ომბუდსმენის თქმით, მზადაა ელენე ხოშტარიასადმი გაწეული სამედიცინო დახმარების შესწავლით, მისი თანხმობის შემთხვევაში

ფოტოკოლაჟი: (მარცხნიდან) ლევან იოსელიანი და ელენე ხოშტარია

ომბუდსმენი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ეხმაურება პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხს.

ის პასუხს სცემს დაინტერესებული საზოგადოების შეკითხვას: "რას აკეთებს სახალხო დამცველი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით".

ლევან იოსელიანის განცხადებით, მზად იყო შეესწავლა ელენე ხოშტარიასთვის პენიტენციურ დაწესებულებაში გაწეული "სამედიცინო დახმარების ეფექტიანობის საკითხი", მაგრამ ამ დოკუმენტის გამოთხოვას თავად პირის თანხმობა სჭირდება.

"სწორედ ამიტომ, საჯაროდ გავრცელებული განცხადების შემდეგ, მის ადვოკატს დაუკავშირდა ჩემი წარმომადგენელი და გამოხატა მზაობა პროცესში ჩვენი ჩართვის მიმართულებით", - წერს ლევან იოსელიანი.

მისი თქმით, ელენე ხოშტარიამ უარი თქვა, წინასწარი დაკავების იზოლატორში მისდამი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლაზეც.

ასევე, არ ისურვა ლევან იოსელიანთან შეხვედრა, თებერვალში, როცა მან №5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფ პატიმარი ქალები მოინახულა.

"განაცხადა, რომ არ აღიარებს სახალხო დამცველს, რაც მისი უფლებაა", - წერს იოსელიანი.

"კიდევ ერთხელვაფიქსირებ მზაობას, განვახორციელო მონიტორინგი ელენე ხოშტარიას უფლებების, მათ შორის ჯანმრთელობის უფლების, დაცვის მიზნით; მისი თანხმობის შემთხვევაში განხორციელდეს მასთან აპარატის წარმომადგენლის ვიზიტი და მისი სამედიცინო მასალების შესწავლა/შეფასება; ხოლო საზოგადოებას მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით"- წერს იოსელიანი.

რა ხდება ხოშტარიას თავს

17 ივნისს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, „დროას“ ("კოალიცია ცვლილებისთვის" შემავალი პარტია) თავმჯდომარის, ელენე ხოშტარიას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ რუსთავის ციხეში მყოფი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მას მკურნალობა სჭირდება.

პენიტენციურმა სამსახურმა განცხადებით უპასუხა ხოშტარიას ადვოკატს. უწყების განმარტებით, პოლიტიკოსი „შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით“.

ასევე ნახეთ

ადვოკატი: ელენე ხოშტარიას აუცილებელი მკურნალობა სჭირდება

ასევე ნახეთ

ხოშტარია: ადვოკატის ბრიფინგის შემდეგ ციხის ადმინისტრაციას ჩემთან კომუნიკაცია ჰქონდა

18-თვიანი პატიმრობა პლაკატზე წარწერის გამო

24 მარტს ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, რომელიც თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის „დაზიანებაში“ იყო ბრალდებული, მოსამართლე გიორგი არევაძემ 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ბანერზე წარწერის გაკეთება კრიმინალი არ არის.

„მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით“.

პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, როცა ის დააპატიმრეს, რადგან არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო.

სოლიდარობა და ელენე ხოშტარიას გათავისუფლების მოთხოვნა

ელენე ხოშტარიას თავისუფლების მოთხოვნით, რუსთავის ქალთა დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია გამართეს დღეს 19 ივნისს პოლიტიკოსმა და საზოგადოების წარმომადგენელმა ქალებმა.

ისინი შეშფოთებას გამოხატავენ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო,რომელიც მათი თქმით უკანონო პატიმარია. მათი განცხადებით, ელენე უკვე ათი თვეა პოლიტიკურ პატიმრობაში იმყოფება და არ იღებს მისი ქრონიკული დაავადებების მართვისთვის საჭირო სამედიცინო დახმარებას.

"ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს და არღვევს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

უარი საპროცესოზე ხოშტარიას სოლიდარობისთვის

დღესვე, 19 ივნისს 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა ზაქრო ალბუთაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე უარი თქვა საპროცესო შეთანხმებაზე და პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას სოლიდარობის მიზნით შიმშილობა დაიწყო.

ასევე ნახეთ

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა ალბუთაშვილმა ელენე ხოშტარიას სოლიდარობის ნიშნად საპროცესოზე უარი თქვა

მოგვიანებით, მას მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ელენე ხოშტარია საპატიმროდან გამოეხმაურა ზაქრო ალბუთაშვილს. მისი სახელით დაწერილ პოსტში ნათქვამია:

„უკიდურესად შეწუხებული ვარ ზაქრო ალბუთაშვილის მდგომარეობით. ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას და ძალიან გთხოვთ, დასუსტების, შიმშილობის ნაცვლად, პირიქით, ვიმკურნალოთ, გავძლიერდეთ და ისე ვიბრძოლოთ“.