როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის ალან გაგლოევის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, მან ბადრა გუნბასთან ისაუბრა "უპილოტო საფრენი აპარატების მიერ რესპუბლიკის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ".
„გაგლოევი დაუკავშირდა თავის აფხაზ კოლეგას, რათა პირადად იყო დაინტერესებული ვითარებით. მან მხარდაჭერა გამოუცხადა აფხაზეთის ხელმძღვანელობას და ხალხს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ძმურ რესპუბლიკასა და მისი ხალხს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ოკუპირებულ აფხაზეთში განაცხადეს დრონების "მასირებული იერიშის შესახებ".
"თავდაცვის სამინისტრომ" დაადასტურა, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 30 დრონის აღმოჩენა, რომელთა უმეტესობა, დე ფაქტო უწყების მონაცემებით, ჩამოაგდეს.
„გუშინ (იგულისხმება 4 მარტი - რ.თ.) ჩვენ უპილოტო საფრენი აპარატების უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიანი გამოყენების შემთხვევას წავაწყდით. ადრეც დაგვიფიქსირებია ცალკეული გადაფრენა - 5-7 ერთეული, რომელთაგან ზოგი ჩამოაგდეს კიდეც, მაგრამ პანიკის თავიდან აცილების მიზნით, ეს ყველაფერი არ გაგვიხმაურებია", - თქვა ადგურ გუნბამ „საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის ძალების“ მეთაურმა.
"უშიშროების საბჭოს სხდომა"
5 მარტს სოხუმში "უშიშროების საბჭოს" მორიგი სხდომა გაიმართა. რომელზეც უპილოტო საფრენი აპარატების მიერ "აფხაზეთის საჰაერო სივრცის დარღვევის" საკითხი განიხილეს.
"უშიშროების საბჭოს" მდივნის, რაულ ლოლუას თქმით, "აფხაზეთის ლიდერმა ბადრა გუნბამ თავდაცვის სამინისტროსგან მოისმინა ანგარიში ბოლო ინციდენტების შესახებ. დაახლოებით 30-მა დრონმა დაარღვია რესპუბლიკის საჰაერო სივრცე, რომელთაგან 14-მა ხმელეთს მიაღწია, ხოლო დანარჩენი განეიტრალდა და ზღვაში ჩავარდა“.
ლოლუას თქმით, დრონების წარმომავლობის დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა; მათი ტიპისა და სამიზნეების შესასწავლად დამატებითი დრო იქნება საჭირო.
„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს: დრონები დარტყმებს არ ახორციელებდნენ რესპუბლიკის ტერიტორიაზე და წინასწარი მონაცემებით, ისინი რადიოელექტრონული საბრძოლ სისტემებით გაანეიტრალეს“, - განაცხადა ლოლუამ.
შეხვედრაზე განიხილეს მომავალში მსგავსი ინციდენტებისგან მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დაცვის ზომები. ლოლუამ ხალხი გააფრთხილა ჩამოგდებული დრონების ნარჩენების აღმოჩენის პოტენციური საფრთხეების შესახებ და მოუწოდა მათ, რომ აღმოჩენის შემთხვევაში აცნობონ, "ხელისუფლებას".
"ბოლო დროს ბევრი ქვეყანა აწყდება დრონებით თავდასხმებს და აფხაზეთიც არ აღმოჩნდა გამონაკლისი. ჩვენი ამოცანაა, მინიმუმამდე დავიყვანოთ ასეთი საფრთხეები. ჩვენი ყველა სამსახური, განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტრო, ასრულებს დაკისრებულ ამოცანებს“, - თქვა ლოლუამ.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ოთხი წლის განმავლობაში, ოკუპირებული აფხაზეთი რამდენჯერმე აღმოჩნდა საბრძოლო რისკის ზონაში.
კრემლმა საქართველოს ორი რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის 26 აგვისტოს გამოაცხადა. ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ აღიარა მხოლოდ 4-მა ქვეყანამ - ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ. ეს ნაბიჯი გადადგეს ვანუატუმ და ტუვალუმაც, მაგრამ მათ საბოლოოდ აღიარება უკან წაიღეს. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველო და მისი საერთაშორისო პარტნიორები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ.
ფორუმი