სანქტ-პეტერბურგსა და სხვა რეგიონებზე კვლავ განხორციელდა დრონებით თავდასხმები

სანქტ-პეტერბურგზე და სხვა რეგიონებზე კვლავ განხორციელდა დრონებით თავდასხმები, 2026 წლის 6 ივნისი

რუსეთის რამდენიმე რეგიონი, მათ შორის სანქტ-პეტერბურგი, ასევე უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები 6 ივნისის ღამეს კვლავ მოექცა დრონების მასშტაბური თავდასხმების ქვეშ.

ინტერნეტში გავრცელებული ცნობებით, ლენინგრადის ოლქში ხანძარი გაჩნდა რაიონში, სადაც საზღვაო-საბრძოლო ფლოტის მე-15-ე არსენალია განლაგებული. დარტყმები განხორციელდა კრონშტადტზეც. ბოლო კვირის განმავლობაში ეს პეტერბურგზე უკვე მეორე დარტყმაა - პირველ იერიში განხორციელდა პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის გახსნის დღეს, 3 ივნისს. ფორუმი, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმაც მიიღო მონაწილეობა, 6 ივნისს იხურება.

ასევე ნახეთ

ენდრიუ ტეიტი, სკოტ რიტერი და პუტინის ნათესავები: ვინ არიან პეტერბურგის ფორუმის მთავარი სტუმრები?

უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმაზე ცნობა გაავრცელა ქალაქის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბეგლოვმა - რომელმაც ქალაქის მცხოვრებთ სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. მისივე ცნობით, თავდასხმის შედეგად ქალაქში სამი ადამიანი დაშავდა, ისინი უკვე გაწერეს საავადმყოფოებიდან. ბეგლოვი აცხადებს, რომ "რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეძლეს ზიანის აღკვეთა".

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ დროზდენკო აცხადებს, რომ რეგიონის თავზე ჩამოაგდეს 141 დრონი - იგი არ აზუსტებს რამდენი საფრენი აპარატის ჩამოგდება ვერ მოხერხდა. საერთო ჯამში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამის განმავლობაში ჩამოგდებულ იქნა 200-ზე მეტი დრონი.

დარტყმები აღირიცხა კრასნოდარის ოლქში, ასევე უკრაინის დონეცკის ოლქის რუსეთის მიერ კონტროლირებულ, მარიუპოლის პორტში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა დარტყმები, კერძოდ კრონშტადტზე, პეტერბურგთან ახლოს არსენალზე და უსტ-ლაბინსკის სანავთობო ბაზაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა დრონების დარტყმის შედეგად.

"დროა ომი დასრულდეს. მაგრამ რუსეთის ხელმძღვანელს უნდა რომ იომოს. ამიტომაც მოქმედებს უკრაინული სანქციები, ამ აგრესიის პასუხად" - წერს ზელენსკი.

ასევე ნახეთ

რუსეთმა შეზღუდა ყირიმისკენ მაგისტრალზე მოძრაობა