სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აპირებს უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო, ულტრათანამედროვე სისტემის შეძენას. ამის შესახებ მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 1 ივლისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სამსახურის დაარსების 32 წლისთავი მიულოცა.
მდინარაძის თქმით, ტექნიკა გულისხმობს 5-6 კილომეტრის რადიუსში ერთდროულად რამდენიმე ათეული საფრენი აპარატის აღმოჩენასა და განეიტრალებას.
მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში, სხვა აქტიური ღონისძიებების გარდა, სამსახურმა მოახერხა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის კავშირგაბმულობის სისტემის სადგურისა და მისი პერიფერიული სისტემის განახლება მაღალი კრიპტირების - დაშიფვრის მქონე მოდულით.
მდინარაძის განცხადებით, "სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური არასდროს ყოფილა განვითარების იმ დონეზე, როგორც ეს არის დღეს და ის თავის შესაძლებლობებით გამორჩეულია არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში“.
მედიის შეკითხვის პასუხად, ვის მოემსახურება ახალშეძენილი ტექნიკა, მდინარაძემ განაცხადა:
"ნებისმიერი სპეცსამსახური ცდილობს, თუ მას აქვს ამის მატერიალური შესაძლებლობა და ნება, რომ ასეთი სისტემები - ულტრათანამედროვე - შეიძინოს იმისთვის, რომ, თანამდებობის პირი იქნება, ჩატარებული ფორუმი იქნება, დიპლომატიური მისია იქნება ჩამოსული, ათეულობით დიპლომატიური მისია, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს, მათი დაცვის ღონისძიებები იქნება თუ სხვა ნებისმიერი ღონისძიება, ამ ობიექტების დასაცავად იყოს შეიარაღებული ულტრათანამედროვე ტექნიკით და ეს არის ელემენტარული და მარტივი, პრიმიტიულიც კი გადაწყვეტილება, როდესაც შენ ამის საშუალება გაქვს. საშუალებაში მხოლოდ მატერიალურს არ ვგულისხმობ", - თქვა მდინარაძემ.
დამატებით შეკითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. მთავრობისთვის დრონების გადაცემას, მდინარაძემ უპასუხა:
"ასეც რომ იყოს, მაინც ვერ გეტყოდით... აქ ჩემს ადგილას ვინმე გამოუცდელი რომ იდგეს, შეიძლება ისეთი პასუხი მიიღოთ, რომ დაღუპოთ ქვეყანა".
ასევე ნახეთ
დრონები ოკუპირებულ აფხაზეთში - გუნბამ და გაგლოევმა ვითარება სატელეფონო საუბარში განიხილესსაოკუპაციო ძალებისთვის დრონების გადაცემის პარალელურად, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ოთხი წლის განმავლობაში, ოკუპირებული აფხაზეთი რამდენჯერმე აღმოჩნდა საბრძოლო რისკის ზონაში, როცა დე ფაქტო რესპუბლიკაში უპილოტო საფრენი აპარატები შეფრინდა.