ტრამპმა განაცხადა ირანის კუნძულ ხარქზე კონტროლის დამყარების გეგმების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ TruthSocial-ზე ირანზე ახალი „ძალიან ძლიერი“ დარტყმის შესახებ განაცხადა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სამხედრო ძალებმა ზედიზედ ორი ღამის განმავლობაში დარტყმები განახორციელეს ირანის ობიექტებზე, ხოლო ირანმა აშშ-ის ბაზებს დაარტყა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

გარდა ამისა, როგორც ტრამპმა დაწერა, „ახლო მომავალში, გარკვეულ მომენტში ჩვენ დავიკავებთ კუნძულ ხარქს და ნავთობის ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებს და დავამყარებთ სრულ კონტროლს მათ ნავთობისა და გაზის ბაზრებზე, ისევე როგორც ამას ვენესუელას შემთხვევაში ვაკეთებთ, რაც შესანიშნავად მუშაობს როგორც ვენესუელისთვის, ასევე შეერთებული შტატებისთვის“.

კუნძული ხარქი, რომელიც ირანს ეკუთვნის, სპარსეთის ყურეში მდებარეობს. მასზე მდებარეობს ნავთობის უდიდესი ტერმინალი, საიდანაც ირანის ნავთობის 90%-ზე მეტი გადის ექსპორტზე. კუნძულზე არსებულ ობიექტებზე თავდასხმები ხორციელდებოდა თებერვალ-აპრილში ირანის წინააღმდეგ ისრაელისა და აშშ-ს კამპანიის დროს.

კუნძულზე კონტროლის დამყარება ერთ-ერთ შესაძლო ოპერაციად იქნა ნახსენები, იმ შემთხვევაში, თუ აშშ ირანის წინააღმდეგ სახმელეთო მოქმედებებს დაიწყებდა.

ასევე ნახეთ

ტრამპი: ირანმა "ძალიან გააჭიანურა" შეთანხმების გაფორმება და ახლა "ფასს გადაიხდის"

ტრამპმა არ დააკონკრეტა, ნიშნავდა თუ არა მისი პოსტი სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების განახლებას — ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ფორმალურად ძალაში რჩება, თუმცა ორივე მხარემ არაერთხელ დაადანაშაულა ერთმანეთი მის დარღვევაში. ირანის ხელისუფლება ჯერ არ გამოხმაურებია აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს.

ირანზე თავდასხმების გარდა, 10 და 11 ივნისს აშშ-ის სამხედრო ძალებმა ტანკერებზე თავდასხმა განახორციელეს ომანის ყურეში, რომლებიც, სავარაუდოდ, ირანის ნავსადგურების საზღვაო ბლოკადის დარღვევას ცდილობდნენ. 11 ივნისს, დილით, ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ომანიდან ირანში ტვირთის გადამზიდავი ირანული გემი ჩაიძირა. ეკიპაჟის ხუთი წევრი გადაარჩინეს.

მანამდე, ინდოეთის სამი მოქალაქე, პალაუს დროშის ქვეშ მცურავი ტანკერ Settebello-ს ეკიპაჟის წევრები, დაიღუპნენ გემზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ დაადასტურა ტანკერზე თავდასხმის ფაქტი და განაცხადა, რომ ეკიპაჟმა უარი თქვა ამერიკელი სამხედროების ბრძანებების შესრულებაზე.

სარდლობამ განაცხადა, რომ გემს ირანული ნავთობი გადაჰქონდა. ინდოეთის ხელისუფლებამ აშშ-ის ელჩს პროტესტი გაუგზავნა.

ასევე ნახეთ

შეერთებულმა შტატებმა ირანის სამხედრო ობიექტები დაბომბა, თეირანმა საპასუხო დარტყმის შესახებ განაცხადა