ექიმ ჩახუნაშვილს და „4 ოქტომბრის“ საქმეზე ბრალდებულ კიდევ 6 დემონსტრანტს 5 წლით პატიმრობა მიესაჯათ

ფოტო კოლაჟი:

4 ოქტომბრის "მშვიდობიანი დამხობის" საქმეზე ბრალდებულ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, ზაქრო ალბუთაშვილს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუასა და ია დარახველიძეს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

შენიშვნა: ახალი ამბის სათაური შეიცვალა და ჩამოყალიბდა ასე: „ექიმ ჩახუნაშვილს და „4 ოქტომბრის“ საქმეზე ბრალდებულ კიდევ 6 დემონსტრანტს 5 წლით პატიმრობა მიესაჯათ“.

ცვლილების საფუძველი გახდა ია დარახველიძის ადვოკატის, რევაზ აჭარაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მოსამართლეს შეეშალა და დარახველიძეს სამწლიანი კი არა ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამ ინფორმაციის გავლენით ჩასწორდა ტექსტიც.

ძველი სათაური: ექიმ ჩახუნაშვილს და "4 ოქტომბრის" საქმეზე ბრალდებულ კიდევ 5 დემონსტრანტს 5 წლით, ია დარახველიძეს კი 3 წლით პატიმრობა მიესაჯათ

ასევე ნახეთ

ია დარახველიძის სასჯელი მოსამართლემ შეცდომით გამოაცხადა, მას, სინამდვილეში, 5 წელი მიუსაჯეს

ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზში დააკავეს. ია დარახველიძე კი სასამართლო განხილვას არ დასწრებია, ის საქართველოში არ იმყოფება და მასზე ძებნა გამოცხადდა. ორივე მათგანს, მანამდე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული და პატიმრობაში არ იმყოფებოდნენ.

ექვს მათგანს ბრალად ედებოდა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაც და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობაც. დარახველიძეს - მხოლოდ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

ამ ეპიზოდს საერთო ჯამში, 15 ბრალდებული ჰყავდა, თუმცა რვა მათგანს - ევა შაშვიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს და დათო ღურწკაიას - საპროცესო შეთანხმება გასულ კვირას გაუფორმდათ.

კიდევ ერთს, ზაქრო ალბუთაშვილს დღეს საპროცესო შეთანხმება უნდა გაჰფორმებოდა 3-წლიანი პირობითი მსჯავრით, თუმცა მან ამაზე უარი თქვა და პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა.

ასევე ნახეთ

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა ალბუთაშვილმა ელენე ხოშტარიას სოლიდარობის ნიშნად საპროცესოზე უარი თქვა


მსჯავრდებულებმა განაჩენის მოსმენამდე საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს:

კახაბერ მჟავანაძის სიტყვა

“ვდებ ფიცს რომ ვიტყვი სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა, თქვენს მოყვანილ მოწმეებს, რომ ეთქვათ ეს ფიცი ბიბლიაზე და კონსტიტუციაზე კარგი იქნებოდა… ვიყავი სიმართლის მოყვარული და ვარ სიმართლის მოყვარული. 10 წელი ვიყავი ცესკოს კომისიის თავმჯდომარე, დავალება რომ არ შევასრულე ვერ მოვხვდი და 2020 წლიდან ვარ უმუშევარი. მყავს ორი შვილი, დაფინანსებით სწავლობენ, წარჩინებით. მყავს ცოლი, რომელსაც ჩემი დაჭერის დღიდან დიალიზი დაუნიშნეს და ყოველდღე დადის ვანიდან ქუთაისში… მაგრამ მე ტყუილს არ ვიტყვი. რა უქენით იმ ხალხს, ჩვენი მეგობრები აქედან თავდახრილები გავიდნენ [გულისხმობს მათ ვინც საპროცესო გააფორმა.

… 58 წლის კაცი ვარ, ბავშვი არ ვარ, რა მოხდება მისჯის შემდეგ? არ ვიცი, მაგრამ ვერ ვიტყვი იმას, რაც არ მომხდარა.

დამაწერინეთ ტექსტი, რა მოხდა და აჰა, ვაღიარებ…

იცით რას გვედავებიან? იარაღით ხელში პრეზიდენტის ადმინისტრაციის აღებას იერიშით, ჯგუფურად, არც იარაღი მქონია, არც ჯგუფი ვყოფილვართ და იერიში ყოფილა. ნაბიჯიც არ შემიდგამს შიგნით, ეს როგორ ვაღიარო? ამას ვერ ვიტყვი, ბატონო ჩემო, თქვენი სინდისი თუ გიზამთ ამას, დაწერეთ…

რატომ უნდა ვთქვა ტყუილი? როგორ მკადრებთ, თქვით ტყუილი და გაგიშვებთ, რამდენი დამნაშავეა, რომ აღიარებს, მაგრამ უშვებთ? - ჩვენ რატომ გვიშვებთ?"

დავით ჟღენტის სიტყვა

"გვიყვარს ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა ვეგეტარიანელობას ვაპირებდი, ისე მიყვარს ყველა ცოცხალი… სტადიონია მართლა რა, სპორტული ის არის, არასწორად მართავენ ქვეყანას".

დავით სტურუას სიტყვა

“2019 წლიდან ვაპროტესტებ "ქართული ოცნების" პოლიტიკას, ოთხ ოქტომბერს არ დაწყებულა ჩემი პროტესტი. პროკურატურამ მითხრა, რომ აღიარეო, მაგრამ მე დარბაზში ვუყურებ მამაჩემს, რომელსაც 500 ლარი შესთავაზეს, რომ ხმა გაეყიდა…ამას არ გავაკეთებ. ჩვენ არ დავემორჩილებით იმ წესებს, რასაც მაგიდაზე გვიდებენ, ჩვენ ვართ ქართველები და თავისუფლების მოყვარე ხალხი და გავაგრძელებ ბრძოლას ციხეში თუ მის გარეთ.”

გიორგი ჩახუნაშვილის სიტყვა

გიორგი ჩახუნაშვილმა თქვა, რომ ბევრს ფიქრობდა გამოსულიყო თუ არა სიტყვით, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა აეხსნა, რატომ იყო აქციაზე და როგორ მოხვდა სასახლის ეზოში.

მისი თქმით, აქციაზე იყო და როცა ვითარება აიარა, თავისი, როგორც ექიმის საჭიროება დაინახა და შევიდა ეზოში.

“ხელში მეჭირა ფიზიოლოგიური ხსნარი… 250 000 ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. უფასოდ… ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები არის ჩემი ინსტინქტი... მე ვარ მედიკი-მაშველი, ამას ვაკეთებ მთელი ცხოვრება... მე იმ დღეს ვმოქმედებდი ინსტინქტის დონეზე… ახლაც რომ დამაბრუნონ უკან, იმავეს გავაკეთებდი, ეს ჩემშია და ჩემს შინაარსშია, მე სიცოცხლისთვის ვიბრძოდი და მას გადავარჩენ”.

ჩახუნაშვილის თქმის არ ეთანხმება ბრალად წაყენებულ არცერთ მუხლს და არ აღიარებს "იმას, რაც არ გამიკეთებია".

მისივე თქმით, არც ბოდიშის მოხდა პრობლემა, თუმცა ბოდიშს ვერ მოიხდის იმაზე რაც არ გაუკეთებია.

“9 თვეა გარეთ ვარ, რა გავაკეთე ამ დროში? - გამოვუშვი ორი სამედიცინო ჟურნალი, ორი ინგლისურენოვანი ჟურნალი, რომელიც ჩინეთში დაიბეჭდება, გამოვეცი სახელმძღვანელო, გადავარჩინე სამი პატარა ბავშვი, მშობლებს შეიძლება აბორტი გაეკეთებინათ. თქვენ [ მოსამართლე] ურთულეს მდგომარეობაში ხართ, ეს იმიტომ მოვყევი, რომ ახლა თქვენ გადაწყვიტოთ, გარეთ უფრო საშიში ვარ თუ შიგნით".

კონსტანტინე კოკაიას სიტყვა

"სარკეში ჩაიხედეთ, თქვენს თავებს შეხედეთ. რომ არ შეგრცხვეთ, მე ბოდიშს არ მოვიხდი. არაფერი ჩამიდენია, 5 წელი კი არა 25 რომ მომცეთ გამოვალ მოგაკითხავთ სტუმრად და შეგრცხვებათ".

საქმეზე სხვა მსჯავრდადებულები

უფრო ადრე 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე ბრალდებულ პოლიტიკოსებსა და კიდევ ექვს ბრალდებულს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება, 2026 წლის 7 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა.

„4 ოქტომბრის საქმის“ ამ ჯგუფში ბრალდებულები იყვნენ:

  • პაატა ბურჭულაძე, საოპერო მომღერალი და პოლიტიკოსი - მიუსაჯეს 7 წლით პატიმრობა;
  • პოლიტიკოსები: მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე - 7-7 წლით პატიმრობა;
  • თადარიგის პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე - 7 წლით პატიმრობა;
  • თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია - 5-5 წლით პატიმრობა.
  • ირაკლი შაიშმელაშვილი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი - 2 წლით პატიმრობა; მას პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს - იმყოფება აშშ-ში.
  • სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა. ამ დღეს ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
  • ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.