კიევზე რაკეტებითა და დრონებით მასირებული შეტევის შემდეგ რუსეთმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას დააკისრა პასუხისმგებლობა კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე დარტყმასა და ხანძარზე, დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდია კი დრონების წარმოების ადგილად მოიხსენია.
თავის მხრივ, უკრაინა საერთაშორისო თანამეგობრობისგან მოითხოვს ადეკვატურ რეაგირებას რუსეთის „ბარბაროსობაზე".
- რუსეთის ჯარებმა კიევზე მასირებული შეტევა 15 ივნისს მიიტანეს. დაიღუპა სულ მცირე 5 მშვიდობიანი მოქალაქე და 30-ზე მეტი დაშავდა.
- სახლების, ადმინისტრაციული შენობების, კერძო კომპანიების ოფისების და სამუზეუმო კომპლექსის დაზიანების გარდა, ხანძარი გაჩნდა იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად გამოცხადებულ კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარში.
- უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, დაზიანდა დოვჟენკოს სახელობის კონუსტუდიაც, სადაც ხანძარმა კოსტიუმების კოლექცია გაანადგურა.
- მსხვერპლის და ნგრევის გამომწვევი მასირებული შეტევა იყო ხარკოვის და დნეპროპეტროვსკის ოლქებზეც.
ასევე ნახეთ
უკრაინა მოითხოვს მკაცრ პასუხს რუსეთის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის წინააღმდეგ ჩადენილ „ბარბაროსობაზე"რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 ივნისს დილით გამოაცხადა, რომ „კიევის რეჟიმის ტერაქტების პასუხად“(მოსკოვი ასე უწოდებს რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შეტევებს) კიევში, ხარკოვსა და დნეპროპეტროვსკში დაარტყეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს და რამდენიმე სამხედრო აეროდრომს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა დარტყმის სამიზნე ათამდე საწარმოს ჩამონათვალი. ამ სიაშია დრონების წარმოების და გამოყენებისთვის მოსამზადებელი საამქრო, რომელიც მოსკოვის მტკიცებით, კიევში, დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიის ტერიტორიაზეა.
რაც შეეხება კიევ-პეჩერის ლავრას, რუსეთმა რაიმე მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე, დარტყმაზე პასუხისმგებლობა დააკისრა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ლავრის შენობების კომპლექსზე დარტყმა იყო ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, „პეტრიოტის“ რაკეტით და ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, ის იყოს, რომ „დასავლეთის სახელმწიფოებმა კიევის რეჟიმს ვადაგასული რაკეტები გადასცეს“.
კიევ-პეჩერის ლავრის ეროვნული ნაკრძალის დირექტორ მაქსიმ ოსტაპენკოს ინფორმაციით, მიძინების ტაძარს რუსული დრონი მოხვდა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმას უწოდა რუსეთის დანაშაული ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმით „პუტინმა თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ისტორიაში ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში“. უკრაინამ საერთაშორისო თანამეგობრობისგან მკაცრი რეაგირება მოითხოვა.
განახლება: მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას დააკისრა პასუხისმგებლობა კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე დარტყმასა და ხანძარზე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ლავრაზე დარტყმა იყო რუსული დრონით „გერანი 2”.