ზელენსკის თანახმად, გაერთიანდება და ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება სახელები იმ გმირების, რომლებიც სხვადასხვა საუკუნესა და ეპოქაში უკრაინისთვის იბრძოდნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი გამოსვლისას, 28 ივნისს განაცხადა, რომ გმირების სახელები ისტორიაში ჩაიწერება დიდი პატივისცემითა და ყურადღებით უკრაინის სახელმწიფოსგან, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, თავისიანებს აფასებს, იცავს უფლებას, იყვნენ უკრაინელები და ვერავინ ვერასდროს მიუთითებს, როგორ უნდა იცხოვრონ, რა ილაპარაკონ, ვინ უყვარდეთ, ვისი მადლიერი უნდა იყვნენ და რომელ გმირებს მიაგონ პატივი.
- ამ განცხადების ფონია ე.წ. ორდენის სკანდალი უკრაინასა და პოლონეთს შორის.
- პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეროვნული პანთეონის შექმნა დაუკავშირა იმას, რომ 2026 წელი უკრაინის სახელმწიფოსთვის განსაკუთრებულია და აღინიშნება რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღი, მათ შორის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი(24 აგვისტოს).
- უკრაინის პრეზიდენტმა პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინა 28 ივნისს, როცა უკრაინა აღნიშნავდა 30-ე წლისთავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ კირილო ბუდანოვის განცხადებით, ეროვნული პანთეონის შექმნა აუცილებელი ნაბიჯია ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და საზოგადოების კონსოლიდაციისთვის. ბუდანოვმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უკრაინელებს ვეღარასდროს ვერავინ უკარნახებს, რომელ გმირებს უნდა მიაგონ პატივი, რომელი დღესასწაულები უნდა აღნიშნონ და რომელი ისტორია უნდა შეისწავლონ.
ასევე ნახეთ
ზელენსკის ნაცვლად პოლონეთში უკრაინის დელეგაციას პრემიერი სვირიდენკო უხელმძღვანელებს„ორდენის სკანდალი"
19 ივნისს პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჩამოართვა ორდენი „თეთრი არწივი“, რომლითაც ზელენსკი 2023 წელს დააჯილდოვა პოლონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ.
ნავროცკიმ ზელენსკისთვის ორდენის ჩამორთმევა ახსნა მისი თანხმობით, უკრაინის არმიის ერთ-ერთი ქვედანაყოფისთვის მიენიჭებინათ „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელი.
უკრაინის გადაწყვეტილებას პოლონეთში მწვავე რეაქცია მოჰყვა, რადგან უკრაინელი ნაციონალისტების ამ პარტიზანულ ფორმირებას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის და მის შემდგომ პერიოდში მოქმედებდა, პოლონეთი ადანაშაულებს ვოლინსა და აღმოსავლეთ გალიციაში პოლონელების მასობრივ მკვლელობაში.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ პრეზიდენტ ნავროცკის ჩამორთმეული ორდენი ფოსტით გაუგზავნა.
ასევე ნახეთ
რატომ ვერ თანხმდებიან უკრაინელები და პოლონელები საერთო ისტორიაზე? – კანადელი ისტორიკოსის პასუხებიუკრაინის პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი ეროვნული პანთეონის შესახებ განსაზღვრავს პანთეონის სამართლებრივ სტატუსს.
პანთეონის შექმნით უკრაინა პატივს მიაგებს უკრაინელი ერის ყველაზე გამოჩენილ წარმომადგენლებს, რომლებმაც განსაკუთრებული და ისტორიული წვლილი შეიტანეს უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებაში და ქვეყნის, მისი არმიის, კულტურის, მეცნიერების, სპორტის, უკრაინული ენის, სამოქალაქო საზოგადოებისა და რელიგიის განვითარებაში.
ეროვნულ პანთეონში უკვდავსაყოფად განსაზღვრულია პირთა ექვსი კატეგორია. პანთეონს ექნება მემორიალური კომპლექსის სახე და კიევში განთავსდება.