პასუხისგებაში მიცემული 8 ადამიანიდან 2-ზე, მათ შორის დავით ფერაძეზე, ძებნა გამოაცხადეს, ხოლო 6 დააკავეს.
დავით ფერაძე "საქართველოს რკინიგზას" 2017-2025 წლებში ხელმძღვანელობდა, მანამდე კი ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდში“ მუშაობდა.
„საქმე შეეხება სს "საქართველოს რკინიგზის" ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ მათი კომპანიაში მუშაობის პერიოდში გამოყენებულ კორუფციულ სქემებს“, - განაცხადეს სუსში გამართულ ბრიფინგზე 16 ივნისს.
საქმეში ნახსენებია საწარმო „ჯეოსთილიც“ - რომელსაც, გამოძიების თანახმად, ფულის გათეთრების მიზნით, გარკვეული მოცულობის შავი ლითონი ჩააბარეს.
ამ სქემით, ბრალდების თანახმად, ბრალდებულები „დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე“.
როგორ მუშაობდა სქემა
გამოძიების ვერსია ასეთია:
2019 წლის შემოდგომაზე დავით ფერაძემ, - რომელიც „რკინიგზის“ ხელმძღვანელი იყო, ამ საწარმოს დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი“.
ეს ჯგუფი მოქმედება შეთანხმებულად და ჰქონდა „სტრუქტურული ფორმა“.
ჯგუფს, წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო რკინიგზის კუთვნილი შავი ლითონის შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა.
პარალელურად, წინასწარ შერჩეული კომპანიების გამოყენებით, უნდა შედგენილიყო საგადასახადო დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც შავ ლითონს გაუჩნდებოდა ფორმალური, ვითომდა ლეგალური წარმომავლობა და გაიყიდებოდა.
რა კომპანიები ფიგურირებს საქმეში
გამოძიების ვერსიით, ფერაძემ სქემაში ეტაპობრივად ჩართო არაერთი პირი, მათ შორის "საქართველოს რკინიგზის" ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორი.
დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო კიდევ ერთი პირი, რომელსაც „ფაქტობრივ მმართველობაში გააჩნდა რამდენიმე მეწარმე სუბიექტი“.
ეს კომპანიებია:
- შპს „კახეთი“;
- შპს „ნოვა ტრანსი“;
- შპს „ჯადექსა“ (ალექსანდრე ტორიაშვილი);
- შპს „სამშენებლო სარემონტო კომპანია ხურო“ (ზაზა ბიძინაშვილი) და
- შპს „გრანდ კახეთი“ (ანზორი ჯამალაშვილი).
ორი ტენდერი
გამოძიების ვერსიითვე, შეთანხმების შესაბამისად, "საქართველოს რკინიგზამ" ორ ეტაპად - 2020 წლის 8 თებერვალსა და 9 სექტემბერს გამოაცხადა ორი ტენდერი შავი ლითონის ტრანსპორტირების, დახარისხების, დაჭრისა და ერთად შეგროვების მომსახურების შესყიდვაზე.
მათში გამარჯვებულად გამოცხადდა დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირების მიერ დაფუძნებული და ფაქტობრივ მმართველობაში არსებული შპს „კახეთი“.
„ამავდროულად, დავით ფერაძესთან შეთანხმებით, ერთ-ერთი პირი, "საქართველოს რკინიგზის" უფლებამოსილი თანამშრომლების გვერდის ავლით, უზრუნველყოფდა წამოსაღები შავი ლითონის ადგილზე დაუთვლელად, აწონის გარეშე და ზოგ შემთხვევაში, დოკუმენტურად უკვე აღრიცხული შავი ლითონის ხელოვნურად შემცირებული რაოდენობით გატანას“, - განაცხადეს სუსში.
ამგვარად, დოკუმენტები ისე ფორმდებოდა, რომ მომავალში შეუძლებელი გამხდარიყო დანაკლისის არსებობაზე პასუხისმგებელი პირის დადგენა, რაც საბოლოოდ გაამარტივებდა მის "საქართველოს რკინიგზის" ბალანსიდან ჩამოწერას, - ასე აღწერს გამოძიება სქემის დეტალებს.
„ჯეოსთილის“ როლი
გამოძიების თანახმად, შპს „კახეთის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას, ფერაძის ორგანიზებით, „რკინიგზის“ ტერიტორიებიდან, დასაწყობების ნაცვლად, სისტემატურად გაჰქონდათ შავი ლითონის ნაწილი.
გამოძიების ვერსიითვე, ეს ტვირთი სატვირთო ავტომობილებით გადაჰქონდათ რუსთავში, შპს „ჯეოსთილის“ საწარმოში და იქ აბარებდნენ.
„პროცესში მონაწილეობდნენ და მეთვალყურეობას უწევდნენ როგორც ზემოხსენებული სააქციო საზოგადოების წინასწარ შერჩეული წარმომადგენლები, ასევე დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირები“, - აცხადებენ სუსში და ჩამოთვლიან:
- შპს „კახეთის“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი;
- შპს „ნოვა ტრანსის“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი;
- შპს „ჯადექსას“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი;
- შპს „სამშენებლო სარემონტო კომპანია ხუროს“ ფორმალური დამფუძნებელი და დირექტორი“.
სუსი საუბრობს ხელოვნური ნაშთის შექმნის მიზნით, „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ“ „ყალბი საგადასახადო დოკუმენტების“ დამზადებაზე:
- „ზემოაღწერილი დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, 2020-2021 წლებში მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯამში, დაუფლებულ იქნა სს „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი 22 120 ტონა შავი ლითონი;
- ეს მოცულობა, წარმომავლობის შეცვლის შემდგომ 17 391 121 ლარად შეისყიდა შპს „ჯეოსთილმა“;
- შპს „ჯეოსთილისგან“ მიღებული თანხა აკუმულირდა შპს „ნოვა ტრანსისა“ და შპს „ჯადექსას“ საბანკო ანგარიშებზე, პერიოდულად კი ხდებოდა მისი განაღდება და ჯგუფის წევრებს შორის განაწილება“.
კიდევ ერთი საქმე
სუსის განცხადებით, გამოძიების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ 2022 წლის 29 აპრილს „საქართველოს რკინიგზასა“ და შპს „რაველდის“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება კომპანიის კუთვნილ ლიანდაგში არსებულ რელსებზე დეფექტების აღდგენის მომსახურების შესახებ, - ღირებულებით 999 768 აშშ დოლარი.
„საერთო ჯამში, უნდა განხორციელებულიყო არაუმეტეს 1600 ერთეული რელსის შედუღება, ხოლო ანგარიშსწორება მოხდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების საფუძველზე.
სამუშაოთა მიმდინარეობისას, შპს „რაველდის“ დირექტორმა, „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელ დირექტორთან შეთანხმებით, მიღება-ჩაბარების აქტებში დააფიქსირა ხელოვნურად გაზრდილი მონაცემები;
ყალბი მონაცემებით, „რაველდიმ“, ნაცვლად რეალურად განხორციელებული 987 ერთეული რელსის შედუღებისა, თითქოსდა განახორციელა 1200 ერთეულის შედუღება.
ყალბ დოკუმენტზე, „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორის დავალებით, ხელი მოაწერეს „საქართველოს რკინიგზის“ უფლებამოსილმა, მისსავე სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფმა თანამშრომლებმა.
შედეგად, მიმწოდებელმა, „შპს „რაველდიმ“ შემსყიდველისგან ზედმეტად მიიღო 403 844 ლარი."
8 ბრალდებული
8 ადამიანი პასუხისგებაში მისცეს სხვადასხვა ბრალდებით. ესენია:
- სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობა;
- აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში დახმარება;
- ჯგუფურად ჩადენილი ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება და გამოყენება;
- ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება;
- ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარება;
- ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, - რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
გამოძიებაც ამ მუხლებით მიმდინარეობს.
ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს 9-დან 12 წლამდე პატიმრობას.
ვინ არის დავით ფერაძე
დავით ფერაძე "საქართველოს რკინიგზას" 2017-2025 წლებში ხელმძღვანელობდა - იყო გენერალური დირექტორი.
„საქართველოს რკინიგზაში“ მისვლამდე კი დავით ფერაძე ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ „თანაინვესტირების ფონდში“ მუშაობდა.
- კერძოდ, ის იყო ფონდის მიერ დაარსებული „მტკვარი ჰესის“ დირექტორი.
- „მტკვარი ჰესი“ ის ერთ-ერთი პროექტია, რომელთან დაკავშირებითაც, „კრიპტოვალუტების საქმის“ გარდა, პროკურატურას ბრალი ჰქონდა წაყენებული ივანიშვილის ყოფილი „პირადი ფინანსისტისთვის“, გიორგი ბაჩიაშვილისათვის.
- ის 2025 წლის მაისში ჩაანაცვლა ლაშა აბაშიძემ, თბილისის ვიცე-მერმა დავით ნარმანიას მერობის პერიოდში.
ინფორმაცია განახლდა. თავდაპირველ ვერსიაში არაზუსტად იყო მითითებული ინფორმაცია ფერაძის დაკავების თაობაზე.