ევროკავშირის სასამართლომ დაადასტურა უფასო საიტებზე RT-ის პუბლიკაციების აკრძალვა

ლუქსემბურგში ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ Russia Today-ის (RT) კონტენტის ევროკავშირში გავრცელების აკრძალვა ასევე ეხება საზოგადოებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომ ვებსაიტებს. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც ხუთშაბათს, 2 ივლისს გამოქვეყნდა, აკრძალვისთვის არა აქვს მნიშნველობა, იღებს თუ არა ვებსაიტის მფლობელი მოგებას, როგორ აფინანსებს თავის საქმიანობას ან რამდენად ფართოდ და რამდენ ხანს გავრცელდა კონტენტი.

საქმის საბაბი იყო გერმანიაში სამი პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. მათ „არაერთხელ გამოაქვეყნეს RT Germany-ის ვიდეოები საჯაროდ ხელმისაწვდომ უფასო ვებსაიტზე“.

Deutsche Welle-ს თანახმად, თავდაპირველად ზაარბრიუკენის რეგიონულმა სასამართლომ, სადაც განიხილებოდა საქმე, ეჭვქვეშ დააყენა, ვრცელდებოდა თუ არა აკრძალვა ამ პირებზე, რადგან ისინი არაკომერციულ საიტზე აქვეყნებდნენ მასალებს. თუმცა, ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ კომერციული ელემენტი აკრძალვასთან არ იყო დაკავშირებული.

ევროკავშირში ოპერატორებისთვის რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის კონტენტის გავრცელების აკრძალვა დაწესდა „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის კონტექსტში“, განაცხადა ევროკავშირის სასამართლომ.

რაც შეეხება „ოპერატორის“ ცნებას, სასამართლომ განმარტა, რომ ის მოიცავს ყველა პირს, ვინც პირდაპირ ან პირადად არის პასუხისმგებელი აკრძალულ კონტენტზე წვდომის უზრუნველყოფისთვის.

ასევე ნახეთ

ფაშინიანის ყველა მხარდამჭერს რუსეთში შემოსვლა უნდა აეკრძალოს - მარგარიტა სიმონიანი