კობახიძე აცხადებს, რომ არაერთხელაა ნამყოფი საოკუპაციო ხაზთან კამერების გარეშე

ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 26 ივნისს, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ დეპუტატის შესაბამისი შეკითხვის პასუხად თქვა, რომ "ამ პერიოდის განმავლობაში" არაერთხელ ყოფილა საოკუპაციო ხაზთან.

მას ოპოზიციური პარტიის, "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ქეთევან ბაკარაძემ დაუსვა შეკითხვა, პრემიერ-მინისტრის რანგში რამდენჯერაა ნამყოფი საოკუპაციო ხაზთან და კონკრეტულად რომელ ლოკაციებზე?

რაზეც კობახიძემ კონკრეტული პერიოდისა და ადგილის მიუთითებლად უპასუხა:

"საოკუპაციო ხაზთან ჩემს მისვლას რაც შეეხება, ჟურნალისტებმაც დამისვეს ბოლო დროს ეს შეკითხვა და მათ დავუდასტურე, რომ ამ პერიოდის განმავლობაში [პრემიერობის პერიოდში] არაერთხელ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან კამერების გარეშე".

ამასთან, "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ვიკა ფილფანმა კობახიძეს მიმართა: "თქვენ ხართ პრემიერი, რომელიც აღმოსავლეთში ხშირად ხართ, თემურ ლენგის საფლავზე ნამყოფი ხართ, მაგრამ საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არა ხართ“.

საოკუპაციო ხაზთან კობახიძის ყოფნის თაობაზე ინფორმაცია მის ადმინისტრაციას საჯაროდ არ გაუვრცელებია, მსგავსი ცნობები ღია წყაროებში ხელმისაწვდომი არაა.

ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 8 თებერვალს, პრემიერად დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს შეკითხვის პასუხად უთხრა, რომ თავისი ახალი სტატუსიდან გამომდინარე, საოკუპაციო ხაზთან ჩავა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.

ასევე ნახეთ

"ახალი სტატუსიდან გამომდინარე, აუცილებლად მომიწევს" - კობახიძე საოკუპაციო ხაზთან ჩასვლაზე


2022 წლის ივნისში მან "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ერთ-ერთ ბრიფინგზე განაცხადა, რომ როგორც პარტიის თავმჯდომარე, არ არის ნამყოფი საოკუპაციო ხაზთან. "რა შემთხვევაში უნდა ჩავსულიყავი საოკუპაციო ხაზთან?" - კითხვაზე კითხვითვე უპასუხა მაშინ მან ჟურნალისტს და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზთან "მთელი ხელისუფლება დადის" და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს ეცნობა.