ჰუძონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებასა და ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზეა სპეციალიზებული, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ირანი, როგორც ჩანს, მოლაპარაკებების წარმოებისას პირდაპირ სესხულობს რუსეთის სტრატეგიას: მოლაპარაკებების გაჭიანურებას, თანდათანობით დათმობების მიღწევას და მნიშვნელოვანი ვალდებულებებისგან თავის დაძვრენას, ამასთან დიპლომატიის იერის შენარჩუნებით.
– ბევრი მსგავსებაა, რადგან ირანი აკვირდებოდა, როგორ მოქმედებდა [აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ] უიტკოფი ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთთან ურთიერთობებში. ირანელებმა იციან, რომ ბევრი რამე გაუვათ. მათ იციან, როგორ გააჭიანურონ მოლაპარაკებები, შექმნან შთაბეჭდილება, რომ დონალდ ტრამპი რაღაცას აღწევს, სინამდვილეში კი ის ვერაფერს ვერ მიაღწევს. და ეს მათ რუსებისგან ისწავლეს.
– როგორც მოსკოვს, ასევე თეირანს სანქციების მოხსნა სურთ სერიოზული დათმობების გაკეთებამდე. ეს დიპლომატიაა თუ დიპლომატიად შენიღბული ზეწოლის პოლიტიკა?
– მათი თვალსაზრისით, ამგვარად მოქმედებას აზრი აქვს. ჯერ უცნობია, მოითხოვენ თუ არა ისინი ამას, მიუხედავად იმისა, წინასწარ გააუქმებს თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია სანქციებს.
რუსეთის შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ შესაძლოა, რუსეთის ნედლ ნავთობზე სანქციების მოხსნა - თუმცა ბევრი დამკვირვებელი თვლიდა, რომ ეს გლობალურ ბაზრებთან და ირანთან იყო დაკავშირებული - სინამდვილეში რუსეთისთვის ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული დათმობა იყო.
პირველი ნაბიჯი მათ უნდა გადადგან და არა შეერთებულმა შტატებმა
მე რომ ირანის ან რუსეთის ადგილზე ვიყო, საერთაშორისო სანქციების მოხსნას ვისურვებდი. გაყინული აქტივების განბლოკვას ვისურვებდი. მაგრამ ამ ეტაპზე ამის გაკეთება შეცდომა იქნებოდა, რადგან რუსეთი აგრესორია. რაც შეეხება ირანს, მას რეგიონში ტერორისტული საქმიანობის 47-წლიანი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგ. პირველი ნაბიჯი მათ უნდა გადადგან და არა შეერთებულმა შტატებმა.
– რუსეთს გაყინული აქტივების დაბრუნება სურს, ხოლო ირანს გაყინულ სახსრებზე წვდომა და ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზება სურს. რამდენად სახიფათოა, როდესაც მოლაპარაკებები იმდენად მშვიდობაზე კი არა, რამდენადაც ავტორიტარული რეჟიმების ფინანსურ გაჯანსაღებაზეა ორიენტირებული?
– ეს მოლიპული გზაა და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, იქნება ეს რუსეთთან თუ ირანთან, არაფერზე არ შეიძლება დათანხმება, სანამ ყველაფერი არ შეთანხმდება. ასეთი რეჟიმები შეეცდებიან ყველაფერი აიღონ, რაც შეუძლიათ, თვითონ კი მინიმალური დათმობები გააკეთონ.
– ირანს სურს, მოლაპარაკებები დააკავშიროს ლიბანში ისრაელის ქმედებებთან. რუსეთი უკრაინაში ომის „ძირეული მიზეზების“ მოგვარებაზე საუბრობს. ეს იგივე ტაქტიკაა - კონფლიქტის გაღვივება პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად?
– სიტუაცია ოდნავ განსხვავებულია, რადგან განსხვავებულია მამოძრავებელი ფაქტორები.
რუსეთისთვის საქმე იმპერიის აღდგენას ეხება, ხოლო ირანისთვის ისლამური რევოლუციის გავრცელებას. საბჭოთა კავშირთან რომ გვქონდეს საქმე, შესაძლოა მეტი მსგავსება ყოფილიყო. მაგრამ დღევანდელი რუსეთი უფრო იმას ჰგავს, რაც ცარიზმის დროს იყო. ჩვენ წინაშეა XXI საუკუნის რუსეთი XIX საუკუნის ამბიციებით.
ჩვენ წინაშეა XXI საუკუნის რუსეთი XIX საუკუნის ამბიციებით
მსგავსება არის ეთნიკური უპირატესობის გარკვეულ გრძნობაში. ზოგიერთი რუსი თავს სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან შედარებით უპირატესად მიიჩნევს, როგორც იმათ მიმართ, ვინც რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის შემადგენელი ნაწილია, ისევე იმათი, ვინც ადრე შედიოდა საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში.
იგივე ხდება ირანთან და არაბებთან, განსაკუთრებით სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან დაკავშირებით. ირანი საკუთარ თავს დამკვიდრებულ ძალად მიიჩნევს - რაღაც „ძველი ფულის“ მსგავსად - და ამ აღქმის თანახმად, სპარსეთის ყურის სახელმწიფოები არიან ახალგამდიდრებული არაბები, რომლებმაც არ იციან როგორ მოიქცნენ ან მართონ თავიანთი ახლად შეძენილი რესურსები.
– თქვენ მრავალი წლის განმავლობაში სწავლობდით ნატოსა და რუსეთის სტრატეგიას. ფიქრობთ, რომ თეირანმა უკრაინის ომიდან ისწავლა, რომ მათი მოწინააღმდეგეების სიჯიუტემ და შეუპოვრობამ საბოლოოდ შეიძლება პოლიტიკურად გამოფიტოს დასავლეთის ქვეყნები?
– ვფიქრობ, ისინი მართლაც აკვირდებიან იმას, რაც უკრაინაში ხდება. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტს სწავლობენ აშშ-ის გამოცდილებიდან ერაყსა და ავღანეთში, ასევე ვაშინგტონის უხალისობიდან - ან პოლიტიკური ნების ნაკლებობიდან - ირანში ამერიკის ჯარების განლაგების თაობაზე.
იციან, რომ ნაკლებად სავარაუდოა, პრეზიდენტი ტრამპი ამას დათანხმდეს, ამიტომ ესმით, რომ ალბათ შეძლებენ გადაურჩნენ ამ ომს. შეძლებენ გაუძლონ დაბომბვას, აფეთქებებს და საჰაერო დარტყმებს და აქედან ცოცხლები გამოვიდნენ.
ირანისთვის მთავარია უბრალოდ გადარჩენა. მათთვის გამარჯვება არ არის აუცილებელი
ირანისთვის მთავარია უბრალოდ გადარჩენა. მათთვის გამარჯვება არ არის აუცილებელი. თუ აშშ მზად არ არის ჯარების გაგზავნისთვის, მაშინ ტრამპის მიერ დასახული ზოგიერთი მიზნის მიღწევა უკიდურესად რთული ჩანს, შეუძლებელი თუ არა.
– ტრამპმა ცოტა ხნის წინ ამერიკის წინადადებებზე ირანის უახლეს რეაქციას „სრულიად მიუღებელი“ უწოდა. რამდენად არის ეს თეირანის მიერ ვაშინგტონის - ან პირადად ტრამპის - მოსინჯვა იმის დასადგენად, თუ რამდენად სურს თეთრ სახლს შეთანხმება მოლაპარაკებების მაგიდასთან დარჩენისთვის?
– ტრამპს შეთანხმება სურს და ირანმა ეს იცის. ირანის ლიდერები სულელები არ არიან. ისინი ძალიან დახვეწილი, გამჭრიახი ხალხია. შეიძლება ექსტრემისტები იყვნენ, შეიძლება ფანატიკოსი მორწმუნეები იყვნენ, მაგრამ სულელები არ არიან და ესმით ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკური დინამიკა. მათ იციან, რომ შუალედური არჩევნები ახლოვდება. მათ ასევე ესმით, რომ ზაფხულის არდადეგები ახლოვდება და რომ ბენზინის ფასები გავლენას ახდენს ამერიკელებზე. მათ ნახეს ინფლაციის უახლესი მონაცემები, 3,8 პროცენტი, რაც ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ამიტომ, ისინი სავსებით კმაყოფილი არიან სტატუს კვოთი.
დიახ, მათ უჭირთ. დიახ, ისინი ვერ იღებენ დიდ შემოსავალს. დიახ, ჰორმუზის სრუტე მათთვის ფაქტობრივად დაკეტილია, თუმცა არსებობს ისტორიები გემების შესახებ, რომლებიც ამერიკულ ბლოკადაში გაღწევას ახერხებენ. მაგრამ ისინი მზად არიან გაუძლონ ამას, რადგან ირანის მიერ ხალხის ჩაგვრისა და სახელმწიფოს მიერ დათრგუნვის მაღალი დონე ასევე ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ გაუძლონ მძიმე ეკონომიკურ პირობებს. მათ შეუძლიათ გაუძლონ გაცილებით მაღალ ინფლაციას, რასაც აშშ-ში არჩეული ლიდერები ვერ ახერხებენ, რადგან ისინი არჩევნებში დაისჯებიან.
ტრამპი რეჟიმის შეცვლაზე საუბრობს. ირანში ახალი ხალხია [ხელისუფლებაში] - და ის მსგავს რაღაცებს ამბობს ვენესუელაში მადუროს მემკვიდრეებზე - მაგრამ ეს სინამდვილეში რეჟიმის შეცვლა არ არის. ეს არის ხელმძღვანელობის შეცვლა, თავად რეჟიმი კი სრულიად ხელუხლებელი რჩება. მადუროს შიდა უსაფრთხოების აპარატი, სპეცსამსახურები და ვენესუელის შეიარაღებული ძალები ხელუხლებელი რჩება, თითქოს ის კვლავაც იქ იყოს. იგივე ეხება ირანსაც. შიდა რეპრესიებისთვის გამოყენებული ინსტრუმენტები, როგორიცაა, მაგალითად, ირგკ [ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი], ხელუხლებელი რჩება.
დიახ, მათ ნაკლები რაკეტები აქვთ. მათ ნაკლები დრონები აქვთ. მათ ნაკლები თვითმფრინავები აქვთ. მათ პრაქტიკულად არ ჰყავთ საზღვაო ფლოტი. მაგრამ შიდა უსაფრთხოების სტრუქტურები კვლავაც რჩება. სანამ ისინი არ დასუსტდება, ირანელი ხალხი ვერ შეძლებს ქუჩაში უსაფრთხოდ გასვლას. და ეს არის დილემა, რომლის წინაშეც აღმოჩნდება ტრამპი მომავალში.
– როდის იქცევა დიპლომატია საჩვენებელ რამედ? კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ირანიც და რუსეთიც მოლაპარაკებებს იყენებენ დროის გაჭიანურების სტრატეგიულ მექანიზმებად, ამასთან განაგრძობენ სამხედრო ზეწოლას.
– ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ის რაღაც საჩვენებლად იქცეს. სიმბოლიზმი მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობებში, ამიტომ, შესაძლოა, ნებისმიერი მოლაპარაკება, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც იყოს საჩვენებელი, რადგან ორივე მხარე ყველა საშუალებით ცდილობს, მოლაპარაკებებში უფრო ძლიერი პოზიცია დაიკავოს.
აი, რატომ არიან საჭირო ბრძენი და გამოცდილი სახელმწიფო მოღვაწეები, რათა განსაზღვრონ, როდის უნდა დაიდოს შეთანხმება. როდესაც გარიგება შეუძლებელია, უნდა მიატოვოთ მოლაპარაკებების მაგიდა და დაიწყოთ სხვა ვარიანტების ძებნა. მაგრამ საჭიროა, გესმოდეთ, ზუსტად როდის დგება ეს მომენტი და საჭიროა, რეალისტი იყოთ ამ საკითხში. მე სრულიად არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ ამ მდგომარეობაშია ახლა ამერიკის ადმინისტრაცია.
ფორუმი