მადიარმა ევროკავშირის დეკლარაციიდან ამოაღებინა პუნქტი უკრაინის დაჩქარებულად მიღების შესახებ

მარცხნიდან მარჯვნივ: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი. ბრიუსელი, 2026 წლის 18 ივნისი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის მოთხოვნით ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული წესით მიღების პუნქტი ვერ მოხვდა შემაჯამებელ დეკლარაციაში, რომელიც ევროპულმა საბჭომ გამოაქვეყნა წევრი სახელმწიფოების ლიდერთა შეხვედრის შემდეგ.

  • 18 ივნისს გვიან ღამით გამოქვეყნებული შემაჯამებელი დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტით, ევროპული საბჭო მიესალმება ევროკავშირში უკრაინის მისაღებად მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას(2026 წლის 15 ივნისს) და მოუთმენლად ელოდება სხვა კლასტერების გახსნასაც დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის შესაბამისად.

პეტერ მადიარმა სოციალურ ქსელ X-ში ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ მისი ინიციატივით, ტექსტიდან ბოლო მომენტში ამოიღეს პუნქტი, რომელიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრების დაჩქარებას ეხებოდა.

ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რომ ევროკავშირის ლიდერებმა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში კონსენსუსს პირველად მიაღწიეს და შემაჯამებელი დეკლარაციის მიღება შეძლეს. მადიარის თანახმად, ასე ხდება, როცა კომპრომისებისკენ მიისწრაფი და არ მოდიხარ მხოლოდ მუქარისთვის და შიშის დასათესად. პეტერ მადიარი სავარაუდოდ, გულისხმობდა წინამორბედ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელსაც ევროკავშირის მიერ არაერთი გადაწყვეტილების მიღება დაუბლოკავს.

  • 18 ივნისს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის 27-ვე ქვეყნამ 2024 წლის დეკემბრიდან პირველად შეძლო უკრაინის შესახებ შემაჯამებელი დოკუმენტის მიღება, რასაც მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ბლოკავდა.
  • ლიდერებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომისა და უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების 12 თვით გაგრძელებასაც. მანამდე სანქციების გაგრძელება ყოველ ჯერზე 6 თვის ვადით ხდებოდა. ამ ვადის გაზრდას ვიქტორ ორბანი ეწინააღმდეგებოდა.

ასევე ნახეთ

ევროკავშირის ლიდერები პირველად შეთანხმდნენ რუსეთისთვის სანქციების ერთი წლით გაგრძელებაზე

ვიქტორ ორბანი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან კარგი ურთიერთობები აქვს, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა როგორც ევროკავშირში უკრაინის მიღებას, ისე სამხედრო დახმარების გაწევას და მწვავედ აკრიტიკებდა უკრაინის ხელისუფლებას. ორბანს არაერთხელ უცდია ევროკავშირის მიერ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მიღების შეფერხებაც.

2026 წლის აპრილში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესის“ დამარცხებისა და ხელისუფლებაში პეტერ მადიარის პარტია „ტისას“ მოსვლის შემდეგ, უნგრეთმა და უკრაინამ მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური უნგრელების საგანმანათლებლო, კულტურული და პოლიტიკური უფლებების გასაფართოებლად.

ამის შემდეგ პეტერ მადიარმა მხარი დაუჭირა ევროკავშირში მისაღებად უკრაინასთან მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას, თუმცა პროცესის დაჩქარებულად წარმართვას ეწინააღმდეგება.

უკრაინა ევროკავშირში გაწევრების დაჩქარებას ითხოვს

18 ივნისს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომაზე მიწვეული იყო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ევროკავშირის ლიდერების წინაშე გამოსვლისას ზელენსკიმ „ისტორიული გადაწყვეტილება“ უწოდა გაწევრების საკითხზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას და განაცხადა, რომ სხვა კლასტერებიც უახლოეს ხანში უნდა გაიხსნას.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა მზად არის საჭირო რეფორმებისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა დააჩქაროს უკრაინის მიღების პროცესი.

ზელენსკის განცხადებით, თუ უკრაინა სწრაფად მიიღებს ევროკავშირის რეალურ წევრობას, რუსეთი დაკარგავს ერთ-ერთ მთავარ საფუძველს უკრაინის და ევროპის დესტაბილიზაციის მცდელობებისთვის.