გაეროს გენერალური მდივანი მოუწოდებს ირანის ომის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაუბრუნდნენ

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში (არქივი)

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში „ღრმად შეშფოთებულია“ ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციით - აშშ-ის მიერ ირანზე ახალი დარტყმებით და ირანის მიერ მის მიმდებარე ქვეყნებზე განხორციელებული იერიშებით, განაცხადა გაეროს პრესმდივანმა 11 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

„ის მოუწოდებს მხარეებს, დაუბრუნდნენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულ განხორციელებას და თავიდან აიცილონ შემდგომი გაუარესება, რამაც, როგორც მან გუშინ უშიშროების საბჭოს განუცხადა, შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტის სრული განახლება, რასაც არაპროგნოზირებადი შედეგები ექნება რეგიონისა და მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი ყველაზე დაუცველი ქვეყნებისთვის“, - განაცხადა პრესმდივანმა.

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ყველაზე სერიოზული ესკალაციაა მას შემდეგ, რაც აპრილის დასაწყისში აშშ და ირანი დროებით ზავს დასთანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების გაგრძელების მიზნით.

მოლაპარაკებებს შედეგი ამ დრომდე არ მოჰყოლია.
9 ივნისს შეერთებულმა შტატებმა ირანს დააკისრა პასუხისმგებლობა წინა დღეს ჰორმუზის სრუტის რაიონში ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის, Apache-ის ჩამოგდებაზე და პასუხად ირანის სამხედრო ობიექტები დაბომბა.

10 ივნისს ირანმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატების დარტყმას უპასუხა მის სამხედრო ობიექტებზე დარტყმით იორდანიაში, კუვეიტსა და ბაჰრეინში.

2026 წლის 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია. მიზეზად გამოცხადდა ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობით გამოწვეული საფრთხე.

თეირანი ირწმუნება, რომ ბირთვულ პროგრამას სამოქალაქო მიზნები აქვს.

ირანმა აშშ-ისრაელის ოპერაციას უპასუხა დარტყმებით ისრაელსა და აშშ-ის ბაზებზე მოკავშირე მეზობელ ქვეყნებში, ჩაკეტა ნავთობისა და გაზის მიწოდებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე.

აშშ-მა დაბლოკა ირანის პორტები.

ასევე ნახეთ

შეერთებულმა შტატებმა ირანის სამხედრო ობიექტები დაბომბა, თეირანმა საპასუხო დარტყმის შესახებ განაცხადა

2026 წლის 7 აპრილიდან აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების მიზნით.

ირანი ზავის პირობად მიიჩნევს ლიბანში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შეწყვეტასაც, რაც არ სრულდებოდა, რადგან ისრაელის მიმართ აგრესიას ავლენს ჰეზბოლა, რომელიც ირანის წინააღმდეგ ომის საპასუხოდ ჩაერთო საომარ დაპირისპირებაში და ლიბანის მთავრობის მხრიდან ისრაელთან მოლაპარაკებას არ ეთანხმება.

ასევე ნახეთ

ტრამპმა განაცხადა ირანის კუნძულ ხარქზე კონტროლის დამყარების გეგმების შესახებ