პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თავისი ახალი სტატუსიდან გამომდინარე, საოკუპაციო ხაზთან ჩავა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა 8 თებერვალს, პარლამენტში პრემიერად დამტკიცების შემდეგ.
"ჩემი ახალი სტატუსიდან გამომდინარე, აუცილებლად მომიწევს [საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა]. ბუნებრივია, ეს სტატუსთანაა არსებითად დაკავშირებული. რა თქმა უნდა, მომიწევს ადგილზე ვითარების გაცნობა. საპარლამენტო განხილვის დროს დღეს მქონდა საუბარი იმ განსაკუთრებულ საჭიროებებზე, რომელიც აქვს გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას. ბუნებრივია, ამით უნდა დავინტერესდეთ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
2022 წლის ივნისში მან "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ერთ-ერთ ბრიფინგზე განაცხადა, რომ როგორც პარტიის თავმჯდომარე, არ არის ნამყოფი საოკუპაციო ხაზთან. "რა შემთხვევაში უნდა ჩავსულიყავი საოკუპაციო ხაზთან?" - კითხვაზე კითხვითვე უპასუხა მაშინ მან ჟურნალისტს და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზთან "მთელი ხელისუფლება დადის" და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს ეცნობა.
"მილიონი პროექტი განხორციელდა, გაზი, წყალი, რაც მოსახლეობას აწუხებს... მე რაზე ჩავიდე დღეს იქ? უმრავლესობის ლიდერი და პარტიის თავმჯდომარე რატომ უნდა ჩავიდეს იქ, როცა კონკრეტული საკითხი არ არის გადასაჭრელი?" - თქვა კობახიძემ.
8 თებერვლის სხდომის ბოლოს დეპუტატებმა 84 ხმით გამოუცხადეს ნდობა საქართველოს მთავრობის შემადგენლობას ირაკლი კობახიძის მეთაურობით.
კენჭისყრამდე დეპუტატებმა მოისმინეს ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში წარადგინა მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.
კონსტიტუციის თანახმად, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი თავისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.