უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ინფორმაციით, მისმა ქვედანაყოფმა Deep Strike-მა უპილოტო სისტემების ძალებთან, უსაფრთხოების სამსახურსა და სამხედრო დაზვერვასთან ერთად „წარმატებით დაარტყა“ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, სადაც „მასშტაბური ხანძარი“ გაჩნდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეომრებს მადლობა გადაუხადა „შედეგიანი მუშაობისთვის“ და ხაზი გაუსვა, რომ თავდაცვის ძალებმა 500 კილომეტრის მანძილზე მდებარე ქარხანას დაარტყეს.
უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ რუსეთს უნდა აიძულონ ომის დასრულება და ამ იძულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია შორ მანძილზე დარტყმის უკრაინული იარაღი.
ასევე ნახეთ
მოსკოვში დრონით შეტევა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზემოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა სოციალური ქსელებით 16 ივნისს დილით გაავრცელა ცნობა, რომ დრონით დაზიანებულია მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ობიექტი. სობიანინს კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია.
მოსკოვის საგანგებო სიტუაციების სამმართველომ 16 ივნისს დღის 12 საათისთვის გამოაცხადა, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია და „ინციდენტი არ ასახულა საწარმოს ფუნქციონირებაზე".
- მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაპოტნიას რაიონში მდებარეობს და კომპანია „გაზპრომ ნეფტის" საკუთრებაა.
- საჯარო წყაროების თანახმად, ქარხნის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 11 მილიონი ტონაა, მოსკოვს უზრუნველყოფს ბენზინის 40%-ით და დიზელის საწვავის 50%-ით და მოსკოვის აეროპორტებისთვის საწვავის ძირითადი მიმწოდებელია.
- ქარხანა წარმოებული პროდუქციის 80%-ს აწვდის მოსკოვს და მოსკოვის ოლქს.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით შეუტიეს 2024 წლის სექტემბერშიც.