შეტევის ერთ-ერთი სამიზნე იყო აფიპსკის რაიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა ადრეც არაერთხელ დაარტყეს.
11 ივნისს დილით კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენის“ გამო აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ეს ქარხანა კრასნოდარის მხარის სევერსკის რაიონში, ქალაქის ტიპის დასახლება აფიპსკიში მდებარეობს. რეგიონის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის ინფორმაციით, უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად სევერსკის რაიონში დაზიანებულია რამდენიმე კერძო სახლი და დაშავდა ერთი ადამიანი, ხოლო ქალაქ კრასნოდარში „დრონების ნამსხვრევებმა“ ხანძარი გამოიწვია მრავალბინიან სახლში, სადაც ორი ადამიანი დაშავდა.
განახლება: 11 ივნისს საღამოს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებმა დრონებით დაარტყეს აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც ჩართულია საწვავით რუსეთის სამხედრო ძალების მომარაგებაშიც.
ასევე ნახეთ
დრონებით შეტევის შედეგად ნავთობის გადამუშავება შეაჩერა „როსნეფტის“ ქარხანამ სამარაში - Reutersკრასნოდარის მხარე რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, სადაც უკრაინის თავდაცვის ძალები ხშირად უტევენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ბაზებს და პორტების ტერმინალებს.
მხოლოდ 2026 წლის გაზაფხულზე და მხოლოდ ქალაქ ტუაფსეში უკრაინულმა დრონებმა ხუთჯერ შეუტიეს საზღვაო ნავთობტერმინალს.
ივნისის დასაწყისიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა კრასნოდარის მხარეში დაარტყეს ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ნავთობის გადასატვირთავი კომპლექსის, „შესხარისის“ შემადგენლობაში არსებულ ნავთობის ბაზას ქალაქ ნოვოროსიისკში.