G7-ის ლიდერთა ერთობლივი განცხადება საფრანგეთის ქალაქ ევიანში 15 ივნისს გახსნილი სამიტის ბოლო დღეს, 17 ივნისს გამოქვეყნდა.
უკრაინა
G7-ის ლიდერებმა დაადასტურეს უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა და ხაზი გაუსვეს ბოლო თვეებში ბრძოლის ველზე უკრაინის მიერ მიღწეული პროგრესს, როგორც ახალ იმპულსს.
მის მხარდასაჭერად და დასაჩქარებლად G7-ის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გაზრდიან უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორ მანძილზე მოქმედების საშუალებების მიწოდებას. G7-ის ლიდერები მზად არიან განიხილონ უკრაინისთვის ლიცენზიების გაცემა, რათა სამხედრო წარმოება გაიზარდოს უშუალოდ უკრაინაში.
შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ უკრაინის დახმარებას ენერგომდგრადობის მიზნითაც, რათა ქვეყანამ მომავალი ზამთარი გადაიტანოს.
G7-ის ლიდერთა განცხადებით, გააძლიერებენ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს, მათ შორის ნავთობისა და გაზის სექტორების მიმართ. ლიდერები მიიჩნევენ, რომ დამატებითი ზომების მისაღებად შესფერისი მომენტია, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად მიაღწია შეთანხმებას, რომელსაც მხარს უჭერენ.
- G7-ის ლიდერთა სამიტზე საჰაერო თავდაცვის სისტემებით უკრაინის დახმარებისა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების საკითხები 16 ივნისს განიხილეს პირადად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით. ის ევიანში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც.
ასევე ნახეთ
ზელენსკი ტრამპთან საუბრის შესახებ - „ახლა მას ესმის, რომ პუტინს არ უნდა ომის შეწყვეტა“სხვა საკითხები
G7-ის ლიდერთა ერთობლივი განცხადება ეხება ვითარებას ახლო აღმოსავლეთსა და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში.
ლიდერები მიესალმნენ აშშ-სა და ირანს შორის გამოცხადებულ შეთანხმებას, რომელიც მიღწეულია პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობითა და შუამავალი ქვეყნების მხარდაჭერით და ქმნის ისტორიულ შესაძლებლობას, რომ აღიკვეთოს ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა. ლიდერებმა დაადასტურეს, რომ მზად არიან წვლილი შეიტანონ შეთანხმების შესრულებაში. ერთობლივ განცხადებაში საუბარია ჰორმუზის სრუტის გახსნისა და მისი უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობაზე.
G7-ის ლიდერები მხარს უჭერენ ლიბანში ცეცხლის დაუყოვნებლივ და საიმედოდ შეწყვეტას და ჰეზბოლას განიარაღებას, პირობას დებენ, რომ ღაზის სექტორში გააძლიერებენ ჰუმანიტარულ ძალისხმევას და ზომებს მის აღსადგენად. ლიდერთა მოწოდებაა ძალადობის შეწყვეტა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
G7-ის ლიდერებისთვის მიუღებელია ნებისმიერი ცალმხრივი მცდელობები ძალის გამოყენებით, ან იძულებით შეიცვალოს სტატუს-კვო აღმოსავლეთ და ჩინეთის ზღვებში და ტაივანის სრუტის გავლით. საკითხები უნდა მოგვარდეს მხოლოდ მშვიდობიანი დიალოგის გზით.
ლიდერებმა შეშფოთება გამოთქვეს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების გამო და დააადასტურეს, რომ უნდა შესრულდეს ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაციის მიზნით გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციები.
ლიდერები მიესალმნენ საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით 11 ივნისს გამართულ ეკონომიკურ სამიტს ჩინეთის მონაწილეობით და დაადასტურეს, რომ დიანტერესებული არიან მსხვილი ეკონომიკის სახელმწიფოებთან მსჯელობით გლობალური დისბალანსისა და მისი აღმოფხვრის საკითხებზე.
- G7-ის წევრები არიან აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და იაპონია.
- საფრანგეთში, ევიანის სამიტში მონაწილეობდნენ ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები.
- არაწევრი სახელმწიფოებიდან უკრაინის პრეზიდენტის გარდა მიწვეული იყვნენ კიდევ რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ეგვიპტის, ინდოეთის და სამხრეთ კორეის ლიდერები.