მოსკოვი, ნავთობის ბაზა სტავროპოლის მხარეში - რუსეთზე დრონებით შეტევა იყო

უკრაინის თავდაცვის ძალების უპილოტო საფრენი აპარატი(საილუსტრაციო ფოტო)

13 ივლისს უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს რუსეთზე, მათ შორის მოსკოვზე. მოსკოვის ოლქის ხელისუფლების თანახმად, არის მსხვერპლი. დარტყმის სამიზნეებს შორის იყო ნავთობის საცავი სტავროპოლის მხარეშიც.

რუსეთის სტავროპოლის მხარის გუბერნატორ ვლადიმირ ვლადიმიროვის ტელეგრამ-არხზე 13 ივლისს გამთენიისას გამოქვეყნებული ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა დასახლება ვიაზნიკიში მდებარე სამრეწველო ზონის ტერიტორიაზე. გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია, რომელი ობიექტი იწვის.

დამოუკიდებელი რუსული გამოცემის, ASTRA-ს ცნობით, დრონებით დარტყმა იყო ნავთობის ბაზაზე, რომელიც რკინიგზის მახლობლად მდებარეობს. მისგან 1,2 კილომეტრშია კიდევ ერთი ნავთობის ბაზა, რომელსაც უკრაინის ძალებმა 9 ივლისს დაარტყეს.

სტავროპოლის მხარე არ იყო ჩამონათვალში რუსეთის იმ ათზე მეტი რეგიონის, სადაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 12 ივლისის საღამოდან 13 ივლისის დილის რვა საათამდე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს" 342 უკრაინული დრონი.

ასევე ნახეთ

უკრაინის ოდესის ოლქზე რუსული დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო

აფეთქებები იყო მოსკოვის შემოგარენშიც. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ტელეგრამ-არხზე შუაღამიდან დილის ცხრა საათამდე გამოქვეყნებული მოკლე ცნობების მიხედვით, საერთო ჯამში მოიგერიეს მოსკოვისკენ მიმართული 50 დრონი და „ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილებში მუშაობენ საგანგებო სამსახურების სპეციალისტები“. სობიანინს არც კონკრეტული ადგილები დაუსახელებია და არც შედეგები.

ASTRA-ს ცნობით, ერთ-ერთი დრონი სახლს მოხვდა მოსკოვის ოლქის ქალაქ სოლნეჩნოგორსკში.

13 ივლისს დილით მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა დაადასტურა, რომ სოლნეჩნოგორსკში დაზიანებულია მრავალბინიანი სახლი, დაშავდა ორი ადამიანი. ვორობიოვის მიერ სოციალური ქსელებით გაავრცელებული ცნობით, სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა ისტრაში, სადაც ხანძარი გაუჩნდა ხუთ კერძო სახლს. გუბერნატორის თანახმად, საჰაერო თავდაცვამ მოსკოვის ოლქში 81 დრონი მოიგერია. რუსეთის ხელისუფლება, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.

13 ივლისს დილით რუსეთის კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინული დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენამ” ხანძარი გამოიწვია ტემრიუკის რაიონის ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე. შტაბს კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.

ტემრიუკის რაიონში მდებარეობს პორტი „კავკაზი", რომელიც ადრე არაერთხელ იყო უკრაინის სამიზნე. უკრაინული ტელეგრამ-არხების ცნობით, 13 ივლისსაც დრონებით შეტევა ამ პორტზე იყო.

ასევე ნახეთ

კრივოი-როგსა და ხერსონზე რუსეთის დარტყმებს ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
  • უკრაინის თავდაცვის ძალები ინტენსიურად უტევენ სამხედრო ობიექტებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ტერმინალებს და ტრანსპორტირების მარშრუტებს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში.
  • რუსეთის რეგიონების გასამართ სადგურებზე ბენზინის და დიზელის საწვავის გაყიდვა შეზღუდეს, ან შეწყვიტეს, ანექსირებულ ყირიმში კი სრული დეფიციტი შეიქმნა.

უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს არის სამართლიანი პასუხი უკრაინის ქალაქებსა და რაიონებზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია რუსეთის სახელმწიფო სისტემა დააზიანონ, ომის გაგრძელების შესაძლებლობები შეუზღუდონ და ომის შეწყვეტა აიძულონ.