ირანელები კიდევ უფრო გაღატაკდნენ ომით დანგრეული ეკონომიკის პირობებში

თაჯრიშის ბაზარი თეირანში. 2 ივნისის, 2026.

მასუდი იძულებული იყო, თავისი საყოფაცხოვრებო ტექნიკა გაეყიდა, რათა თავის გატანა შეძლოს ირანის ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რომელიც სულ უფრო და უფრო ღრმავდება.

აშშ-ისა და ისრაელის მიერ დაბომბვებმა დაანგრია ირანის ინფრასტრუქტურისა და მრეწველობის დიდი ნაწილი, რამაც უკონტროლო ინფლაცია და უმუშევრობა გამოიწვია.

„მთელი ავეჯი გავყიდეთ, რათა გავძლოთ,“ უთხრა მასუდმა, ირანის დედაქალაქ თეირანის მცხოვრებმა, რადიო თავისუფლების სპარსულენოვან განყოფილებას, „რადიო ფარდას“. რეპრესიების შიშით მან ფსევდონიმი გამოიყენა. „სახლში ელექტრომოწყობილობები მოვკრიფეთ, შევაგროვეთ ხალიჩები და ასეთი რამეები და გავყიდეთ“.

მასუდი, რომელიც ამჟამად უმუშევარია, ასევე სენდვიჩებს ამზადებს და თეირანის მეტროში ყიდის.

„ავიღე ჩემი წვენის მანქანა და გავყიდე, რათა ელექტროენერგიის, ტელეფონისა და სხვა გადასახადები გამესტუმრებინა,“ თქვა მან.

„ფული გვითავდება“
მასუდი მარტო არაა. მილიონობით ირანელი ებრძვის სამთვიანი ომის ეკონომიკურ შედეგებს.

მრავალწლიანმა საერთაშორისო სანქციებმა და მთავრობის არაკომპეტენტურობამ უკვე გამოუთხარა ძირი ირანის ეკონომიკას. ახლა 90-მილიონიან ქვეყანაში სრული ეკონომიკური კოლაფსია.

„ხალხი შიშობს, რომ ფული გამოელევათ“, თქვა „რადიო ფარდასთან“ ინტერვიუში თეირანელმა ეკონომისტმა ჯავად რაჰიმპურმა. „ბევრი ხარჯავს დანაზოგებს. ეს ჩანს ქუჩებში: აქტიურობამ იკლო და შემოსავლები შემცირდა“.

ასევე ნახეთ

პუტინის გაკვეთილები: ირანი კრემლის ტაქტიკას იყენებს აშშ-სთან მოლაპარაკებებში

უმუშევრობის ზრდის მიუხედავად, მკვეთრად გაიზარდა ძირითადი საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კომუნალური მომსახურების ფასები.
თეირანელმა მასუდმა თქვა, რომ ხერხემალში ნემსის გაკეთება, რაც ერთი წლის წინ 80 მილიონი რიალი (47 დოლარი) ღირდა, ახლა ექვსჯერ მეტი - 400 მილიონი რიალი (234 დოლარი) ღირს.

მისი მობილური კავშირის თვიური გადასახადი 300 ათასი რიალიდან (18 აშშ ცენტი) 1,7 მილიონ რიალამდე (1 დოლარი) გაიზარდა, ელექტროენერგიის გადასახადი კი 1,2 მილიონი რიალიდან (0,70 დოლარი) 6 მილიონ რიალამდე (3,50 დოლარი).

„ყველანი გავღატაკდით. ისინი, ვინც საშუალო ფენას ვეკუთვნოდით ან ცოტა უფრო მაღლაც ვიყავით, ახლა ფინანსურ სიღატაკეში ვიმყოფებით“, თქვა მან.

შრომის მინისტრის მოადგილემ, ღოლამჰოსეინ მოჰამადიმ, აპრილში განაცხადა, რომ, მთავრობის შეფასებით, ომს მოჰყვა 1 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვა და 2 მილიონი ადამიანის პირდაპირი ან ირიბი უმუშევრობა.

მარტში საკვები პროდუქტების ფასები 110 პროცენტით გაიზარდა 2025 წლის იმავე თვესთან შედარებით.

მსყიდველობითი უნარის კოლაფსმა მთელს ეკონომიკაზე დამანგრევლად იმოქმედა.

ქალმა, რომელიც რესტორანს ფლობს ირანის კასპიის ზღვის სანაპიროს მახლობლად, რომელიც კვირის ბოლოს თეირანიდან ჩასულთა პოპულარობით სარგებლობს, თქვა, რომ კონფლიქტის განმავლობაში ბიზნესი პრაქტიკულად შეჩერდა. ათასობით ადამიანმა მიაშურა ამ რაიონს მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა დაბომბვის კამპანია დაიწყეს.

„პირველი ერთი-ორი კვირა ხალხმრავლობა იყო. ხალხმა ჩრდილოეთს მიაშურა თავისი დანაზოგებით,“ მოუყვა ის „რადიო ფარდას“. „მაგრამ კლიენტების რაოდენობა თანდათან შემცირდა. სამი-ოთხი ადამიანისგან შემდგარი ოჯახები შემოდიოდნენ, ფასებს კითხულობდნენ და მიდიოდნენ. ან ორი ადამიანის ულუფას უკვეთდნენ და იყოფდნენ“.

ომამდე მის რესტორანში 10 ადამიანი მუშაობდა. ახლა სულ სამი თანამშრომელი დარჩა. მისი თქმით, ამ რაიონში მრავალი სხვა ბიზნესი საერთოდ დაიხურა.

„უბრალოდ, იმედი მაქვს გაძლებას შევძლებთ. გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი, საერთოდ შესაძლებელია თუ არა გაგრძელება“.

აშშ-ის ეკონომიკური ზეწოლა
მიმდინარე კონფლიქტის დროს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა გააძლიერეს ირანზე ეკონომიკური ზეწოლა.

აშშ-ისა და ისრაელის ავიადარტყმებმა გაანადგურა ან დააზიანა ქვეყნის საკვანძო მნიშვნელობის ენერგეტიკისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ხიდები, გზები და ნავთობისა და გაზის საცავები.

გარდა ამისა, დარტყმები განხორციელდა მრეწველობის საკვანძო დარგებზე, მათ შორის გადამამუშავებელ მრეწველობაზე, რითაც დაირღვა ადგილობრივი წარმოება და კვების ძირითად პროდუქტებზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

13 აპრილს შეერთებულმა შტატებმა ირანის პორტებისა და გემების საზღვაო ბლოკადა შემოიღო, რითაც დაირღვა ირანის ნავთობის ექსპორტი, რომელიც ეკონომიკის სასიცოცხლო მნიშვნელობის ელემენტია.

აშშ-ის ემბარგო პასუხად მოჰყვა ომის პირველ ეტაპზე ირანის მიერ კონტროლის დაწესებას ჰორმუზის სრუტეზე, რომელიც მსოფლიოში ნავთობისა და გაზის მიწოდების უმნიშვნელოვანესი არტერიაა.

საერთაშორისო გადაზიდვების მიმართ მუქარებითა და თავდასხმებით ირანმა პრაქტიკულად საზღვაო მიმოსვლის პარალიზება მოახდინა, რყევები გამოიწვია ენერგეტიკის საერთაშორისო ბაზრებზე და დაარღვია მსოფლიო ეკონომიკის წონასწორობა.

ირანის მრეწველობის საკვანძო დარგებზე მიზანმიმართულმა დარტყმებმა და მათმა განადგურებამ მრავალი ირანელი განარისხა.
სამიზნეებს შორის იყო მეტალურგიული ქარხანა „მობრეკეჰ სტილი“, ირანის ერთ-ერთი უდიდესი სამრეწველო საწარმო, რომელიც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთანაა დაკავშირებული. აპრილში საწარმოზე რამდენჯერმე განხორციელდა ავიადარტყმები და მან მთლიანად შეაჩერა პროდუქციის გამოშვება.

„სანქციების გარეშეც კი არა მგონია, რომ „მობარეკეჰ“ შეძლებს იმ დონეზე დაბრუნებას, რომელზეც იყო 10 ან 20 წლის წინ,“ თქვა რესტორნის მეპატრონემ და დასძინა, რომ ქვეყნის სამრეწველო ბაზაზე თავდასხმებმა „გრძელვადიანი ჭრილობები“ დატოვა.

ინტერნეტის გათიშვა როგორც ეკონომიკური იარაღი
ომის ეკონომიკური შედეგები კიდევ უფრო დაამძიმა ირანის გადაწყვეტილებამ, მრავალი თვით გაეთიშა ინტერნეტი, რაც ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ასეთი გათიშვაა თანამედროვე ისტორიაში.

88 დღის განმავლობაში მილიონობით ირანელი ციფრულ უკუნეთში ცხოვრობდა. მაგრამ ამ გათიშვამ, რომელიც 26 მაისს დასრულდა, სერიოზული ეკონომიკური ზარალიც მოუტანა ქვეყანას.

ირანის სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა აფშინ ქოლაჰიმ 12 აპრილის სხდომაზე განაცხადა, რომ ინტერნეტის გათიშვა ქვეყანას დღეში 40 მილიონ დოლარამდე უჯდება. მისი სიტყვებით, ირიბი დანაკარგები დღეში 80 მილიონი დოლარია.

„ბევრმა ადამიანმა, ვინც ონლაინ გამოიმუშავებდა შემოსავალს, ყველაფერი დაკარგა, როცა ინტერნეტი გაითიშა,“ თქვა მასუდმა. „მათი შემოსავალი ნულამდე დაეცა“.

ასევე ნახეთ

თუკიდიდეს ჩიხი თუ სტრატეგიული სტაბილურობა - ვაჯამებთ ტრამპის ვიზიტს ჩინეთში

სისხლიანი მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც იანვარში გაჩნდა, ეკონომიკური პრობლემებით იყო გამოწვეული, შემდეგ კი ისინი ირანის სასულიერო მმართველების წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციებში გადაიზარდა.

„ეკონომიკური უკმაყოფილების დონე ძალზე მაღალია. ეს ის არაა, რის შეფარვაც შეიძლება სიტყვითა და ნაწერით,“ თქვა თეირანელმა ეკონომისტმა რაჰიმპურმა.

„შესაძლოა, ახლა არ არის პირობები პროტესტისთვის,“ თქვა მან. „მაგრამ ამან არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ არსებობს რაიმე სახის დაახლოება სახელმწიფოსა და ხალხს შორის“.

მისი სიტყვებით, უკვე გაისმის განგაში.

„ხალხი უკიდურესად შეშფოთებულია მრავალი მიმართულებით. გაიზარდა მათი ხარჯები, ისინი კარგავენ შესაძლებლობებს და საფრთხეში აღმოჩნდა მათი ინვესტიციები საკუთარი შვილების მომავალში,“ თქვა მან.