- სასწავლებლებს დაუწესდებათ უცხოელი სტუდენტების მიღების მაქსიმალური კვოტები, სტუდენტებს კი - დამატებითი წინაპირობები სასწავლებლებში მისასვლელად.
- უნივერსიტეტებმა უცხოელი სტუდენტების შესახებ მთელი რიგი ინფორმაცია უნდა ასახონ „ერთიან საინფორმაციო სისტემაში“.
- დგინდება უცხოელი მიგრანტების საქმეთა განხილვის „შემჭიდროებული ვადები“ - შესაძლებელი იქნება ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაც.
- არის სხვა არაერთი ცვლილებაც, რაც გავლენას მოახდენს საქართველოში სწავლის სურვილის მქონე უცხოელებზე.
- „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ მიგრაციისადმი დამოკიდებულების გამკაცრების ფონზე, შესაძლოა, გარკვეულმა ნაკადებმა საქართველოსკენ გადმოინაცვლოს და ქვეყანა ამას მზად უნდა შეხვდეს.
ასევე ნახეთ
ვინ ცხოვრობს საქართველოში ქართველების გარდა - კობახიძე მიგრაციაზე, შობადობასა და პატრიოტიზმზე პარლამენტშიკვოტები
შსს-ს თანახმად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით „საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დაწესდება უცხოელი სტუდენტების მიღების მაქსიმალური კვოტა“.
რამდენი იქნება ეს კვოტა ან რა პრინციპით განისაზღვრება, - იქნება თუ არა განსხვავებული ფაკულტეტების მიხედვით, - ჯერჯერობით უცნობია.
უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის გადასახადი არაერთი კერძო უნივერსიტეტისთვის, - მათ შორის მათთვის, რომლებსაც ძირითადად სამედიცინო მიმართულებები აქვთ - არის დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო.
ასევე ნახეთ
92%-იანი შემცირება - ილიაუნის მომავალ წელს მხოლოდ 300 სტუდენტის მიღების უფლება დაუტოვეს„ერთიანი საინფორმაციო სისტემა“
გარდა ამისა, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებული იქნება, რომ უცხოელი სტუდენტის შესახებ მთელი რიგი ინფორმაცია ასახოს „ერთიან საინფორმაციო სისტემაში“.
და ხაზგასმულია, რომ ამ სისტემაზე წვდომა ექნებათ „შესაბამის სახელმწიფო უწყებებს“, - თუ რომელს, დაზუსტებული არ არის.
მითითებულია, რომ ეს ინფორმაცია არის ინფორმაცია „უცხოელი სტუდენტის ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის/აღდგენის, მობილობის, სწავლის დასრულების შესახებ“.
მითითებული ასევე „და სხვა ინფორმაცია“, - და არ არის დაზუსტებული, „და სხვა“ რას გულისხმობს.
ასევე ნახეთ
მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს ინდოელი სტუდენტი, რომელსაც თბილისში ეძებდნენდარღვევა „ავტორიზაციის გაუქმებასაც“ გამოიწვევს
წესდება პასუხისმგებლობაც:
- საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უცხოელი სტუდენტების აღრიცხვის წესების დარღვევისთვის;
- სანქციის სახედ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ჯარიმა, ასევე უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვა და ავტორიზაციის გაუქმება.
ენის სერტიფიკატი ან/და გამოცდის ჩაბარება
შსს წერს, რომ მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო არ ითვალისწინებს უცხოელი სტუდენტის სწავლასთან დაკავშირებით დეტალურ რეგულაციებს. ამიტომ, ცვლილებების თანახმად:
- განისაზღვრება უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უცხოელი სტუდენტების მიღების დამატებითი წინაპირობები.
- ასეთი წინაპირობა იქნება „ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენა ან/და NAEC-ის მიერ ორგანიზებული უცხო ენის/სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარება“.
- ეს, შსს-ს თანახმად, გამორიცხავს სტუდენტის ჩარიცხვას „უცხოენოვან პროგრამაზე ისე, რომ რეალურად არ ფლობდეს შესაბამის ენობრივ კომპეტენციას“.
საქართველოში სახელმწიფო ენის გამოცდა, ქართული განათლების ისტორიაში პირველად, 2025 წლის ნოემბერში ჩატარდა. გამოცდა განსაზღვრავს ქართული ენის ფლობის დონეებს A1-დან B2-ის ჩათვლით (2030 წლიდან დაგეგმილია, რომ C1-C2 დონის განმსაზღვრელი გამოცდებიც ჩატარდეს).
ასევე ნახეთ
სახელმწიფო ენის გამოცდა წელს პირველად ჩატარდებასასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაც მკაცრდება
კანონპროექტით დარეგულირდება ასევე სასწავლო ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული საკითხები, - წერს შსს.
და განმარტავს, რომ ამ ნებართვას გასცემენ „სრულწლოვან პირზე მხოლოდ ავტორიზებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შემთხვევაში“.
განსაზღვრავენ უცხოელი სტუდენტის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის - ანუ, შსს-ს განმარტებითვე, ბინადრობის ნებართვის გაუქმების - საფუძვლებს.
ეს საფუძვლები იქნება:
- სტუდენტის მიერ აკადემიური მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა;
- შრომითი საქმიანობის პირობების დარღვევა;
- ასევე, თუკი ის „ფაქტობრივად არ იქნება საქართველოს ტერიტორიაზე კანონით განსაზღვრული ვადით“.
ასევე ნახეთ
ტაქსისტი, კურიერი, გიდი - აკრძალვა უცხოელებისთვის: რეფორმა თუ პოპულიზმი?„ფიქციური ქორწინების“ შესამოწმებელი კომისია
განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის ახალი სახე: „საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა“.
იგი გაიცემა მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოპოვებამდე.
შსს აცხადებს, რომ ამ ნებართვის გაცემამდე „შემოწმდება ქორწინების ნამდვილობა და ამ მიზნით შეიქმნება სპეციალური კომისია“.
ამასთან, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის „ფიქციური ქორწინება“.
თუკი ეს „ფიქციური ქორწინება“ რეგისტრირებულია მოქალაქეობის, ბინადრობის ნებართვის თუ საქართველოში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მოპოვების მიზნით.
სასჯელის სახით გათვალისწინებული იქნება:
- უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ვადით ორიდან ათ წლამდე,
- ან ჯარიმა,
- ან შინაპატიმრობა ვადით ერთიდან ორ წლამდე,
- ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე.
ახალი უფლებამოსილებები
კანონპროექტთა პაკეტი ასევე ითვალისწინებს უცხოელი მსჯავრდადებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლას - საქართველოდან გაძევებითა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვით.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს მიენიჭება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება - „უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი პრევენციისა და აღკვეთის მიზნით“.
შემცირებული ვადები
მცირდება გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადებიც.
დგინდება საქმის განხილვის შემჭიდროებული ვადები.
რიგ შემთხვევაში შესაძლებელი ხდება საქმეების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
შსს 8 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ცვლილებების ავტორია შინაგან საქმეთა სამინისტრო და ის მოამზადა მჭიდრო კოორდინაციით იუსტიციის სამინისტროსთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან.
„მიგრაციული ნაკადების გადმონაცვლება“
8 ივნისს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა მორიგ ჯერზე გააკრიტიკა ევროკავშირი - ამჯერად „მიგრაციული პროცესის მიშვების“ გამო:
„მიგრაციის მართვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა დღევანდელ სამყაროში. ჩვენ ვნახეთ, სადამდე მიჰყავს მდგომარეობა იმას, როდესაც მიგრაციის პროცესი არის მიშვებული და ეს ვნახეთ ევროკავშირის მაგალითზე“, - თქვა მან.
თუმცა იქვე განაცხადა, რომ „თავქარიანად“ მოქცევის შემდეგ, ბრიუსელი „პოლიტიკის გამოსწორების, გამკაცრების“ გზას ადგას. ნაწილობრივ ამით დაასაბუთა ცვლილებების საჭიროებაც:
„რა თქმა უნდა, ამის ფონზე, როდესაც ევროკავშირში მიგრაციისადმი დამოკიდებულება შეიძლება გამკაცრდეს, არის მოსალოდნელი, რომ გარკვეულმა ნაკადებმა საქართველოსკენ გადმოინაცვლოს.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ერთი მხრივ, არსებული გამოწვევები აღმოვფხვრათ და მეორე მხრივ, მომზადებულები შევხვდეთ სხვადასხვა შესაძლო მიგრაციულ პროცესს“, - განაცხადა მან.
„ბრძოლა უკანონო მიგრაციასთან“
ბოლო წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა „არალეგალურ მიგრაციას“.
ირაკლი კობახიძემ 18 თებერვალს პარლამენტში განაცხადა, რომ გასული 12 თვის განმავლობაში „გავაძევეთ იმაზე მეტი არალეგალი უცხოელი, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში“.
„ჩვენი გეგმის მიხედვით, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა და 2026 წლის განმავლობაში, ვფიქრობთ, მოხერხდება უცხოელი არალეგალი მიგრანტების დაახლოებით 20%-ის გაძევება“, - თქვა მან.