მოკლედ
- პარტია დროას ოფისში პარტიის ლიდერის, პატიმარ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბრიფინგი გაიმართა.
- დროას წევრის, გიგა ლემონჯავას შეფასებით, ყოველი დღე, როცა პატიმარი მკვეთრად გაუარესებელი ჯანმრთელობით ციხეში რჩება სათანადო კვლევებისა და მკურნალობის გარეშე, არის "შეგნებული დარტყმა ელენეს ჯანმრთელობაზე" და სადამსჯელო ოპერაციის ნაწილი.
- პოლიტიკოსს, რომელიც ციხეში თბილისის მერის და მმართველი პარტიის გენერალური მდივნის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე მარკერით წარწერის გამო მოხვდა, ექიმის შეფასებით, კომპლექსური კვლევები და მკურნალობა სჭირდება.
ელენე ხოშტარიას გასასინჯად ციხეში რევმატოლოგი მაკა იოსელიანი 25 ივნისს იყო შესული. მან პაციენტის მონახულების შემდეგ თქვა, რომ გაუჭირდა სრულყოფილად გასინჯვა, რადგან ელენეს ტკივილების გამო წოლაც კი არ შეეძლო სამედიცინო მაგიდაზე.
"მას მერე, რაც ექიმს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, მკაფიო შთაბეჭდილება იმასთან დაკავშირებით, რა არის გასაკეთებელი, გვინდა მკაფიოდ და ცხადად ვთქვათ: თითოეული დღე, რასაც ელენე ატარებს კლინიკის გარეშე და მკურნალობის გარეშე, არის ელენეს ჯანმრთელობაზე დარტმის ახალი დღე, ეს არ არის შემთხვევითი ამბავი, ეს არის შეგნებული ამბავი, რასაც რეჟიმი აკეთებს ელენეს წინააღმდეგ.
თითოეული ახალი დღე, როდესაც ელენე არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში და არ ეძლევა ადეკვატური შესაძლებლობა სამედიცინო მკურნალობისა, არის შეგნებული დარტყმა ელენეს ჯანმრთელობაზე. ეს არის სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც რეჟიმი ახორციელებს მის წინააღმდეგ.
რაც გააკეთა რევმატოლოგმა მაკა იოსელიანმა, სინამდვილეში უნდა გაეკეთებინა პენიტენციურ სამსახურს. პენიტენციურის უშუალო პასუხისმგებლობა იყო დაედგინა დიაგნოზი და დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს" - თქვა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე 27 ივნისს გიგა ლემონჯავამ. მანვე კიდევ ერთხელ დააზუსტა ელენეს და პარტიის პოზიცია, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სირთულეების მიუხედავად, ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისთვის არ შეწყვეტენ.
იუსტიციის სამინისტრო კი მედიას აწვდის ინფორმაციას ელენე ხოშტარიას ექიმ მაკა იოსელიანთან ციხის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის კომუნიკაციის შესახებ:
"მას შესთავაზეს გენერალურ დირექტორთან ერთად შეხვედრა, რათა დეტალურად განეხილათ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაძლო სამედიცინო რეკომენდაციები. შეთავაზება ითვალისწინებდა დაუყოვნებლივ შეხვედრასა და რეაგირებას, თუმცა ექიმმა განაცხადა, რომ დროის უქონლობის გამო ორშაბათ საღამომდე შეხვედრას ვერ შეძლებდა" - ნათქვამია ტექსტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ სამინისტროს პრესსამსახურისგან მიიღო.