- ამ რეზოლუციას საქართველო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლის მაისიდან წარადგენს.
საქართველოსა და მსოფლიოს კიდევ 68 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთი ოსეთი საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, 4 ივნისს მიიღეს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე.
- რეზოლუციას მხარი დაუჭირა 107-მა ქვეყანამ.
- ხმა წინააღმდეგ მისცა 8 ქვეყანამ: ბელარუსმა, ბურუნდიმ, ჩრდილოეთმა კორეამ, კუბამ, ნიკარაგუამ, რუსეთმა, სუდანმა და ეკვატორულმა გვინეამ.
- წინა, 2025 წლისგან განსხვავებით, რეზოლუციის მოწინააღმდეგეებს შორის აღარ არიან მალი და ზიმბაბვე, რომლებმაც 2026 წელს კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღეს. ამასთან, მოწინააღმდეგეებს დაემატა ბურუნდი.
- იმ 55 ქვეყანას შორის, რომლებმაც ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს, არიან ჩინეთი, ირანი, ისრაელი, შუა აზიის რესპუბლიკები. ევროპის ქვეყნებიდან - სერბეთი და შვეიცარია.
- შვეიცარია საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებს.
რეზოლუციით გაეროს გენერალური ასამბლეა ადასტურებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ყველა ლტოლვილის და იძულებით გადაადგილებული პირისა და მათი შთამომავლების სახლებში დაბრუნების უფლებას ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, მათი საკუთრების პატივისცემის აუცილებლობას და ძალისმიერი გზით დემოგრაფიული ცვლილებების მიუღებლობას.
გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში 300 ათასამდე იძულებით გადაადგილებული პირია და ხაზი გაუსვა საკუთარ სახლებში დევნილების ნებაყოფლობითი, უსაფრთხო, ღირსეული და დაუბრკოლებელი დაბრუნებისა და გაეროს წესდების პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობას.
გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს.
დოკუმენტი გაეროს გენერალურ მდივანს ავალებს რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას.