რუსეთმა აკრძალა სომხეთიდან მთელი „საკარანტინო" პროდუქციის შეტანა

რუსეთის ფედერალური სამსახურის, „როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენელი (საილუსტრაციო ფოტო)

დღეიდან, 12 ივნისიდან სომხეთიდან რუსეთში ვეღარ შევა ათეულობით სახეობის პროდუქცია.

რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა „როსსელხოზნადზორმა“ შეზღუდა სომხეთიდან რუსეთში და სომხეთიდან რუსეთის გავლით ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში(ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი) მთელი „საკარანტინო" პროდუქციის შეტანა.

დოკუმენტში, რომელიც მსგავსი პროდუქციის ჩამონათვალს მოიცავს, 130-მდე პუნქტია. მათ შორისაა სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა პროდუქტი, ფქვილი, მცენარეები, პირუტყვის საკვები, ხის მასალა და ა.შ.

„როსსელხოზნადზორის“ თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია „საკარანტინო ობიექტების სისტემატური გამოვლენის გამო“ და აკრძალვა იმოქმედებს უსაფრთხოების „კონკრეტული ალგორითმის“ შემუშავებამდე.

„როსსელხოზნადზორის“ მტკიცებით, მას შემდეგ, რაც მაისიდან ეტაპობრივად დაიწყეს სომხური პროდუქციის ცალკეული სახეობების შეტანის აკრძალვა და სომხეთი დარღვევების შესახებ გააფრთხილეს, ივნისში მავნებელი ხოჭო ხაპრა აღმოაჩინეს სომხეთიდან შეტანილ თხილშიც და ატმის და ტომატის ჩირებში. ეს ჩაითვალა სომხეთში არასაკმარისი კონტროლის „მტკიცებულებად“ და ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემისადმი „უნდობლობის“ საფუძვლად, ამიტომ შეზღუდეს სომხეთიდან მთელი „საკარანტინო“ პროდუქციის შეტანა.

  • რუსეთის გადაწყვეტილებას პოლიტიკური კონტექსტი აქვს. მოსკოვი გაღიზიანებულია ევროკავშირთან სომხეთის დაახლოებით.

ასევე ნახეთ

ევროკავშირი სომხეთს მხარდაჭერას ჰპირდება, რუსეთის მხრიდან ზეწოლის ფონზე

2026 წლის მაისიდან რუსეთმა ფიტოსანიტარიული მოთხოვნების დარღვევის საბაბით აკრძალა სომხეთიდან ყვავილების, ბოსტნეულის და ხილის გარკვეული სახეობების და თევზის შეტანა.

მარკირების წესის დარღვევის საბაბით აიკრძალა მინერალური წყლის, „ჯერმუკის" შეტანაც. შეზღუდვა შეეხო სომხეთის რამდენიმე კომპანიის მიერ წარმოებულ ალკოჰოლურ პროდუქციასაც.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ივნისის დასაწყისში განაცხადა, რომ პროდუქციას შეიძენენ სხვა ქვეყნები, მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოები.

ასევე ნახეთ

“რუსეთი ჩვენ დროებით დაკარგულ ტერიტორიად აღგვიქვამს” - ინტერვიუ სომეხ პოლიტოლოგთან

7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ პრორუსული ძალების დამარცხება და საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება შეძლო.