შეერთებულმა შტატებმა ირანის სამხედრო ობიექტები დაბომბა, თეირანმა საპასუხო დარტყმის შესახებ განაცხადა

ამერიკული გამანადგურებელი F/A-18F(საილუსტრაციო ფოტო)

ამერიკელმა სამხედროებმა ისევ დაბომბეს ირანის ობიექტები. შეტევას წინ უძღოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 10 ივნისის განცხადება, რომ ირანმა გარიგების შესახებ მოლაპარაკებები ძალიან გააჭიანურა და ამის საფასურს გადაიხდის.

ტრამპის ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ(CENTCOM) გაავრცელა ცნობა, რომ თავდაცვის მიზნით დაიწყეს დამატებითი დარტყმები სამიზნეებზე ირანში და ეს არის პასუხი დაუსაბუთებელ აგრესიაზე, რომელსაც ირანი განაგრძობს.

ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA-ს ცნობით, აფეთქებები იყო ბანდარ-აბასის აეროპორტის და საავიაციო ბაზის რაიონში და საპორტო ქალაქ სირიქში, სადაც ირანის სამხედრო-საზღვაო ბაზაა.

ამერიკული გამოცემა Axios-ის სამხედრო წყაროთა თანახმად, შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ირანის სამხრეთში დაარტყეს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარებს და დრონების მართვის ობიექტებს.

11 ივნისს ირანის მედიასაშუალებებით გავრცელდა ცნობები, რომ დარტყმების პასუხად ირანის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში სარაკეტო შეტევა მიიტანეს ამერიკულ სამხედრო გემზე. ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ. მან უარყო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაც ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შესახებ.

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, აშშ-ის დარტყმების პასუხად ირანის ძალებმა შეტევა მიიტანეს ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე კუვეიტსა და ბაჰრეინში. კუვეიტის სახელმწიფო სააგენტომ არმიაზე დაყრდნობით 11 ივნისს გაავრცელა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვამ „მტრის ობიექტები“ მოიგერია.

ასევე ნახეთ

პუტინის გაკვეთილები: ირანი კრემლის ტაქტიკას იყენებს აშშ-სთან მოლაპარაკებებში

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ყველაზე სერიოზული ესკალაციაა მას შემდეგ, რაც აპრილის დასაწყისში აშშ და ირანი დროებით ზავს დასთანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების გაგრძელების მიზნით. მოლაპარაკებებს შედეგი ამ დრომდე არ მოჰყოლია.

9 ივნისს შეერთებულმა შტატებმა ირანს დააკისრა პასუხისმგებლობა წინა დღეს ჰორმუზის სრუტის რაიონში ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის, Apache-ის ჩამოგდებაზე და პასუხად ირანის სამხედრო ობიექტები დაბომბა.

10 ივნისს ირანმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატების შეტევას უპასუხა ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმით იორდანიაში, კუვეიტსა და ბაჰრეინში.

ასევე ნახეთ

ირანელები კიდევ უფრო გაღატაკდნენ ომით დანგრეული ეკონომიკის პირობებში
  • 2026 წლის 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზეზად დაასახელეს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობით გამოწვეული საფრთხე. თეირანი ირწმუნება, რომ ბირთვულ პროგრამას სამოქალაქო მიზნები აქვს.
  • ირანმა აშშ-ისრაელის ოპერაციას უპასუხა დარტყმებით ისრაელსა და აშშ-ის მოკავშირე მეზობელ ქვეყნებზე და მსოფლიო ბაზრებისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, რამაც საწვავის მიწოდების პრობლემა და გაძვირება გამოიწვია.
  • თავის მხრივ, აშშ-მა დაბლოკა ირანის პორტები.
  • 2026 წლის 7 აპრილიდან აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების მიზნით. დროებითი ზავის პირობა იყო ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენა.