უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად ნავთობის გადამუშავება შეაჩერა ქარხანამ „კუიბიშევსკი“, რომელიც რუსეთის ქალაქ სამარაში მდებარეობს. საწარმოო პროცესის შეჩერება სააგენტო Reuters-ს დაუდასტურა ორმა ინფორმირებულმა წყარომ.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ სტრუქტურაში შემავალ ამ ქარხანას 10 ივნისს დაარტყეს.
Reuters-ის წყაროთა თანახმად, დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეულმა დაზიანებებმა და ხანძარმა მწყობრიდან გამოიყვანა ნავთობის პირველადი გადამუშავების ორივე დანადგარი. თითოეულის საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 73 000 ბარელია.
ასევე ნახეთ
უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა დარტყმა რუსეთის სამხედრო და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზეკომპანია „როსნეფტს“ სამარის ოლქში აქვს სხვა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიც ქალაქებში, სიზრანსა და ნოვოკუიბიშევსკში. 2024 წლიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ქარხნებს არაერთხელ დაარტყეს.
2026 წლის აპრილსა და მაისში განხორციელებული შეტევების შედეგად სიზრანის ქარხანამ მუშაობა შეაჩერა, ნოვოკუიბიშევსკის ქარხანამ კი ნავთობის გადამუშავება შეამცირა.
- ბოლო თვეებში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მნიშვნელოვნად გაააქტიურეს შეტევა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ნავთობის საცავებსა და პორტების ტერმინალებზე.
- მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს, კიევი კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმას რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში და მიზნად ასახელებს რუსეთის საექსპორტო პოტენციალის შემცირებას და შესაბამისად, ომის დაფინანსების წყაროთა შეზღუდვას.
სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, მხოლოდ 2026 წლის მაისში რუსეთის ნავთობობიექტებზე უკრაინული დრონებით სულ მცირე 30 დარტყმა იყო, რაც ომის დაწყების შემდეგ ერთ თვეში განხორციელებული შეტევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.