ხარკოვში მაშველები დაიღუპნენ რუსეთის მასირებული შეტევისას

ხარკოვზე შეტევა იყო 14 ივნისსაც. უკრაინელი მეხანძრე-მაშველი ხელოვნების მუზეუმის შენობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის დროს.

რუსეთის ჯარებმა მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. დრონებით და რაკეტებით შეტევა გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იჰორ კლიმენკოს ინფორმაციით, ერთ-ერთ ობიექტზე დარტყმით გამოწვეული ხანძრის ქრობისას განმეორებითი დარტყმა იყო, რის შედეგადაც დაიღუპა საგანგებო სიტუაციების სამსახურის 5 მაშველი და კიდევ 5 დაიჭრა.

მანამდე ხარკოვის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ სინეჰუბოვი ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ მაშველები ერთ-ერთ სამოქალაქო საწარმოში გაჩენილ ხანძარს აქრობდნენ.

რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ ხარკოვის ორ რაიონში დაშავდა კიდევ ოთხი ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

15 ივნისს რუსეთის ჯარებმა მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზეც, სადაც სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.

ასევე ნახეთ

კიევ-პეჩერის ლავრაში ხანძარია - რუსეთის ჯარებმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანეს