კობახიძემ ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორობის მაგალითად დაასახელა

საქართველოსა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრები - არქივი

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთთან ურთიერთობას „საუკეთესო პარტნიორობის მაგალითს“ უწოდებს. გუშინ, 9 ივნისს, გაფორმებულ „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებასა“ და გაღრმავებულ ურთიერთობაზე მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„სრულიად თვალნათელია, რომ ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე, არამედ ის აისახება სრულიად კონკრეტულ სარგებელში ორივე ქვეყნისთვის.

სწორედ ასეთი უნდა იყოს სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და ღირსებას ეფუძნება და რომელიც ორმხრივ სარგებელზეა ორიენტირებული“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეპყრობა, როგორც თანასწორს და თანატოლს“, რაც, მისი თქმით, „განსაკუთრებულად თვალშისაცემი და დასაფასებელია“.

ურთიერთობის გაღრმავების დასადასტურებლად პრემიერ-მინისტრმა მოიყვანა სტატისტიკური მონაცემები სავაჭრო ბრუნვისა და ტურიზმის ზრდის შესახებ.

„მხოლოდ გასული 6 თვის განმავლობაში, ჩინეთში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და 5 მინისტრის ვიზიტი. თითოეული ეს ვიზიტი კონკრეტულ შედეგებზე იყო ორიენტირებული“, - თქვა კობახიძემ.

მან „განსაკუთრებული მადლობა“ გადაუხადა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, პრემიერს, „პარტნიორ მინისტრებსა“ და ჩინეთის ელჩს საქართველოში.

ჟურნალისტებთან კითხვა-პასუხის დროს მან ჩინეთს კიდევ ერთხელ უწოდა ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო.

„ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა“

საქართველო-ჩინეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის სამი წლისთავზე, ორმა ქვეყანამ განაცხადა, რომ ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, გადავიდნენ „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ ეტაპზე.

სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ გადაწყვეტილებაზე ცნობილი გახდა პრეზიდენტების, სი ძინპინისა და მიხეილ ყაველაშვილის 9 ივნისის „მისალოცი შეტყობინებებიდან", რომლებიც ჩინეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავთან იყო დაკავშირებული.

ასევე ნახეთ

საქართველო-ჩინეთი „ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე“ გადავიდნენ

ფონი

ერთი დღით ადრე, 8 ივნისს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ადმინისტრაციას ავალებს, დეტალურად შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის სააგენტოების მოქმედება.

კანონპროექტი H.R. 7668 ასახავს ვაშინგტონის მზარდ შეშფოთებას, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სულ უფრო უახლოვდება აშშ-ის მთავარი მეტოქეების მიერ კონტროლირებულ პოლიტიკურ ორბიტას. კანონპროექტი 8 ივნისს წარმომადგენელთა პალატამ დაჩქარებული პროცედურით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო.

ასევე ნახეთ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი

„გულწრფელად გითხრათ, არ ვართ დაინტერესებული ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ვიღაც ამერიკელი კონგრესმენის კომენტარით“, - საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ცნობით, განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოუ ციენმა 9 ივნისს.

კობახიძემ დღეს, 10 ივნისს კი თქვა, რომ აშშ-ის მიერ საქართველოს გაკრიტიკება ალოგიკური იქნება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ თვითონ აშშ, მისი ადმინისტრაცია, სახელმწიფო დეპარტამენტი მაქსიმუმს აკეთებს ამერიკულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ასეთ პირობებში ამერიკულ ხელისუფლებას ვერ ექნება ვერავითარი ობიექტური, კრიტიკული შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ცდილობს ასევე ურთიერთობების მაქსიმალურად გაღრმავებას.

ჯო უილოსონი ერთია, მაგრამ როდესაც საუბარია კონკრეტულ ადმინისტრაციაზე, რომელიც თავადაც ცდილობს ურთიერთობის გაღრმავებას, სხვას ვერ გააკრიტიკებს ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავების გამო“, - ამბობს კობახიძე და დასძენს, რომ „იმედი მაქვს, რომ რაზეც დღეს ვსაუბრობდით [ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავება], მაგალითად აიღებს ამერიკული ადმინისტრაციაც“.

„არასერიოზული კაცი“

9 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ კანონპროექტის ავტორს, რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს, „აბსოლუტურად არასერიოზული კაცი“ უწოდა და თქვა:

„მას [აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს] ცოტა ხნის წინ ჰქონდა ვიზიტი ჩინეთში, მეგობარს უწოდებს ჩინეთის პრეზიდენტს, ამ ფონზე, როდესაც გამოდის ვიღაც ჯო უილსონი და საუბრობს იმაზე, რომ ჩინეთს აქვს ნეგატიური გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, სრულიად არასერიოზულია და რაიმე განსაკუთრებულ კომენტარს არ იმსახურებს“.

ასევე ნახეთ

იმედია, შეიცვლება არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან, არამედ მათი ქცევა - რუბიო

აშშ-ის მიერ საქართველოსთან შეჩერებული სტრატეგიული ურთიერთობა

2024 წლის ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ამ დროს საქართველოს დედაქალაქში პოლიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკის საწინააღმდეგო აქციას შლიდა.

სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა, თუმცა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები არ მოხსნილა. ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრები ჰქონდათ აშშ-ში. ხელისუფლებაში მყოფი პარტიის ლიდერები დადებით სიგნალებზე საუბრობენ.

„ერთადერთი კონკრეტული კრიტერიუმია ჩვენთვის, რომელიც იმის დასტური იქნება, რომ გადავდივართ ახალ ეტაპზე ჩვენი ურთიერთობების, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება, ეს არის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ...

ეს უნდა იყოს რეალური ხელშესახები შედეგების მქონე სტრატეგიული პარტნიორობა, მთლიანად ამაზე ვართ კონცენტრირებული და ამას ვამბობთ ღიად, საჯაროდაც და დახურულ კარს მიღმაც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან... იმედი გვაქვს, რომ ეს მოხდება. ჩვენ ამისათვის გავაკეთებთ ყველაფერს“, - თქვა ირაკლი კობახიძემ 26 მარტს.

ასევე ნახეთ

კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლის ერთადერთ კრიტერიუმს ასახელებს

ასევე ნახეთ

"რაც შტატებს უნდა და რაც მამას უნდა, ამას გაიგებთ მოგვიანებით" - კობახიძე რუბიოს განცხადების პასუხად