“რუსების უმრავლესობისთვის მე მოღალატე ვარ” - ანდრეი ვოლნა

„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს არსებობა, როგორც იმპერიამ... ჩვენთვის, ვგულისხმობ მათ, ვინც დღეს რუსეთის სამეზობლოში ცხოვრობს, სწორედ იმპერიის დაშლაა ერთადერთი იმედი - საქართველოსთვის, რომ თავიდან აიცილოს ახალი დიდი ომი; უკრაინისთვის, რომ გაიმარჯვოს საკუთარ ომში; სხვა ქვეყნებისთვის კი იმედი, რომ იმპერია მანამ დაიშლება, სანამ ომით მოადგება მათ კარს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ცნობილი რუსი ექიმი-ტრავმატოლოგი და სამოქალაქო აქტივისტი ანდრეი ვოლნა.

ყირიმის ანექსიისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსი, ვოლნა, რუსეთიდან ემიგრაციაში წავიდა, მოგვიანებით კი უკრაინაში გადავიდა, სადაც სამხედრო ჰოსპიტლებში მოხალისე ექიმად მუშაობდა და დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს მკურნალობდა. რუსეთის ხელისუფლებამ ის ჯერ „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა, შემდეგ კი „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ სიაში შეიყვანა. გასულ კვირას რუსეთის სასამართლომ ვოლნას დაუსწრებლად წაუყენა ბრალი „ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზებასა“ და „ტერორიზმის დაფინანსების ორგანიზებაში“. ინტერვიუში იგი საუბრობს პუტინის რუსეთზე, რუსულ საზოგადოებაზე, ემიგრაციაში მყოფ ოპოზიციაზე და იმაზე, თუ რატომ მიაჩნია რუსეთის დაშლა არა მხოლოდ შესაძლებლად, არამედ გარდაუვალადაც.

ადამიანების ნაწილი უბრალოდ აღარ მელაპარაკება, რადგან ეს მათთვის სახიფათოა. სხვებს მე თვითონ არ ველაპარაკები, რადგან ჩემთან ნებისმიერი კონტაქტი იქ შეიძლება ტერორისტთან კონტაქტად შეფასდეს".

რადიო თავისუფლება: როდესაც დღევანდელ რუსეთს უყურებთ - არა მხოლოდ კრემლს, არამედ მთლიანად რუსულ საზოგადოებას - რას ხედავთ? როგორია დღეს რუსეთის მორალური და ეთიკური ორიენტირები?

ვოლნა: ჩემთვის ეს რთული კითხვაა. იცით რატომ? იმიტომ, რომ დღევანდელმა რუსულმა სახელმწიფომ ექსტრემისტად და ტერორისტად გამომაცხადა, ამიტომ ჩემი საკონტაქტო წრე ძალიან შევიწროვდა.

ადამიანების ნაწილი უბრალოდ აღარ მელაპარაკება, რადგან ეს მათთვის სახიფათოა. სხვებს მე თვითონ არ ველაპარაკები, რადგან მესმის, რომ ჩემთან ნებისმიერი კონტაქტი იქ შეიძლება ტერორისტთან კონტაქტად შეფასდეს. და იმ ადამიანებისთვის ეს შესაძლოა ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობას გაუთანაბრდეს.

იცით, როდესაც 2023, 2024 და 2025 წლებში უკრაინაში ვიყავი - და ამ დროის დიდი ნაწილი სამხედრო ჰოსპიტალში გავატარე - ჩვენ რუსებზე დაახლოებით ასე ვსაუბრობდით და ეს ხედვა არ შემცვლია:

ჩვენთვის სულ ერთია, რამდენი რუსი უჭერს მხარს ომს. შეიძლება ეს იყოს 15 პროცენტი, შეიძლება 25, შეიძლება 40, შეიძლება 80 ან 90 პროცენტიც კი.

ჩვენ ეს არ ვიცით. მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცით: მათი რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ უკვე მეხუთე წელია აწარმოონ ეს საშინელი სრულმასშტაბიანი ომი. და თუ ათვლას 2014 წლიდან დავიწყებთ - ყირიმის ანექსიიდან და დონბასში შეჭრიდან - უკვე 12 წელია. ეს ძალიან ბევრია.

ანუ იმ რუსების რაოდენობა, რომლებიც არა მხოლოდ მხარს უჭერენ ომს, არამედ თავად იბრძვიან, ამზადებენ დრონებს, რაკეტებს, ითვლიან იმ ჭურვების ფრენის ტრაექტორიებს, რომლებიც უკრაინაში ადამიანებს ხოცავენ, საკმარისია ამ ომის გასაგრძელებლად.

რამდენი რუსი არ უჭერს მხარს ომს? რამდენი არ უჭერს მხარს პუტინს? ეს დღემდე არ ვიცით. მაგრამ ფაქტია, რომ მათი რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ამ რეჟიმის დემონტაჟის ძალა არ გააჩნიათ. რუსეთში ასეთი ადამიანების საკმარისი რაოდენობა უბრალოდ არ არსებობს.

არსებობს სოციოლოგიური გამოკითხვები, რომლებიც რაღაც სურათს შეგიქმნის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი დახურული ქვეყანაა. ეს ტირანიული სახელმწიფოა, სადაც ხელისუფლებაში ხუნტაა, ფაქტობრივად ტირანიაა, ამიტომ გამოკითხვებს ძნელად თუ ენდობი.

თუმცა არსებობს გარკვეული დინამიკა, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ამ ომით გამოწვეული იმედგაცრუება იზრდება. მაგრამ ეს პროცესი შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს, ამასობაში კი უკრაინა ამ ყველაფრის საფასურს საკუთარი სისხლით იხდის.

აი, ასე ვუპასუხებდი თქვენს კითხვას.

ასევე ნახეთ

სოციალური გამოკითხვების თანახმად, პუტინის რეიტინგი ზედიზედ მეშვიდე კვირაა ეცემა
მეც იმ ადამიანთა შორის ვიყავი, რომლებიც 2011-2012 წლების აქციებზე იცინოდნენ და ამბობდნენ, რომ „ვირთხა გემიდან გარბის“ და ასე შემდეგ. ჩვენ ვერ ვაფასებდით პუტინს სათანადოდ. პუტინი ჭკვიანია, პუტინი ეშმაკია".

რადიო თავისუფლება: და რამდენად არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი საკუთარი ხალხის ანარეკლი? რამდენად ასახავს პუტინი თანამედროვე რუსული საზოგადოების განწყობებს, ღირებულებებსა და შეხედულებებს?

ვოლნა: იცით, ზოგი პუტინს სრულად ფსიქიკურად გაუწონასწორებელ, არანორმალურ ადამიანად მიიჩნევს, დასცინის მას. მეც იმ ადამიანთა შორის ვიყავი, რომლებიც 2011-2012 წლების აქციებზე იცინოდნენ და ამბობდნენ, რომ „ვირთხა გემიდან გარბის“ და ასე შემდეგ. ჩვენ ვერ ვაფასებდით პუტინს სათანადოდ.

პუტინი ჭკვიანია, პუტინი ეშმაკია. სწორედ ამიტომ არის ის უკვე 26 წელია ხელისუფლებაში. და სწორედ ამიტომ ვერ შეძლო რუსეთის საზოგადოების ლიბერალურად განწყობილმა ნაწილმა მისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

ჩემი დასკვნა, დღევანდელი სურათის აღსაქმელად და დღევანდელი რუსების გასააზრებლად, რუსების მიმართ დადებითი ვერ იქნება. პუტინმა, პირველ რიგში, რუსები იმპერიულობის სიმებით გამოიჭირა. პუტინმა ეს თემა განავრცო.

პუტინი სწორედ ამ თემით თამაშობს. და სწორედ ამიტომ აქვს მას რუსულ საზოგადოებაში საკმაოდ დიდი მხარდაჭერა. საკმარისად დიდი იმისთვის, რომ 26 წლის განმავლობაში განსაკუთრებული სირთულეების გარეშე იჯდეს ამ ტახტზე, ანგრევდეს და აჩანაგებდეს ქვეყანას, ომებს აჩაღებდეს.

ჯერ საკუთარ ტერიტორიაზე, ჩეჩნეთში, შემდეგ საქართველოში, მერე უკრაინაში, მერე სირიაში, შემდეგ ისევ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით. და ამავდროულად ე.წ. ჰიბრიდული ომი მთელი ევროპის წინააღმდეგ.

ამიტომ ჩემი პასუხი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რუსებისთვის კომპლიმენტური არ არის. პუტინის ფაშისტურ, ნაცისტურ იდეოლოგიას დღევანდელი რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იზიარებს. მინდოდა მეთქვა საზოგადოება, მაგრამ იქ სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს. ამიტომ - დღევანდელი რუსი ხალხი, მოსახლეობა.

ასევე ნახეთ

„პუტინი პატივისცემას კარგავს“ - როგორ შეარყია ომმა და ინტერნეტის ბლოკირებამ რუსეთში ხელისუფლებისადმი ნდობა
ჩვენი დევიზია: უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, რუსეთმა უნდა წააგოს, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს არსებობა იმპერიის სახით, რადგან ამჟამად რუსეთი იმპერიაა".

რადიო თავისუფლება: საზოგადოების ლიბერალურად განწყობილი ნაწილი ახსენეთ და ამიტომ გკითხავთ: აქვს თუ არა ემიგრაციაში მყოფ რუსულ ლიბერალურ ოპოზიციას ერთიანი ხედვა უკრაინის ომზე და იმაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს ის?

ვოლნა: არა. ერთიანი გაგება აქ არ არსებობს, მოსაზრებათა სპექტრი ძალიან ფართოა.

არსებობს ფრთა, რომელიც აქტიურად ეხმარება უკრაინას. პირველ რიგში, ესენი არიან რუსი მოხალისეები. ისინი ცოტანი არიან, მაგრამ უკრაინის მხარეს იბრძვიან.

არსებობს პოლიტიკური ფრთაც. მათ შორისაა ე.წ. თავისუფალი რუსეთის ფორუმი. ე.წ. კასპაროვის ფორუმი, რომლის საბჭოშიც მეც შევდივარ, რადიკალურ პოზიციას იკავებს. რადიკალურს რა თვალსაზრისით? ჩვენ უკრაინას ყველა შესაძლო გზით ვუჭერთ მხარს. მე - ჩემს სამედიცინო ფრონტზე, საინფორმაციო ფრონტზე, ფინანსურ ფრონტზე და ასე შემდეგ.

უცხოელებისთვის, ვგულისხმობ არარუსებისთვის, ყველა ერთ მთლიანობად აღიქმება. მაგალითად, უკრაინელები დიდ განსხვავებას ვერ ხედავენ ნავალნაიას, ხოდორკოვსკისა და კასპაროვის პოზიციებს შორის, მაშინ როცა ეს პოზიციები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთში ცვლილებების მიღწევა მხოლოდ უკრაინის დახმარებით არის შესაძლებელი. ჩვენი დევიზია: უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, რუსეთმა უნდა წააგოს, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს არსებობა იმპერიის სახით, რადგან ამჟამად რუსეთი იმპერიაა.

ჩემი აზრით, ეს სწორი პოზიციაა. სწორედ ამ პოზიციას იკავებს "კასპაროვის ფორუმი".

არსებობს ასევე ე.წ. ანტისაომარი კომიტეტი, რომელსაც ცნობილი დისიდენტი მიხაილ ხოდორკოვსკი ხელმძღვანელობს. ისინი შეიარაღებულ წინააღმდეგობას არ უჭერენ მხარს, მაგრამ მათი პოზიციაც თანდათან იცვლება - თუ ადრე პუტინის წინააღმდეგ შეიარაღებულ წინააღმდეგობას მარგინალურ მოვლენად მიიჩნევდნენ, ახლა ნელ-ნელა უახლოვდებიან ჩვენს პოზიციას - იმ ხალხისას, რომელიც მხარს უჭერს როგორც უკრაინაში საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლას, ისე თავად რუსეთში ე.წ. პარტიზანულ საქმიანობას.

და ბოლოს, არსებობს დიდი ჯგუფი, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის ფონდის გარშემო არის კონცენტრირებული. თავის დროზე ამ ორგანიზაციას ალექსეი ნავალნი ხელმძღვანელობდა. ეჭვგარეშეა, ნავალნი გმირი იყო. ცხადია, მისი ზოგიერთი განცხადება საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, რბილად რომ ვთქვათ, პატივისცემას არ იმსახურებდა, თუმცა ის მოქნილი პოლიტიკოსი იყო, გარკვეულწილად პოპულისტიც. ის მართლაც იბრძოდა ხელისუფლებისთვის.

ის რუსებმა მოკლეს პუტინის ციხეში.

ასევე ნახეთ

"ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააფუჭა" - პუტინის ბიოგრაფი ფილიპ შორტი

რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლის ფონდს, ნავალნის სიკვდილის შემდეგ ის გარდაიქმნა. ფორმალურად ის ანტიპუტინისტური ორგანიზაციაა, მაგრამ ამავე დროს ანტიუკრაინულიც.

მათი ხედვა, ისინი ამას პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ ეს ჩანს მათი ქმედებებიდან და ცალკეული გამოსვლებიდან, ასეთია: ეს ომი უნდა დასრულდეს. და რაღას წვალობს უკრაინა ამდენ ხანს და ჩვენც გვაწვალებს? ომი ნებისმიერი გზით უნდა დასრულდეს, მათ შორის უკრაინის კაპიტულაციითაც.

აი, ასეთია სამი მთავარი ჯგუფის პოზიცია.

რუსეთში ცხოვრობენ ძირძველი ხალხები, რომელთა ნაწილიც სრულიად ბუნებრივად და სამართლიანად ისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ. მათ შორისაა ბურიატია, ბაშკორტოსტანი, თათრეთი. არ მესმის, რატომ უნდა ცხოვრობდნენ ეს ხალხები რუსეთის პირდაპირი დამოკიდებულების ქვეშ".

რადიო თავისუფლება: თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ „რუსეთის დაშლა გარდაუვალია“. რატომ ფიქრობთ ასე? რა გაძლევთ საფუძველს, ეს სცენარი არა უბრალოდ შესაძლებლად, არამედ პრაქტიკულად გარდაუვალად მიიჩნიოთ?

ვოლნა: დიახ, მიმაჩნია, რომ ეს აბსოლუტურად გარდაუვალია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ყველა იმპერია იშლება. ძალიან ვიმედოვნებ, რომ თუ ჩემს სიცოცხლეში არა, ეს თქვენს სიცოცხლეში მოხდება. ისტორია დიდი ნაბიჯებით მოძრაობს.

ჩვენთვის, ვგულისხმობ მათ, ვინც დღეს რუსეთის სამეზობლოში ცხოვრობს, სწორედ იმპერიის დაშლაა ერთადერთი იმედი - საქართველოსთვის, რომ თავიდან აიცილოს ახალი დიდი ომი; უკრაინისთვის, რომ გაიმარჯვოს საკუთარ ომში; სხვა ქვეყნებისთვის ესაა იმედი, რომ იმპერია მანამ დაიშლება, სანამ ომით მოადგება მათ კარს.

თავად რუსეთში ცხოვრობენ ძირძველი ხალხები, რომელთა ნაწილიც სრულიად ბუნებრივად და სამართლიანად ისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ. მათ შორისაა ბურიატია, ბაშკორტოსტანი, თათრეთი. არ მესმის, რატომ უნდა ცხოვრობდნენ ეს ხალხები რუსეთის პირდაპირი დამოკიდებულების ქვეშ.

დღეს არ არსებობს მხოლოდ რუსული რესპუბლიკა - რუსეთის სახელმწიფოებრივ კონსტრუქციაშივეა ჩადებული ეს იმპერიული აზროვნება, ის, რომ სხვა ხალხებს უნდა განკარგავდნენ.

რუსეთის ნაცვლად რომ არსებობდეს სუვერენული სახელმწიფოები - და ისინი ერთ დღეს აუცილებლად იარსებებენ - მათ შორის, შესაძლოა, ერთი კი არა, რამდენიმე რუსულენოვანი წარმონაქმნიც, ჩვენთვის, ყველასთვის ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა.

ვაცნობიერებ, რომ რუსეთში ამას შეიძლება შიდა სამოქალაქო დაპირისპირებებიც მოჰყვეს, მაგრამ ყველა ქვეყანა გადის მსგავს პროცესებს. რუსეთის მეზობლებისთვის კი უკეთესი მომავალი შესაძლებელი გახდება მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ იმპერია აღარ იარსებებს.

მაგალითად, პუტინის სიკვდილი ან საპრეზიდენტო მმართველობის საპარლამენტო სისტემით ჩანაცვლება, ჩემი აზრით, გრძელვადიან ისტორიულ პერსპექტივაში არაფერს შეცვლის.

რუსეთი თავიდან უნდა დაფუძნდეს იმ ხალხების აზრის გათვალისწინებით, რომლებიც სრულიად სამართლიანად აცხადებენ პრეტენზიას სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე.

ის სამხედრო კონფლიქტი, რომელიც საქართველოსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის გაჩნდა, რომლებსაც რუსეთი ყველანაირად კვებავს, დიდი ხნის წინ შეიძლებოდა დასრულებულიყო, რუსეთს მუდმივად რომ არ დაეფინანსებინა და არ წაექეზებინა ეს კვაზი-სახელმწიფოები".

რადიო თავისუფლება: რას მოასწავებს ეს იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც დამოუკიდებლობა უკვე მოიპოვეს და ახლა ცდილობენ სუვერენიტეტის შენარჩუნებას, ცდილობენ, გაუმკლავდნენ რუსეთის ზეწოლას? გეოგრაფია არსად გამქრალა - მათ მაინც რუსეთის მეზობლად ცხოვრება უწევთ. რას მოასწავებს ეს საქართველოსთვის და მისი კონფლიქტებისთვის, მოლდოვისთვის და დნესტრისპირეთის საკითხისთვის? როგორი პოზიცია ექნებოდა ამ საკითხებზე ამ თქვენეულ, მომავლის რუსეთს, თუკი ის მართლაც იქცევა რეალობად ოდესმე?

ვოლნა: კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს მომავალი რუსეთი, ჩემი აზრით, კრებითი წარმონაქმნი იქნება და დღევანდელი რუსეთის ტერიტორია მინიმუმ რამდენიმე სახელმწიფოსგან უნდა შედგებოდეს.

ბუნებრივია, როგორც მათ შორის, ასევე სამეზობლოსთან უნდა არსებობდეს კეთილმეზობლური, ნორმალური ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები.

ვაცნობიერებ, რომ, მაგალითად, საქართველოსა და რუსეთს შორის მეგობრული ურთიერთობების აღდგენას, ალბათ, თაობები დასჭირდება, რადგან ომის მიერ დატოვებული ჭრილობები ჯერ კიდევ ღიაა.

უკრაინისა და რუსეთის, ან რუსეთის ადგილზე წარმოქმნილი სახელმწიფოების შემთხვევაში, ამას კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდება, ალბათ თაობები.

მაგრამ თქვენ სწორად აღნიშნეთ - ეს ტერიტორია და ეს ადამიანები არსად გაქრებიან.

რუსეთის გარშემო თხრილს ვერ გავთხრით, შიგნით ნიანგებს ვერ ჩავუშვებთ და ვიტყვით, რომ მორჩა, ყველაფერი მოგვარდა. ეს არ მუშაობს. დრონები ნებისმიერ თხრილს გადაუფრენენ.

და ეს პრობლემები მხოლოდ მაშინ გაქრება, როცა რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფოები მშვიდობიანი და ნორმალური ქვეყნები გახდებიან.

ამისთვის წლებია საჭირო.

თუნდაც საქართველოს მაგალითი ავიღოთ - ის სამხედრო კონფლიქტი, რომელიც საქართველოსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის გაჩნდა, რომლებსაც რუსეთი ყველანაირად კვებავს - ჯერ აფხაზეთს, შემდეგ კი ე.წ. სამხრეთ ოსეთს - დიდი ხნის წინ შეიძლებოდა დასრულებულიყო, რუსეთს მუდმივად რომ არ დაეფინანსებინა და არ წაექეზებინა ეს კვაზი-სახელმწიფოები და ძველი ჭრილობები ხელახლა არ გაეხსნა.

სწორედ იმპერია იქექება ამ პრობლემებში. საზღვრებზე მცხოვრებ ადამიანებს შორის კი ყოველთვის არსებობდა და იარსებებს გარკვეული პრობლემები.

ჩემი ხედვა ასეთია: საბოლოოდ ურთიერთობები კეთილმეზობლური უნდა გახდეს.

ასევე ნახეთ

უიდეო პუტინი - როგორ მართავს კრემლი ისტორიით

ქართულმა საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რუსეთის მხრიდან ყოველგვარი გავლენის გარეშე, როგორ იცხოვროს და როგორ განაგრძოს არსებობა.

იგივე ეხება სომხეთს, აზერბაიჯანსა და მოლდოვას.

აზერბაიჯანი რუსეთის გავლენიდან გამოვიდა, რადგან თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა დაეხმარა. მოლდოვას რუმინეთი და დანარჩენი ევროპა ეხმარება.

უკრაინა ომობს.

მე ყველა ამ ქვეყანას, შესაძლოა აზერბაიჯანის გამოკლებით, ევროპის ნაწილად ვხედავ. მათ ევროკავშირში ვხედავ.

ილუზიები არ მაწუხებს. დღევანდელი რუსების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, ალბათ უმრავლესობისთვისაც კი, მე მოღალატე ვარ".

რადიო თავისუფლება: რამდენად მისაღებია მომავლის ეს სურათი რიგითი რუსისთვის? როცა ამ ყველაფერს ისმენენ თქვენგან, გეთანხმებიან თუ პირიქით, აშინებთ? როგორ აპირებთ ამ ადამიანების დარწმუნებას, რომ სიტუაციას თქვენი თვალით შეხედონ?

ვოლნა: მე ესტონეთში გადავედი საცხოვრებლად. ეს მარტივი არ ყოფილა. სამი არასრულწლოვანი შვილი მყავს. მაგრამ ეს გადაწყვეტილება მეუღლესთან ერთად მივიღე.

ესტონეთში საერთაშორისო დაცვა მივიღეთ, რადგან ყირიმის ანექსიისა და ოკუპაციის მომენტიდან აქტიურად ვაპროტესტებდი რუსეთის აგრესიას.

შემდეგ უკრაინაში წავედი, რათა ჩემს უკრაინელ კოლეგებთან ერთად, მხარდამხარ, სამედიცინო ფრონტზე მებრძოლა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

ამიტომ ილუზიები არ მაწუხებს. დღევანდელი რუსების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, ალბათ უმრავლესობისთვისაც კი, მე მოღალატე ვარ.

მე ვუღალატე ამ ფაშისტურ სახელმწიფოს იმისთვის, რომ ამ ომში ნათელ მხარეს ვყოფილიყავი.

ამიტომ ილუზიები არაფრისმომცემია - სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ, სამწუხაროდ, მხოლოდ ტანჯვის გზით შეიძლება რუსებმა გააცნობიერონ, რომ იმპერია უნდა დაიშალოს.

და ამისთვის კი აუცილებელია უკრაინის გამარჯვება.

ასევე ნახეთ

„ომი დასასრულს უახლოვდება“?! - როგორ იქცა „ნარკომანების ხროვის თავკაცი“ „ბატონ ზელენსკიდ“