითხთა პირველი ჯგუფის ოფიციალურად გახსნაზე გაწევრიანების მოლაპარაკებებში უკრაინისთვის და მოლდოვისთვის".

საკითხთა პირველი ჯგუფი (ე.წ. "კლასტერი") მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანების რამდენიმე თავს, რომლებსაც "ფუნდამენტურის" სახელით იცნობენ. ეს ჯგუფი პირველია, რომელიც იხსნება და ბოლოა, რომელიც იხურება - რადგან ეს საკითხები მოიცავს რთულ რეფორმებს სასამართლოს, საჯარო ადმინისტრაციის და სახელმწიფოს ფინანსური კონტროლის სფეროებში.

უკრაინას და მოლდოვას იმედი ჰქონდათ, რომ დაუყოვნებლივ გაიხსნებოდა საკითხთა ექვსივე ჯგუფი, თუმცა რადიო თავისუფლებას ბრიუსელში დიპლომატიურმა წყაროებმა აცნობეს, რომ დიდი ალბათობით ივნისში გაიხსნება საკითხთა მხოლოდ პირველი ჯგუფი, ხოლო დანარჩენები 2026 წელს, მოგვიანებით გახდება ხელმისაწვდომი.

ევროკავშირის გაფართოების ყველა საკითხზე 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობაა აუცილებელი.

ეს ორი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა 2022 წლის ზაფხულში. 2024 წელს ფორმალურად დაიწყო გაწევრიანების მოლაპარაკება, თუმცა უნგრეთმა რეალური მოლაპარაკება სწრაფად დაბლოკა და ამის მიზეზად დაასახელა უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური უნგრელების დისკრიმინაცია. უნგრეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ასევე აყოვნებდა და ბლოკავდა ევროკავშირის მიერ კიევისთვის გამოყოფილ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას და ასუსტებდა ბლოკის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

უკრაინასა და უნგრეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას გაეცნო რადიო თავისუფლების კორესპონდენტი. მისი ინფორმაციით, უკრაინა იკისრებს პასუხისმგებლობას ცვლილებების შეტანაზე საშუალო განათლების შესახებ კანონმდებლობაში და მნიშვნელოვნად აფართოებს უმცირესობის უფლებებს რამდენიმე სფეროში, მათ შორის განათლებასა და პოლიტიკურ წარმომადგენლობაში.

  • „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებიდან ევროკავშირის წევრობის განაცხადი პირველმა უკრაინამ წარადგინა რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს. 3 მარტს განაცხადები წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.
  • 2022 წლის ივნისში უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ - ევროპული პერსპექტივა.
  • 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გაწევრების საკითხზე უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, ხოლო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
  • 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ამ გადაწყვეტილებას მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
  • ევროკავშირს „ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტები შეჩერებული აქვს, რადგან მისი პოლიტიკა, ბრიუსელის თანახმად, ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და გაწევრების მიზნით ნაკისრ ვალდებულებებს.


ასევე ნახეთ

ევროკავშირმა დაიწყო უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის პროცესი