ქართველების 71% ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა - EU NEIGHBOURS East -ის კვლევა

ფოტო არქივიდან: სტენსილი თბილისში ევროკავშირისა და საქართველოს დროშების გამოსახულებით

საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა კვლავ მაღალია - საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევის 2026 წლის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 71% აცხადებს, რომ მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.

საზოგადოებრივი აზრის კვლევას პროგრამა EU NEIGHBOURS East საქართველოსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში 2016 წლიდან ყოველწლიურად ატარებს. 2026 წლის კვლევა იანვარ-თებერვალში ჩატარდა და ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1 000-ზე მეტ რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუებს ეფუძნება.

ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის კიდევ უფრო დიდი ნაწილი - 79% მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობა უფრო მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე ზიანს.

ასევე ნახეთ

პაპუაშვილი: ახალი ინიციატივა ვეტოზე „უფლებრივი სეგრეგაციაა“. კოსი: „თუ წესებს დაიცავენ, არაფერი მოხდება“

კვლევის შედეგების მიხედვით, ევროკავშირი ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო პარტნიორის პოზიციას კვლავ ინარჩუნებს - გამოკითხულთა 67% აცხადებს, რომ ენდობა ევროკავშირს, თუმცა შემცირებულია იმ მოქალაქეების წილი, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს კარგი ურთიერთობა აქვთ. თუ 2025 წელს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას დადებითად აფასებდა 63%, 2026 წელს ეს მაჩვენებელი 60%-მდე შემცირდა.

კვლევა აჩვენებს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის ძლიერი მხარდაჭერის მიუხედავად, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა წევრობის გზაზე საკმარისად ეფექტურად ვერ მიიწევს - გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით სწორი კურსი აქ აქვს.

ამასთან, კვლევის მონაწილეთა 56% მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში მიღებული კანონები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას ეხება, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს დააზიანებს.

ასევე ნახეთ

შეწყდეს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ დაწყებული გამოძიებები - ევროსაბჭოს მემორანდუმი

კვლევის თანახმად, საზოგადოების თითქმის ერთსულოვანი პოზიციაა, რომ ევროკავშირის გზაზე მეტი ძალისხმევაა საჭირო - გამოკითხულთა 87% ამბობს, რომ საქართველომ წევრობისკენ წინსვლისთვის დამატებითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

ევროკავშირთან დაახლოების შესაძლო სარგებელზე დადებითი განწყობები კვლავ მაღალი. რესპონდენტთა 76% მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა საქართველოსთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის, ხოლო 75% ფიქრობს, რომ წევრობა ქვეყნის უსაფრთხოებას გააძლიერებს.

თუმცა, პარალელურად, საზოგადოების ნაწილში სკეპტიკური დამოკიდებულებაც შეინიშნება. გამოკითხულთა 43% ამბობს, რომ ევროკავშირი საკუთარ ღირებულებებს საქართველოს თავს ახვევს და 51% ფიქრობს, რომ ბრიუსელს ქვეყნის მიმართ ფარული ინტერესები ამოძრავებს.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ევროკავშირის შესახებ ინფორმირებულობის დონე მნიშვნელოვნადაა შემცირებული - 40% ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირთან დაკავშირებულ ინფორმაციას გაეცნო, რაც 2025 წელთან შედარებით 14%-ით ნაკლებია.

ამასთან, დეზინფორმაციის გავლენის შესახებ მაღალი რჩება შეშფოთებაც - კვლევაში მონაწილეთა 86% მიიჩნევს, რომ დეზინფორმაცია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

კვლევას გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას თქმით, ეს კვლევა აჩვენებს, რომ „ქართველი ხალხის ერთადერთი გეოპოლიტიკური არჩევანი არის ევროპული კავშირი“ პოლიტიკოსის შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, „თუ რაოდენ აცდენილია ეს რეჟიმი საკუთარ ხალხს.“ გეგელიამ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ურჩია, გაეცნოს ამ კვლევას, რადგან, მისი თქმით, „ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება და ჩინეთი გამოაცხადა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად.“

კვლევა შეაფასა „გახარია-საქართველოსთვის“ გუნდის წევრმა ბერდია სიჭინავამაც. მან მედიასთან თქვა, რომ „ეს არის პირდაპირ მინიშნება, რომ ის სახელისუფლებო პროპაგანდა, რაც ცდილობდა, ევროკავშირის იდეა დაეყენებინა ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ, ვერ შედგა, კრახი განიცადა“

საქართველო-ევროკავშირის არსებული ურთიერთობა

2024 წლიდან, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა, დემოკრატიული უკუსვლის გამო, კანდიდატი ქვეყნის - საქართველოს - გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე განაცხადა, მმართველმა პარტიამ კი ევროკომისია შანტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა და 2028 წლამდე პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნა ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება, ბრიუსელსა და თბილისს შორის შეჩერდა მაღალი დონის შეხვედრები, გაიყინა თანამშრომლობის არაერთი მიმართულება, დაპაუზდა დახმარების პროგრამები, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესდა სავიზო შეზღუდვები.

ასევე ნახეთ

ქართველ ხალხს ემუქრებიან  ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით ადგილობრივი აგენტურის მეშვეობით - კობახიძე ევროკომისიის შეხვედრის მოლოდინზე