Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხოშტარია: ადვოკატის ბრიფინგის შემდეგ ციხის ადმინისტრაციას ჩემთან კომუნიკაცია ჰქონდა

ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

პატიმრობაში მყოფი ქალი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ადვოკატის ბრიფინგის შემდეგ, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან მასთან შედგა კომუნიკაცია და მიიღო დაპირება, რომ მკურნალობის გეგმას შეადგენენ.

„ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან. ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ რომ იქნება. როგორც კი მკრუნალობის რეალური გეგმა შედგება, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ვაცნობებ“, - წერია ფეისბუკში, ელენე ხოშტარიას ოფიციალურ გვერდზე.

მისი თქმით, მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძე ბრიფინგის გამართვის შემდეგ „უსამართლოდ გახდა რეჟიმის თავდასხმის მსხვერპლი“:

„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ პასუხს ვაგებ ყველა სიტყვაზე, რომელიც შოთამ ბრიფინგზე თქვა. რეჟიმთან რაიმე დისკუსიაში შესვლის კი, არანაირი სურვილი არ მაქვს“.

რა დიაგნოზი აქვს ხოშტარიას

ელენე ხოშტარიას მეგობარმა ნინო ორდენიძემ პენიტენციურ სამსახურთან გამართულ აქციაზე თქვა, რომ გარემოება, რომ ელენე ხოშტარიამ მათ მისცა უფლება, რომ საჯაროდ ისაუბრონ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ნიშნავს, რომ „ის არის რეალურად ძალიან ცუდად“.

ორდენიძის თქმით, ხოშტარია საპატიმროში მოხვდა ორი დიაგნოზით, რომლებსაც რამდენიმე წელია, ებრძვის: „ერთი არის რევმატიული ართრიტი, ხოლო მეორე - ავტოიმუნური დაავადება“.

ხოშტარიას პირველი კომენტარი ამბის გახმაურების შემდეგ

ელენე ხოშტარიას ფეისბუკზე 17 ივნისს, 18:00 საათზე გამოქვეყნდა მისი პირველი კომენტარი, პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაჯაროებისა და პენიტენციური სამსახურის პასუხის შემდეგ.

„მეგობრებო, პირველ რიგში, დიდი მადლობა თანადგომისთვის, მაგრამ ჩემზე არ ინერვიულოთ. რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად. ცხადია, არც ერთი წამი არ ვაპირებ, რუსების არალეგიტიმურ ინსტიტუტებთან რაიმე დისკუსიაში შესვლას, ან მათთვის რაიმეს მტკიცებას და მითუმეტეს, რაიმეს თხოვნას. რაც უნდათ ის ქნან“, - დაწერა ხოშტარიამ.

18-თვიანი პატიმრობა პლაკატზე წარწერის გამო

24 მარტს ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, რომელიც თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის „დაზიანებაში“ იყო ბრალდებული, მოსამართლე გიორგი არევაძემ 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ბანერზე წარწერის გაკეთება კრიმინალი არ არის.

„მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით“.

პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, როცა ის დააპატიმრეს, რადგან არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი განსხვავებული აზრის დასჯად მიიჩნევს ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის, ელენე ხოშტარიასთვის 18-თვიანი პატიმრობის მისჯას საარჩევნო პლაკატზე მარკერით წარწერის გაკეთების გამო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს, რომ ხოშტარიას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების მაგალითია. ორგანიზაციის განმარტებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის 71 ნაწილისა და მე-80 მუხლის პირველი ნაწილით, საარჩევნო ბანერი არის სააგიტაციო მასალა, რომლის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება ისჯება 1000 ლარის ოდენობით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG