უკრაინა მოითხოვს მკაცრ პასუხს რუსეთის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის წინააღმდეგ ჩადენილ „ბარბაროსობაზე"

მეხანძრე-მაშველები კიევში, მიძინების ტაძრის სახურავზე. 2026 წლის 15 ივნისი

უკრაინა საერთაშორისო თანამეგობრობისგან მოითხოვს სწრაფ და ადეკვატურ პასუხს კიევ-პეჩერის ლავრაზე რუსეთის თავდასხმის გამო.

გასულ ღამით კიევზე რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევისას ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. კიევის მერის და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარი გაუჩნდა მიძინების ტაძრის სახურავს. ცეცხლი სრულად ჩააქრეს 15 ივნისს, დილის ცხრა საათისთვის.

კიევ-პეჩერის ლავრის ეროვნული ნაკრძალის დირექტორ მაქსიმ ოსტაპენკოს ინფორმაციით, მიძინების ტაძარს დრონი მოხვდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ 15 ივნისს სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ სიწმინდეზე, კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმით „პუტინმა თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ისტორიაში ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში“.

სიბიჰა ყველას შეახსენებს, რომ კიევ-პეჩერის ლავრა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და განსაკუთრებული დაცვის ქვეშაა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, იუნესკოს ფარგლებში სასწრაფოდ იწყებენ შესაბამისი პროცედურების ინიცირებას და სხვა საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებას.

სიბიჰას განცხადებით, უკრაინა მოითხოვს „დაუყოვნებლივ და ადეკვატურ პასუხს სახელმწიფოებრივ ბარბაროსობაზე“ და საერთაშორისო ინსტიტუტებისა და მსოფლიოს დედაქალაქებისგან მოელის მკაცრ რეაქციას და არა ბუნდოვან სიტყვებს, დუმილს, ან სუსტ ნაბიჯებს.

ასევე ნახეთ

ხარკოვში მაშველები დაიღუპნენ რუსეთის მასირებული შეტევისას

15 ივნისს კიევზე რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. დაზიანებული და დამწვარია სახლები და სხვა შენობები.

უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, კიევში დაზიანებულ შენობებს შორისაა დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიის რამდენიმე კორპუსი. ხანძარმა გაანადგურა კოსტიუმების კოლექცია.

ხანძარი გაუჩნდა უკრაინის ეროვნულ-კულტურულ და სამუზეუმო კომპლექს „მისტეცკის არსენალს“. დაზიანებულია უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს შენობა. განადგურებულია კომპანია „ახალი ფოსტის“ ტერმინალი. დარტყმა იყო ენერგოობიექტზეც, რომლის დაზიანების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 140 ათასამდე აბონენტს.

15 ივნისს, კიევზე მასირებული შეტევის შედეგად ხანძარი გაუჩნდა უკრაინის ეროვნულ-კულტურულ და სამუზეუმო კომპლექს „მისტეცკის არსენალს“

რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევა იყო დნეპროპეტროვსკის ოლქზეც.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რეგიონის ადმინიტრაციულ ცენტრში, ქალაქ დნიპროში და ოლქის რამდენიმე რაიონში დაზიანებულია სახლები, სასწავლო დაწესებულებები და საწარმოები. დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე.

ქალაქ დნიპროში დაზიანებულია საორღანო და კამერული მუსიკის სახლი, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენებული ტაძრის შენობაშია.

რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაზიანებული საორღანო და კამერული მუსიკის სახლი დნიპროში. 2026 წლის 15 ივნისი

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 15 ივნისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს სხვადასხვა ტიპის 70 რაკეტით, მათ შორის 6 გემსაწინააღმდეგო „ცირკონით” და 611 უპილოტო საფრენი აპარატით. ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 50 რაკეტის, მათ შორის ხუთი „ცირკონის” და 582 დრონის მოგერიება და 20 რაკეტით და 27 დრონით პირდაპირი დარტყმა 42 ადგილზე.

რა თქვა რუსეთმა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 ივნისს დილით გამოაცხადა, რომ „კიევის რეჟიმის ტერაქტების“ პასუხად კიევში, ხარკოვსა და დნეპროპეტროვსკში დაარტყეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს და რამდენიმე სამხედრო აეროდრომს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა დარტყმის სამიზნე ათამდე საწარმოს ჩამონათვალი. ამ სიაშია დრონების წარმოების და გამოყენებისთვის მოსამზადებელი საამქრო, რომელიც მოსკოვის მტკიცებით, კიევში, დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიის ტერიტორიაზეა.

რაც შეეხება კიევ-პეჩერის ლავრას, რუსეთმა დარტყმაზე პასუხისმგებლობა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას დააკისრა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ლავრის შენობების კომპლექსზე დარტყმა იყო ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, „პეტრიოტის“ რაკეტით და ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, ის იყოს, რომ „დასავლეთის სახელმწიფოებმა კიევის რეჟიმს ვადაგასული რაკეტები გადასცეს“.

უკრაინა რუსეთის ამ განცხადებას კატეგორიულად უარყოფს.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმას უწოდა რუსეთის დანაშაული ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ.