ადვოკატი: ელენე ხოშტარიას აუცილებელი მკურნალობა სჭირდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გამო ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ის უკვე 10 თვეა პატიმრობაშია.

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას ადვოკატი ამბობს, რომ რუსთავის ციხეში მყოფ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მას მკურნალობა სჭირდება. შოთა თუთბერიძის თქმით, გაუარესება შეინიშნება ბოლო ოთხი თვის განმავლობაში.

„ყოველი ვიზიტის დროს, ჩვენთვის, მისი ადვოკატებისთვის, თვალში საცემია სიმპტომები, რომლებიც, შესაძლოა, საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებდეს. ესენია: სახსრების ძლიერი ტკივილი; მოძრაობის გაძნელება; პერიოდულად, სახსრების მოძრაობის შეზღუდვა, რის გამოც, ვერ ახერხებს ზოგჯერ წერასაც კი და გადაადგილებისას სჭირდება ჯოხი“, - თქვა შოთა თუთბერიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ხოშტარია წინააღმდეგი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საჯაროდ ესაუბრათ, თუმცა აზრი მას შემდეგ შეიცვალა, რაც „ციხის სამედიცინო პერსონალმა ისე დაწესებულების დირექტორმა არ გამოიჩინეს სათანადო ყურადღება“:

„აღსანიშნავია დაწესებულების სამედიცინო პერსონალისა და დირექტორის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი - მათ მიერ ამ 4 თვის მანძილზე ჩატარებული სამედიცინო კვლევები თუ პროცედურები სპორადული, არასისტემური და არაეფექტურია“.

შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ კონსულტაცია გაიარეს თურქ ექიმთან, რომელმაც შეაფასა პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის მდგომარეობა.

„ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება“, - ამბობს თუთბერიძე.

მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა განცხადებით უპასუხა ხოშტარიას ადვოკატს. უწყების განმარტებით, პოლიტიკოსი „შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით“:

„ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე და ისინი წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია პერიოდული გამწვავება. სამედიცინო პერსონალთან ჩივილებს და უკმაყოფილებას არ აფიქსირებს“.

18-თვიანი პატიმრობა პლაკატზე წარწერის გამო

24 მარტს ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, რომელიც თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის „დაზიანებაში“ იყო ბრალდებული, მოსამართლე გიორგი არევაძემ 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

ასევე ნახეთ

ელენე ხოშტარიას კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის წელიწადნახევრიანი პატიმრობა მიესაჯა

ასევე ნახეთ

ელენე ხოშტარია: სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა

ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ბანერზე წარწერის გაკეთება კრიმინალი არ არის.

„მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით“.

ასევე ნახეთ

ხოშტარია: მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო... მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით

პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, როცა ის დააპატიმრეს, რადგან არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო.

ასევე ნახეთ

ელენე ხოშტარია კალაძის ბანერზე წარწერების გამო დააკავეს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი განსხვავებული აზრის დასჯად მიიჩნევს ოპოზიციონერ პოლიტიკოსისთვის, ელენე ხოშტარიასთვის 18-თვიანი პატიმრობის მისჯას საარჩევნო პლაკატზე მარკერით წარწერის გაკეთების გამო.

ასევე ნახეთ

მაგალითია, როგორ სჯის სისტემა განსხვავებულ აზრს -  Amnesty International ხოშტარიას განაჩენზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს, რომ ხოშტარიას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების მაგალითია. ორგანიზაციის განმარტებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის 71 ნაწილისა და 80-ე მუხლის პირველი ნაწილით საარჩევნო ბანერი არის სააგიტაციო მასალა, რომლის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება ისჯება 1000 ლარის ოდენობით.